Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
ხველა

ხველა

ხველა ადამიანის ჰაერგამტარი გზებისა და ფილტვების ბუნებრივი, დამცველობითი რეაქციაა. იგი სასუნთქი გზების სანათურიდან გამღიზიანებლის მოსაცილებლად წარმოქმნილი რეფლექსური აქტია. ხველის აღმოცენება დაკავშირებულია ცხვირში, ყურში, ხახის უკანა კედელში, ხახაში, ტრაქეაში, მსხვილ ბრონქებში, პლევრაში, საყლაპავში, დიაფრაგმასა და პერიკარდიუმში არსებული რეცეპტორების გაღიზიანებასთან. ამ რეცეპტორებიდან, აღმავალი ნერვების მეშვეობით, გაღიზიანების სიგნალი გადაეცამა თავის ტვინში არსებულ ხველის ცენტრს, რომელიც, მოსული იმპულსის საპასუხოდ, გულმკერდისა და მუცლის კუნთების მიმართულებით აგზავნის უეცარი შეკუმშვის გზით, ფილტვებიდან ჰაერის დიდი წნევითა და მაღალი სიჩქარით გამოდევნის ბრძანებას.

ხანგამოშვებითი ხველა ნორმალურია ჯანმრთელ პირებში. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ხველა გრძელდება კვირების განმავლობაში, ახლავს შეცვლილი ფერის ან სისხლიანი ნახველი, შესაძლოა, მიანიშნებდეს ჯანმრთელობის საყურადღებო პრობლემაზე.

ძლიერი, გახანგრძლივებული ხველა, თავის მხრივ, აღიზიანებს სასუნთქ გზებს და თავად იწვევს ხველის აღმოცენებას, რაც ერთგვარი მანკიერი წრის სახით გვევლინება. ძლიერი ხველა დაკავშირებულია ენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარებასთან, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განვითარდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, თავისტკივილი, შარდის შეუკავებლობა, ღებინება და ნეკნების მოტეხილობაც კი.

მიზეზები

როგორც აღვნიშნეთ, მაშინ, როცა იშვიათი წამოხველება შეიძლება ჯანმრთელ პირებში ნორმალურად ჩაითვალოს, მისი ხანგრძლივად არსებობა ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელია.

ხველა შეიძლება იყოს მწვავე, როცა მიმდინარეობს 3 კვირამდე ხანგრძლივობით, ქვემწვავე, როცა მიმდინარეობს 3-8 კვირის განმავლობაში და ქრონიკული, როცა მიმდინარეობს 8 კვირაზე მეტ ხანს.

მწვავე ხველის უხშირესი მიზეზებია: გაციება, გრიპი, გამღიზიანებლების (კვამლი, მტვერი, ქიმიური ნივთიერებები ან უცხო სხეული) შესუნთქვა, პნევმონია და ყივანახველა.

ქრონიკული ხველის უხშირესი მიზეზებია: ალერგიები, ბრონქული ასთმა, ბრონქიტები, გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, პოსტნაზალური წვეთის სინდრომი.

ასევე ხველის მიზეზები შეიძლება იყოს: მწვავე სინუსიტები (ნაზალური და სინუსური ინფექციები), ბროქნოექტაზია (ფილტვის ქრონიკული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ბრონქების არანორმალური გაფართოებით და ლორწოს დაგროვებით), ბრონქიოლიტი (განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში), უცხო სხეულის ასპირაცია (განსაკუთრებით ბავშვებში), ქრონიკული სინუსიტი, ფქოდი (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19), კრუპი (განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში), ცისტური ფიბროზი, ემფიზემა, გულის უკმარისობა, ლარინგიტი, ფილტვის კიბო, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება (კაპტოპრილი, ლიზინოპრილი, ბენაზეპრილი, ენალაპრილი), ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, რომელთა დროსაც ვერ ხდება სუნთქვისა და ყლაპვის კოორდინაცია, რის გამოც ადგილი აქვს ე.წ. „გადაცდენას“, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში), სარკოიდოზი (ანთებითი უჯრედების დაგროვება) და ტუბერკულოზი.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, როდესაც ხველა გრძელდება კვირების განმავლობაში ან თან ახლავს შემდეგი: სქელი, მომწვანო ნახველი, ხმაურიანი სუნთქვა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა, წონის კლება და ქვედა კიდურების (კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში) შეშუპება.

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თუ ხველას თან ახლავს მოხრჩობა და ღებინება, სუნთქვის გაძნელება ან ყლაპვის გაძნელება, სისხლი, ტკივილი გულმკერდის არეში.

ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება მიზანშეწონილია მწვავე ხველის დროს, როდესაც მას თან ახლავ დიდი დისკომფორტი, მოქმედებს ძილის ხარისხზე ან ასოცირებულია ზემოთხსენებულ თანხმლებ სიმპტომებთან. თუ იყენებთ ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებს, დარწმუნდით, რომ ამას აკეთებთ დოზისა და რეჟიმის ზუსტი დაცვით. აღნიშნული პრეპარატების უმრავლესობა ხსნის ხველისა და გაციების სიმპტომებს და არა მის გამომწვევ მიზეზებს. კვლევებმა აღნიშნული პრეპარატების უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ვერ დაადასტურა. ასევე, აღნიშნული პრეპარატების მიღებისას, გასათვალისწინებელია პოტენციური გვერდითი ეფექტები (მათ შორის ფატალური დოზის გადაჭარბება), განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მარტივი ხერხები ხველის შესამსუბუქებლად

ჩაწუწნეთ ხველის ტაბლეტები ან მყარი ტკბილეული- ისინი ამსუბუქებენ მშრალ ხველას და დადებითად მოქმედებენ გაღიზიანებულ ყელზე. გაითვალისწინეთ, რომ მისი მიცემა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული, რამეთუ დიდია ასპირაციის რისკი;

მიიღეთ თაფლი- 1 ჩაის კოვზი თაფლის მიღება დაგეხმარებათ ხველის შემსუბუქებაში. გაითვალისწინეთ, რომ თაფლის მიღება რეკომენდირებული არ არის 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის;

დაატენიანეთ ჰაერი- გამოიყენეთ სპეციალური ჰაერის დამატენიანებლები ან მიიღეთ ცხელი შხაპი;

მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე- სითხეები წმენდს და აწყნარებს ლორწოვანს. ცხელი სითხეები, მაგალითად, ჩაი, ლიმონის წვენი, ამშვიდებს ყელს.

თავი აარიდეთ სიგარეტის კვამლს- სიგარეტის აქტიური ან პასიური მწეველობა აუარესებს ხველას.

ხველასთან დაკავშირებით სრული, ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია როგორც ჩვეულებრივი მკითხველის, აგრეთვე,  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოქვეყნდება ახლო მომავალში. თვალი ადევნეთ ჩვენს სამედიცინო ბლოგს.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი