Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
სქესობრივად გადამდები ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ინფექციები უპირატესად სქესობრივი კონტაქტის გზით ვრცელდებიან. გამომწვევი მიკროორგანიზმი (ბაქტერიები, ვირუსები ან პარაზიტები) დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანს გადაეცემიან სისხლის, სპერმის, ვაგინალური სეკრეტის ან ორგანიზმის სხვა სითხეებიდან.

აღნიშნული ინფექციების გადაცემა ყოველთვის სქესობრივ კონტაქტთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ვრცელდება ორსულობისას დედიდან ნაყოფზე, ან მშობიარობისას, ასევე საზიარო ნემსების, პირადი მოხმარების საგნების გამოყენებითა და სისხლის გადასხმით.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ყოველთვის არ არის სიმპტომური, რა დროსაც ერთი შეხედვით ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელიც რომელიმე გამომწვევით არის ინფიცირებული, შეიძლება ისე გადასდოს სხვას ინფექცია, რომ არც კი იცოდეს ამის შესახებ.

სიმპტომები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ინფექციები გამოვლენის დიდი ვარიაბელურობით ხასიათდებიან, მაგრამ ასევე შესაძლოა, საერთოდაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდნენ.

მისი სიმტომებია: სასქესო ორგანოების, ანალურ ან პირის მიდამოში დაზიანებებისა და წყლულების გაჩენა, მტკივნეული და მწველი შარდვა, სასქესო ასოდან გამონადენი, არაბუნებრივი და სუნიანი ვაგინალური გამონადენი, არაბუნებრივი ვაგინალური სისხლდენა, ტკივილი სექსუალური აქტის დროს, მტკივნეული და გადიდებული ლიმფური კვანძები, უპირატესად, საზარდულის მიდამოში, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, ცხელება, გამონაყარი სხეულზე, ხელებსა და ფეხებზე.

სიმპტომები როგორც წესი, ვლინდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, თუმცა, შესაძლოა, წლების შემდეგაც გამოვლინდეს, ეს დამოკიდებულია ორგანიზმზე.

სიმპტომების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, თვალი ადევნეთ ჩვენს სამედიცინო ბლოგს

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

მიუხედავად იმისა ხართ თუ არა  სქესობრივად აქტიური, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნელივ მიმართეთ ექიმს.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იწყებთ სექსუალურ ცხოვრებას ან უკვე ხართ 21 წლის ან აპირებთ ურთიერთობის დაწყებას ახალ პარტნიორთან.

რა იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და ინფექციებს?

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ინფექციების გამომწვევია:

  • ბაქტერიები (გონორეა, ქლამიდია, სიფილისი)
  • ვირუსები (ადამიანის პაპილომავირუსი, გენიტალური ჰერპესი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი)
  • პარაზიტები (ტრიქომონიაზი)

სექსუალურ აქტივობა სხვა მრავალი ინფექციური დაავადების გავრცელებაშიც დიდ როლს თამაშობს, თუმცა მათი გავრცელება სხვა გზებითაც შესაძლებელია. მაგალითად A, B და C ჰეპატიტები, შიგელა და გიარდია.

რისკ ფაქტორები

ნებისმიერი პირი, რომელიც სქესობრივად აქტიურია, გარკვეულწილად, ყოველთვის იმყოფება სქესობრვი გზით გადამდები ინფექციებით დაინფიცირების რისკის ქვეშ. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ამ რისკს მეტად ზრდიან. ესენია:

  • დაუცველი სექსი. ვაგინალური ან ანალური სექსის დროს განსაკუთრებით მაღალია იმის რისკი, რომ ინფიცირებული პარტნიორი, რომელიც არ იყენებს ლატექსის კონდომს, დააინფიცირებს მეორე პირს. ინფიცირების რისკი ასევე მაღალია კონდომის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, რა დროსაც არ არის გათვალისწინებული მისი სწორი ხმარების წესი. ორალური სექსი, ამ შემთხვევაში ნაკლები რისკის შემცველია, თუმცა გადაცემა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუ კონდომისა და დენტალური ბარიერის (თხელი, ოთხკუთხედი რეზინის ნაჭერი, რომელიც დამზადებულია ლატექსისგან ან სილიკონისგან) გამოყენების გარეშე;
  • მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა. რაც უფრო მეტია პარტნიორების რაოდენობა, მით უფრო მაღალია ინფიცირების რისკი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ისტორია. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის არსებობა თავად ზრდის სხვა მსგავსი ინფექციით ინფიცირების რისკს;
  • ძალადობა და გაუპატიურება. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებას, რთული, მაგრამ აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი სკრინინგის, მკურნალობსა და ემოციური მხარდაჭერის მისაღებად;
  • ალკოჰოლისა და რეკრეაციული ნარკოტიკის არასწორი გამოყენება. მსგავსი ნივთიერებების გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს კრიტიკისა და განსჯის უნარის დაქვეითება, ასევე რისკიან ქმედებებში მონაწილეობის მიღების დაუძლეველი სურვილი;
  • საინექციო ნარკოტიკების გამოყენება. საერთო ნემსების ხმარება მრავალი სერიოზული დაავადების გავრცელების ხელშემწყობია, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, B და C ჰეპატიტის;
  • ახალგაზრდა ასაკი. სქესობრივად გადამდები ინფექციების დაახლოებით ნახევარი გვხვდება 15-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში;
  • ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატები. ის მამაკაცები, რომლებიც ექიმებს მიმართავენ ისეთი წამლების გამოსაწერად, როგორებიცაა სილდენაფილი (ვიაგრა), ტადალაფილი (ადსირკა) და ვარდენაფილი (ლევიტრა) იმყოფებიან აღნიშნული ინფექციების განსაკუთრებული რისკის ქვეშ და, მნიშვნელოვანია, ბარიერული საშუალებების სწორი გამოყენება.

დედიდან ჩვილზე გადაცემა

სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი ინფექცია, მაგალითად, გონორეა, ქლამიდია, აივ და სიფილისი შესაძლოა გადაეცეს ორულობისას დედიდან ნაყოფს ან მშობიარობისას ბავშვს. აღნიშნული ინფექციები ახლაშობილებში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევენ და დიდია სიკვდილის რისკიც. ყველა ორსული ექვემდებარება ამ ინფექციების მიმართ სკრინინგს.

გართულებები

იქიდან გამომდინარე, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ინფექციების მქონე პირებში სიმპტომები ან ძალიან გვიან შეიძლება გამოვლინდეს ან საერთოდ არ გამოვლინდეს, მნიშვნელოვანია გართულებების პრევენცია.

შესაძლო გართულებებია:

  • მენჯის ტკივილი;
  • ორსულობის გართულებები;
  • თვალის ანთებითი პროცესები;
  • ართრიტი;
  • მენჯის ანთებითი დაავადება;
  • უნაყოფობა;
  • გულის დაავადებები;
  • ზოგიერთი სიმსივნე, მაგალითად ადამიანის პაპილომა ვირუსთან ასოცირებული ცერვიკალური და რექტალური სიმსივნეები.

პრევენცია

სქესობრივად გადამდები დაავადების თავიდან ასაცილებლად ან რისკის შესამცირებლად რამდენიმე გზა არსებობს. ესენია:

  • აღკვეთა. ბუნებრივია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზა, სქესობრივი აქტივობის აღკვეთაა, თუმცა რთულად განსახორციელებელი. აღნიშნული წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ ხანდაზმულებში ინფიცირება ფაქტობრივად არ გვხვდება.
  • ერთი არაინფიცირებული პარტნიორის ყოლა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა არაინფიცირებულ პარტნიორთან მონოგამიურ ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა.
  • მოთმენა და ტესტირება. ეფექტური საპრევენციო ღონისძიებაა ახალ პარტნიორთან სქესობრივ კავშირამდე ორივე პარტნიორის ტესტირება. ორალური სექსი ნაკლები რისკის შემცველია, თუმცა კონდომისა და დენტალური ბარიერის გამოყენება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა
  • ვაქცინაცია. სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩატარებული ვაქცინაცია, სქესობრივად გადამდები ზოგიერთი ინფექციის პრევენციის საკმაოდ კარგი საშუალებაა. დღეს-დღეობით, ხელმისავდომია ადამიანის პაპილომავირუსის, A ჰეპატიტისა და B ჰეპატიტის ვაქცინების. გოგონებისა და ბიჭების HPV ვაქცინით აცრა რეკომენდირებულია 11 და 12 წლის ასაკში. თუ ამ ასაკში არ მოხდა სრულად ვაქცინაცია, რეკომენდირებულია 26 წლის ასაკში ვაქცინაცია. B ჰეპატიტის ვაქცინა, როგორც წესი, ახალშობილებს უტარდებათ სამშობიაროშივე, ხოლო A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია 1 წლის ასაკისთვის. ორივე ვაქცინა რეკომენდირებულია ასევე მათთვის, ვინც არ არის იმუნიზირებული და გააჩნია ინფიცირების მაღალი რისკი, მაგალითად მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან ან მოიხმარენ ინტრავენურ ნარკოტიკებს.
  • კონდომებისა და დენტალური ბარიერების სწორი გამოყენება. აღნიშნული ბარიერული საშუალებების წესისამებრ, ერთჯერადად გამოყენება ვაგინალური, ორალური და ანალური სექსის დროს. ლატექსის კონდომებთან და დენტალურ ბარიერებთან ერთად დაუშვებელია ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტების გამოყენება. ბუნებრივი მემბრანებით დამზადებული კონდომების გამოყენება არ არის რეკომენდირებული სგგ ინფექციების პრევენციისთვის აღსანიშნავია, რომ ბარიერული კონტრაცეპციული საშუალებები ამცირებენ როგორც ინფექციების გავრცელების რისკს, ასევე ამცირებენ არასასურველი ორსულობის რისკსაც. არაბარიერული კონტრაცეპციული საშუალებები, როგორებიცაა, ორალური კონტრაცეპტივები, არ აქვეითებენ სგგ ინფექციების გავრცელების რისკს.
  • ალკოჰოლისა და რეკრეაციული ნარკოტიკების ზომიერი გამოყენება. სხვადასხვა ნივთიერებებით გამოწვეული თრობა ზრდის არასასურველი სექსუალური აქტის და, შესაბამისად, ინფიცირების რისკს.
  • კომუნიკაცია. ნებისმიერ სქესობრივ კონტაქტამდე პარტნიორთან აქტიური კომუნიკაცია და საუბარი უსაფრთხო სექსის შესახებ, ამცირებს ინფიცირების რისკებს.
  • მამაკაცების წინდაცვეთა. კვლევებითაა დადასტურებული, რომ წინდაცვეთა ამცირებს მამაკაცების ინფიცირებას აივ-ით ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კონტაქტის დროს, დაახლოებით, 60%-ით. ასევე, წინდაცვეთა ამცირებს გენიტალური ჰერპესითა და გენიტალური ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირების რისკს.
  • პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპ). ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ აივ-ით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე არაინფიცირებული პირების მიერ გამოსაყენებლად დაუშვა ემტრიციტაბინისა და ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის (ტრუვადა) და ემტრიციტაბინისა და ტენოფოვირ ალაფენამიდის (დესკოვი) კომბინაციები. ამ პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მოხლოდ არაინფიცირებულ პირებში, შესაბამისად, აივ ტესტირების ჩატარება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების დაწყებიდან ყოველ სამ თვეში ერთხელ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ტრუვადას გამოყენებისას შემოწმდეს თირკმლების ფუნქცია ყოველ ექვს თვეში ერთხელ. B ჰეპატიტის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული წამლების გამოყენებამდე, აუცილებელია ინფექციონისტთან ან ჰეპატოლოგთან კონსულტაცია. ამ წამლების გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღიურად დანიშნულებისამებრ. ტრუვადას ყოველდღიური, წესისამებრ მიღება აივ-ით ინფიცირების რისკს ამცირებს 90%-ზე მეტით. რისკს კიდევ უფრო მეტად ამცირებს კომბინაციაში კონდომების გამოყენება.
  • პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა (პეპ). პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა გულისხმობს ანტირეტროვირუსული პრეპარატებით მკურნალობის მოკლეხნიან კურსს, რომელიც იწყება საეჭვო კონტაქტიდან, მაქსიმუმ, 72 საათის (3დღე) განმავლობაში და გრძელდება 28 დღე. პროფილაქტიკის აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში და არ ანაცვლებს თავდაცვის სხვა საშუალებებს.

დიაგნოზი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სექსუალური ისტორია ან ნიშნები და სიმპტომები ეჭვს ბადებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ინფექციების არსებობაზე, ტარდება ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც ახდენენ როგორც გამომწვევის, ასევე თანდართული ინფექციების დეტექციას.

  • სისხლის ტესტები. სისხლის ტესტებს შეუძლიათ გამოავლინონ აივ ინფექცია ან სიფილისის გვიანი სტადია;
  • შარდის ანალიზი. სქესობრივად გადამდები ზოგიერთი ინფექცია, შესაძლოა დადასტურდეს შარდის ანალიზით;
  • გამონადენის ანალიზი. ღია გენიტალური დაზიანებებიდან აღებული ნიმუშით შესაძლოა დადგინდეს გამომწვევი.

სკრინინგი

იმ პირების ტესტირება დაავადებებზე, როდესაც სიმპტომები გამოვლენილი არ არის, ეწოდება სკრინინგი. როგორც წესი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგი ჯანდაცვის რუტინაში არ შედის, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც:

  • ყველა. ნებისმიერი ადამინი 13 დან 64 წლამდე უნდა იქნას გამოკვლეული აივ-ინფექციაზე, რისთვისაც გამოიყენება ნერწყვი ან სისხლი. აღნიშნული ვირუსი იწვევს შეძენილ იმუნოდეფიციტის ვირუსს. ექსპერტების რეკომენდაციით, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების ტესტირება უნდა მოხდეს, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ.
  • ყველა ვინც დაბადებულია 1945-1965 წლებში. ამ ასაკის პოპულაციაში განსაკუთრებით მაღალია C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ვირუსი იწვევს დაავადებას, რომლის სიმპტომებიც არ გამოვლინდება იქამდე, სანამ ღვიძლი სერიოზულად არ დაზიანდება. დღეს C ჰეპატიტის ვირუსი განკურნებადია და ქვეყანაში მოქმედებს ელიმინაციის პროგრამა, რაც გულისხმობს მკურნალობის უფასო კურსის ჩატარებას.
  • ორსულები. ყველა ორსული უნდა შემოწმდეს განსაკუთრებით აივ ინფექციაზე, B ჰეპატიტზე, ქლამიდიასა და სიფილისზე პირველი პრენატალური ვიზიტის დროს. გონორეასა და C ჰეპატიტზე რეკომენდირებულია მაღალი რისკის ორსულთა მინიმუმ ერთხელ შემოწმება.
  • 21 წლისა და უფროსი ასაკის ქალები. პაპ ტესტით ხდება საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა დაზიანების გამოვლენა, მაგალითად ანთებითი პროცესების, სიმსივნის წინარე მდგომარეობების, რომლებიც უპირატესად გამოწვეულია მაღალი რისკის მქონე ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიპებისგან. ექსპერტების რეკომენდაციით, 21 წლიდან ყველა ქალი ექვემდებარება პაპ ტესტის ჩატარებას სამ წელიწადში ერთხელ. სკრინინგის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულს.
  • 25 წელზე უმცროსი ასაკის სექსუალურად აქტიური ქალები. ექსპერტების რეკომენდაციით, 25 წელზე უმცროსი ასაკის სექსუალურად აქტიური ყველა ქალი უნდა მოწმდებოდეს ქლამიდიურ ინფექციაზე. ქლამიდიის ტესტისთვის გამოიყენება შარდი ან ვაგინალური სეკრეტი, რომლის აღებაც პაციენტს თავადაც შეუძლია. აგრეთვე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მკურნალობიდან სამი თვის შემდეგაც რეკომენდირებულია განმეორებითი ტესტის გაკეთება, რამეთუ ხშირია რეინფექცია იგივე არანამკურნალები პარტნიორისგან. ქალმიდიით დაინფიცირება შესაძლებელია მრავალჯერადად, ამიტომ ყოველ ახალ პარტნიორთან ურთიერთობის დაწყებისას საჭიროა ანალიზის გაკეთება. გონორეაზე სკრინინგული ტესტირებაც რეკომენდირებულია 25 წლამდე ასაკის სქესობრივად აქტიურ  ქალებში.
  • მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან. ყველა სხვა ჯგუფისგან განსხვავებით, ამ ჯგუფში შემავალი პირები იმყოფებიან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის ჯგუფები გასცემენ რეკომენდაციას მაღალი რისკის ჯგუფის პირების მინიმუმ წელიწადში ერთხელ შემოწმების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აივ ინფექციაზე, სიფილისზე, ქლამიდიასა და გონორეაზე რეგულარური შემოწმება. აგრეთვე რეკომენდირებულია B ჰეპატიტზე შემოწმება.
  • აივ ინფიცირებულები. აივ ინფიცირებულები იმყოფებიან სხვა ინფექციებით ინფიცირების განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ, ამიტომ, რეკომენდირებულია აივ ინფექციის დადასტურებისთანავე მოხდეს შემოწმება სიფილისზე, გონორეაზე, ქლამიდიასა და ჰერპესზე. ასევე მნიშვნელოვანია C ჰეპატიტზე ტესტირება. აივ ინფიცირებულ ქალებში შესაძლოა ძალიან სწრაფად და აგრესიულად განვითარდეს საშვილოსნოს ყელის კიბო. შესაბამისად, რეკომენდირებულია აივ ინფექციის დადასტურებიდან ერთი წლის განმავლობაში პაპ ტესტის გაკეთება და შემდეგ განმეორება ექვსი თვის შემდეგ.
  • პირები, რომელთაც ჰყავთ ახალი პარტნიორი. იქამდე, სანამ გექნებათ სქესობრივი კავშირი ახალ პარტნიორთან, დარწმუნდით, რომ ორივე ხართ ტესტირებული სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. თუმცა გენიტალურ ჰერპესზე რუტინული ტესტირება არაა რეკომენდირებული თუ სიმპტომები არ ვლინდება.

მკურნალობა

სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული დაავადებები და ინფექციები სამკურნალოდ უფრო მარტივია. ვირუსული ინფექციები ექვემდებარება მართვას, მაგრამ მათგან განკურნება ყოველთვის ვერ ხდება. ორსულობის დროს დადასტურებული სქესობრივად გადამდები ინფექციის მკურნალობას შეუძლია ნაყოფის ინფიცირების თავიდან აცილება ან რისკის შემცირება. იმის მიხედვით, თუ რა არის გამომწვევი, მკურნალობის მეთოდი შემდეგია:

  • ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკებს, თანაც, ხშირად, მხოლოდ ერთ დოზას, შეუძლია სქესობრივად გადამდები ზოგიერთი ბაქტერიული და პარაზიტული გამომწვევისგან ორგანიზმის გათავისუფლება, მაგალითად, გონორეა, ქლამიდია, სიფილისი, ტრიქომონიაზი. როგორც წესი გონორეასა და ქლამიდიაზე მკურნალობა ერთდროულად ხდება, რადგან ეს ორი გამომწვევი ხშირად ერთად გვხვდება. ანტიბიოტიკოთერაპია მოითხოვს დანიშნული რეჟიმის ზედმიწევნით დაცვას. დამატებით, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პერიოდში აღიკვეთოს სქესობრივი კავშირი. ასევე ქალებს მკურნალობიდან სამი თვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ განმეორებითი ტესტირება.
  • ანტივირუსული პრეპარატები. ჰერპესისა და აივ ინფექციის შემთხვევაში, მკურნალობა ხდება ანტივირუსული მედიკამენტებით. ანტიჰერპესული პრეპრატების ყოველდღიური მიღება ამცირებს სიმპტომების გამოვლენას და გადადების რისკს, თუმცა არ დაჰყავს 0-მდე. ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მუდმივი მკურნალობაა საჭირო აივ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და რეჟიმები უზრუნველყოფენ დაავადების წარმატებულ მართვას და ვირუსების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას, რა დროსაც სხვისი დაინფიცირების რისკიც მინიმალურია. აივ ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყება წარმატებული მართვისთვის გადამწყვეტია.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი