Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
ვიტამინი b9

ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავა – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე

ვიტამინი B9 – ფოლიუმის (ფტერიოგლუტამინის) მჟავა ყვითელი, კრისტალური, წყალში ხსნადი ნივთირიებაა. იგი დედა შენაერთია ბუნებრივი ფოლატების ანუ ნივთიერებათა იმ ჯგუფისა, რომლებიც: 1) ნაწილობრივ ან მთლიანად რედუცირდებიან დიჰიდროფოლატის (DHF) ან ტეტრაჰიდროფოლატის (THF) დერივატებამდე; 2)როგორც წესი შეიცავენ ნახშირბადის ერთ ჯგუფს და 3) ბუნებრივი ფოლატების  70-90% წარმოდგენილია ფოლატ-პოლიგლუტამატის სახით.

ფოლიუმის მჟავა მრავალ საკვებ პროდუქტში შედის. მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ღვიძლი, საფუარი, ისპანახი, სხვა მწვანე პროდუქტები და თხილეული. მათში ფოლატის შემცველობა ყოველ 100 გრამში 100 მიკროგრამზე მეტია. დასავლეთის ქვეყნების კვების რაციონში ფოლიმუს მჟავის (ფოლატის) საშუალო შემცველობა დაახლოებით 250 მიკროგრამია დღიურად, თუმცა მისი რაოდენობა მეტწილად დამოკიდებულია საკვების პროდუქტის სახეობასა და მომზადების მეთოდზე. ფოლატი ძალიან ადვილად იშლება მაღალი ტემპერატურის მოქმედებით, განსაკუთრებით, თუ დიდი რაოდენობის წყალში იხარშება პროდუქტი. ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანში ფოლიუმის მჟავას საერთო რაოდენობა დაახლოებით 10 მილიგრამს აღწევს. მისი ძირითადი რაოდენობა ღვიძლშია, რომელიც მის ყველაზე დიდი „საწყობს“ წარმოადგენს. ფოლიუმის მჟავაზე ადამიანის დღიური მოთხოვნილება, დაახლოებით, 100 მიკროგრამია, ამის გამო, თუ საკვებიდან საკმარისი რაოდენობით მისი მიღება ვერ მოხდა, ორგანიზმი დაახლოებით, 3-4 თვეში ამოწურავს მარაგს და სწრაფად განვითარდება დეფიციტი.

შეწოვა

ფოლატების შეწოვა ძალიან სწრაფად ხდება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილებიდან. მისი ფორმებიდან, ყველაზე კარგად შეიწოვება მონოგლუტამატები, ნაკლებად პოლიგლუტამატები. მიღებულ საკვებში შემავალი ფოლიუმის მჟავას დაახლოებით 50% შეიწოვება. ფოლიუმის მჟავას პოლიგლუტამატური ფორმები ნაწლავის ღრუში ჰიდროლიზდებიან და წარმოიქმნება მონოგლუტამატები. იქამდე, სანამ საკვებში შემავალი ფოლატები სისხლის მიმოქცევაში გადავლენ, ხდება მათი გარდაქმნა 5-მეთილ ტეტრაჰიდროფოლატად. მონოგლუტამატების შეწოვა ნაწლავის უჯრედების მიერ ხორცილედება სპეციალური პროტონთან შეუღლებული ფოლატის ტრანსპორტერის მეშვეობით. ამ ტრანსპორტერის აქტივობა ყველაზე მაღალია, როდესაც pH არის 5.5. pH- ის ეს მაჩვენებელი ყველაზე მეტად შეესაბამება თორმეტგოჯასა და მლივ ნაწლავში არსებულ მჟავიანობას, შესაბამისად ფოლატები ნაწლავთა ამ განყოფილებებში ყველაზე უკეთ შეიწოვებიან. გენეტიკური მუტაციებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ ტრანსპორტერი ცილის სინთეზსა და აქტივობაზე, იწვევენ ფოლატების შეწოვის მემკვიდრულ დარღვევებს. პტეროიგლუტამინის მჟავა, მიღებული 400 მიკროგრამზე მეტი დოზით, უმეტესად შეუცვლელი ფორმით შეიწოვება სისხლში და შემდგომ ღვიძლში გარდაიქმნება ბუნებრივ ფოლატებად. ხოლო მცირე დოზებით მიღებისას, ნაწლავშივე ხდება მისი გარდაქმნა 5-მეთილ ტეტრაჰიდროფოლატად და შემდგომში შეწოვა.

დღეში დაახლოებით 60-90 მიკროგრამი გადადის ნაღველში და გამოიყოფა წვრილ ნაწლავში რაც კიდევ უფრო აჩქარებს მისი მარაგების ამოწურვას და დეფიციტის განვითარებას.

ტრანსპორტირება

მას შემდეგ რაც ფოლატი შეიწოვება ნაწლავიდან და გადავა სისხლში, ხდება მისი ტრანპორტირება. შეწოვილის დაახლოებით მესამედი სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილა ალბუმინს, ხოლო დანარჩენი ორი მესამედი შეუკავშირებელი ფორმით რჩება. ორგანიზმის ყველა სითხეში (პლაზმაში, თავზურგტვინის სითხეში რძესა და ნაღველში) ფოლიუმის მჟავა თუ მთლიანად არა, ძალიან დიდი წილით 5-მეთილ ტეტრაჰიდროფოლატის ფორმითაა. ფოლიუმის შემაკავშირებელი სამი ცილაა გამოვლენილი. ფოლიუმის მჟავას უჯრედებში ტრანსპორტირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცილაა რედუცირებული ფოლატ ტრანსპორტერი (1), რომელიც გარდა ფოლიუმის მჟავისა, მონაწილეობს პრეპარატ მეთოტრექსატის ტრანსპორტირებაშიც. უჯრედებში ფოლიუმის მჟავის შესვლა რეცეპტორდამოკიდებული ენდოციტოზის გზით ხდება. ამ პროცესში მონაწილეობენ უჯრედების ზედაპირზე განლაგებული რეცეპტორები (FR2 და FR3)(2); ტრანსპორტში მონაწილე მესამე ცილაა PCFT(3), რომელიც დაბალი pH-ის პირობებში ახდენს ფოლიუმის მჟავის ტრანპორტირებას ვეზიკულებიდან უჯრედის ციტოპლაზმაში.

ბიოქიმიური ფუნქციები

ფოლატები წარმოადგენენენ კოენზიმებს, რომლებიც ახორციელებენ ნახშირბადის ჯგუფის გადატანის რეაქციას. ამ რეაქციათაგან ორი ჩართულია პურინების სინთეზში, ხოლო ერთი პირიმიდინის სინთეზში. ეს რეაქციები აუცილებელია დნმ-სა და რნმ-ის რეპლიკაციისათვის. ფოლატები ასევე მონაწილეობენ მეთიონინის სინთეზურ რეაქციებში. მეთიონინი, რომელიც ამ რეაქციების დროს წარმოიქმნება, შემდგომში გარდაიქმნება S-ადენოზილმეთიონინად, რომელიც წარმოადგენს მეთილის უგუფის უნივერსალურ დონორს 100-ზე მეტი მეთილტრანსფერაზულ რეაქციაში.

თიმიდილატის სინთეზის განმავლობაში, 5,10-მეთილენ-ტეტრაჰიდროფოლატი განიცდის ოქსიდაციას და წარმოიქმნება დიჰიდროფოლატი (DHF). შემდგომში, ფერმენტი დიჰიდროფოლატ რედუქტაზა დიჰიდროფოლატს გარდაქმნის ტეტრაჰიდროფოლატად. სწორედ ამ გზის დაღვევა წარმოადგენს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედების მექანიზმს. მაგალითად, მეთოტრექსატი, პირიმეთამინი, ტრიმეტოპრიმი (უპირატესად ბაქტერიებში) ბლოკავენ ფერმენტ დიჰიდროფოლატ რედუქტაზას.

დეფიციტი

ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში ადგილი აქვს მაკროციტული ანემიის განვითარებას, რომლის დიაგნოსტირებაც ხდება პერიფერიული სისხლის რუტინული გამოკვლევისას. ასევე აღსანიშნავია მადის დაქვეითება, წონაში კლება, დიარეა ან შეკრულობა, გლოსიტი, ანგულარული ქეილოზი, მსუბუქად გამოხატული ცხელება. მნიშვნელოვანი დეფიციტის პირობებში, შეიძლება გამოვლინდეს სიყვითლე (არაპირდაპირი ბილირუბინის მომატების ხარჯზე) და კანის შექცევადი ჰიპერპიგმენტაცია. საყურადღებოა, რომ პაციენტებში, შესაძლოა, განვითარდეს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) და ამის გამო – სისხლჩაქცევები. აღნიშნული შეიძლება უფრო დამძიმდეს C ვიტამინის დეფიციტის ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მიღებისას. იმის გამო, რომ ფოლიუმის მჟავა უმნიშვნელოვანესია სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის, დეფიციტს თან ახლავს მათი წარმოქმნის შემცირება და უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, ამის გამო ვლინდება ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სისხლის უჯრედების რაოდენობის ასეთ ზოგად დაქვეითებას პანციტოპენია ეწოდება. ამას შეიძლება თან ახლდეს ინფექციების განვითარება, განსაკუთრებით სასუნთქ და საშარდე სისტემაში.

დიაგნოზი

ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავა პლაზმაში- ფოლიუმის მჟავის განსასაზღვრად გამოიყენება პერიფერიული სისხლი, სადაც ELISA ტექნიკით ისაზღვრება ვიტამინის კონცენტრაცია. ფოლიუმის მჟავის ნორმალური კონცენტრაციაა 11 ნანომოლ/ლიტრიდან (2 მიკროგრამი/ლიტრში) დაახლოებით, 82 ნანომოლ/ლიტრამდე (15 მიკროგრამი/ლიტრში). ფოლიუმის მჟავას პლაზმური კონცენტრაცია დაქვეითებულია ფოიუმდეფიციტურ ყველა პაციენტში.

ფოლიუმის მჟვა ერითროციტებში- ერითროციტული ფოლიუმის მჟავას განსაზღვრა საკმაოდ ღირებული კვლევაა, რომლითაც ისაზღვრება ფოლიუმის მჟავის მარაგი. მისი ცვლილებები პლაზმურთან შედარებით ნაკლებად მოსალოდნელია. ჯანმრთელ ზრდასრულებში ნორმალური კონცენტრაცია მერყეობს 880 დან 3520 მიკრომო/ლიტრამდე (160-640 მიკროგრამი/ლიტრში).

მკურნალობა

ფაქტობრივად, ყველა პაციენტში, რომელსაც აღენიშნება ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ვიტამინის დანამატის სახით დღიურად 5-15 მილიგრამის მიღება სრულიად საკმარისია. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, თუმცა, ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით 4 თვის განმავლობაში, იქამდე, სანამ სისხლში არ გაქრება ფოლატდეფიციტური ერითროციტები და მათ ადგილს არ დაიკავებს ჯანმრთელი ფუნქციური უჯრედები.

ფოლიუმის მჟავის დიდი დოზებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს კობალამინის დეფიციტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერიფერიული ნეიროპათია, შესაძლოა გაგრძელდეს. ფოლიუმის მჟავის მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიზანშეწონილია იმ პაციენტებში, რომლებსაც გარკვეული მდგომარეობების გამო მუდმივად აღენიშებათ ფოლიუმის ნაკლებობა, მაგალითად დიალიზზე მყოფი პაციენტები.

პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ფოლიუმის მჟავას, მიზანშეწონილია კობალამინის დონის პერიოდული კონტროლი (წელიწადში ერთხელ).

ფოლიუმის მჟავის პროფილაქტიკური მიღება მიზანშეწონილია ქრონიკულ დიალიზსა და პარენტერალურ კვებაზე მყოფი პაციენტებისთვის, იმის გამო, რომ შემცირდეს ჰომოცისტეინის დონე და არ გაიზარდოს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკი.

თუ გაინტერესებთ რა გავლენას ახდენს ფოლიუმის მჟავა ორსულებზე და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, ეწვიეთ ამ გვერდს: ფოლიუმის მჟავა და ორსულობა

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი