Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ალერგია md.ge

ალერგია – სიმპტომები და მკურნალობა – პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვებზე

ალერგია – სიმპტომები და მკურნალობა – გაზაფხულის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება და მაშინ როცა ბევრი ადამიანისთვის წელიწადის ეს დრო სითბოსა და სიხალისესთან ასოცირდება, ბევრისთვის ეს პერიოდი სხვადასხვა დაავადებების გამწვავებასთანაა დაკავშირებული, ყველაზე ხშირი პრობლემა კი ალერგიაა.

ალერგია პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს (საქართველოში – დაახლოებით 40%-ს) და ამ პრობლემის გავრცელების არეალი თუ სიხშირე, შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად იზრდება.

რა არის ალერგია?

ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია უცხო ნივთიერებებზე, მაგალითად ისეთზე რომელიც ჩვეულებრივ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ალერგია ხშირ შემთხვევაში განპირობებულია გენეტიკურად, ამ დროს ადამიანის ორგანიზმი რაღაც ტიპის ალერგენებზე რეაგირებს ისე, როგორც არ რეაგირებს არაალერგიული, ანუ ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა.

ალერგენები მსოფლიოში ძალიან ბევრია და ისინი – საყოფაცხოვრებო, კვებით თუ გარემოში არსებულ სხვადასხვა ალერგენებად იყოფა. იქნება ეს – მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი თუ საკვები.

არაალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა ალერგეთან შეხებისას აანალიზებს, რომ საფრთხე არ არსებობს. ხოლო ალერგიის შემთხვევაში ალერგენი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად აღიქმება და მასთან გამკლავება ისეთი რეაქციებით ხდება როგორიცაა – ცხელება, ცემინება, გამონაყარი თუ სხვა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აეროალერგენებია, მათ შორის ყველაზე ხშირია ოთახის მტვერი. ძალიან ბევრი დაავადება, (ასთმისა და რინიტის 60%) ოთახის მტვრის მიკროსკოპული არსებებით არის გამოწვეული.

აეროალერგენები, ანუ სუნთქვითი სისტემის ალერგენების მეორე ტიპს მიეკუთვნება – მცენარის მტვრის მარცვლის ალერგია. ყველაზე მეტი სიმწვანე გაზაფხულზე გხვდება, ამიტომ ალერგიის ეს ტიპი ამ ულამაზეს სეზონთანაა დაკავშირებული.

თითქოს სრულიად უვნებელ მცენარის მტვრის მარცვალს ორგანიზმი უბრალოდ არ იღებს. როდესაც ადამიანს აქვს ალერგიული განწყობა ალერგენზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. გამომდინარე იქიდან, ჰაერში რომელი მტვრის მარცვლის კონცენტრაციაა მეტი – ადამიანის რეაქციაც შესაბამისია. მაგალითად, თებერვალში, მარტში, აპრილში და მაისში ჰაერში არის ხის ყვავილის მტვერი, ეს არის ჭადარი, ალვის ხე, თხილი და ა.შ.

ივნისში ყვავილობას იწყებს შვრია, ჭვავი, სიმინდი და ადამიანებს ალერგია მათი მტვრისგან ეწყებათ. შემდეგია აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის შუა პერიოდი, როდესაც ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ალერგენი ამბროზიის ყვავილი, მრავალძარღვა, ბაბუაწვერა და ა.შ. აღნიშნულ მცენარეებზე ალერგიის მქონე ადამიანებს შესაბამისი სიმპტომატიკა ეწყებათ.

ალერგიული დაავადებები ორ ძირითადად ჯგუფად იყოფა:

  • სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები. მაგ. ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი და სხვა;
  • კანის ალერგიული დაავადებები, მაგალითად სხვადასხვა ფორმის ალერგიული დერმატიტები და ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

როგორია ისტორია..

ტერმინი “ალერგია” პირველად ავსტრიელმა პედიატრმა, კლემენს ფონ პირკემ 1911 წელს გამოიყენა. მაშინ სპეციალისტმა ამ ტერმინით აღწერა მედიკამენტის მიმართ განვითარებული უჩვეულო რეაქცია, რომელიც კანზე გამონაყარის გაჩენითა და ქავილით იყო გამოხატული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობა შემონახულია ეგვიპტურ პაპირუსებშიც, სადაც დეტალურადაა აღწერილი კრაზანის კბენის შემდეგ განვითარებული ალერგიული შოკი.

როდესაც კლემენსმა ალერგიის ცნება შემოიღო, ეს პათოლოგია დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. 21-ე საუკუნეში კი სხვადასხვა ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ მოსახლეობის მთლიან პოპულაციაში 30%-ს გადააჭარბა. ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყნებში.

რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკა?

ალერგიულ დაავადებათა განვითარებაში გენეტიკურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მდგომარეობა ძირითადად 20 წლამდე ასაკში ვლინდება, თუმცა შეიძლება სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდში იჩინოს თავი. ალერგიული დაავადებების განვითარების საფუძველი ადამიანის იმუნური სისტემის არასწორი ფუნქციონირებაა, მაგრამ ეს არ არის იმუნოდეფიციტი. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით რომ ეს არის – გაძლიერებული იმუნური რეაქცია ზოგიერთ ორგანულ ან არაორგანულ ნივთიერებაზე, ე.წ. ”ალერგენზე”.

ხშირად, ალერგიული პროცესის განვითარების საფუძველი არის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ცილა – Ig (იმუნოგლობულინი). ეს ფაქტორი დაფიქსირებულია სპეციფიკური უჯრედების – მასტოციტების ზედაპირზე. მასტოციტები განლაგებულია ლორწოვან გარსებსა და კანქვეშ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა მაგალითად ჰისტამინი.

როცა ორგანიზმში შეიჭრება ნივთიერება, რომლის მიმართაც მას გაძლიერებული მგრძნობელობა გააჩნია, ეს ნივთიერება უერთდება მასტოციტებზე დაფიქსირებულ Iგ-ს, რაც მასტოციტების დაშლას და ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების გადასვლას იწვევს. ამის შედეგად ძლიერდება ბრონქების სპაზმი და კანსა და ლორწოვან გარსებზე კი – ანთებითი რეაქცია.

როგორ ვლინდება ალერგია

იმის მიხედვით, თუ რომელ სისტემას, ორგანოსა თუ ქსოვილში განვითარდა ასეთი პროცესი, შეიძლება გამოვლინდეს:

  • სისტემური რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის კლინიკური გამოხატულებაა არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ეს მდგომარეობა ძალზე საშიშია და დროული ჩარევის გარეშე ფატალური შედეგის დადგომის რისკიც მაღალია.
  • ადგილობრივი რეაქციები, რომელიმე ორგანოსა და ქსოვილის დაზიანებით. შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის ან თვალების ლორწოვანი გარსის ანთებით – ალერგიული რინიტით და კონიუნქტივიტით.
სად? რატომ ჩნდება?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგ ოჯახს გენეტიკურად აქვს ალერგიის განვითარების განწყობა (ატოპია) და უკანასკნელ წლებში ასეთი სტატისტიკა სწრაფად იზრდება.

ზოგადად, ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ თითქმის 50-70%-ით მოიმატა. ეს ტენდენცია უფრო შესამჩნევია ქალაქში მცხოვრებ პირებში და ნაკლებად – სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. ასეთი უცნაური სტატისტიკის ახსნა რთულია.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ალერგიის მატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად მეცნიერებს ბავშვის სიცოცხლის პირველი 18 თვის განმავლობაში ანტიბიოტიკების გამოყენება მიაჩნიათ. ამასთან, რაც უფრო ფართო სპექტრისაა ანტიბიოტიკი და რაც უფრო ძლიერია, მით უფრო მეტად უწყობს ხელს ალერგიის გაჩენას – ანუ ატოპიური ფენოტიპის ჩამოყალიბებას. თუ სიცოცხლის ამ პერიოდში იმუნური სისტემის გადაწყობა მოხდა იმგვარად, რომ ჩამოყალიბდა ალერგიული განწყობა, ეს მდგომარეობა თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება.

დადგენილია, ისიც რომ ალერგიული განწყობის განვითარებას ხელს უშლის დედის ძუძუთი ხანგრძლივი (2 წლამდე) კვება და ამავე ასაკში ნიადაგთან და ცხოველებთან (უფრო მეტად მსხვილფეხა რქიანი პირუტყვი) სიახლოვე. ნიადაგში არიან ბაქტერიები, რომლებიც იმუნურ სისტემას სხვადასხვა ალერგენებთან შეხვედრისთვის ამზადებენ.

აქვს თუ არა ალერგიას ასაკი?

სამწუხაროდ, ალერგიას არ აქვს ასაკი. შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება არ იყოს ალერგიული და ხანდაზმულ ასაკში გამოუვლინდეს ალერგია. პრაქტიკაში არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ალერგიული რეაქცია +80 წლის ასაკში დაეწყო.

ბავშვთა ასაკში, დაახლოებით 3 წლამდე, მთავარი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პურის ფქვილი, სოია და არაქისი.  3 წლის ასაკიდან კვებითი ალერგიები პაციენტების 65%-ში იკარგება, 6 წლის ასაკისთვის კი ის უკვე 90%-ში აღარ გვხვდება.

3 წლის ასაკიდან აქტიურდება ალერგიები გარემო-ფაქტორებზე. თუ ადამიანს ადრეულ ასაკში კვებითი ალერგია ჰქონდა, დიდი შანსია რომ მას მოგვიანებით გარემო-ფაქტორებზეც განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. თავიდან ალერგია გამოიხატება ქავილით, ატოპიური დერმატიტით, კანის აქერცვლით, ლოყების სიწითლით, ჭინჭრის ციებით და ა.შ. კვებითმა ალერგიამ შეიძლება სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციაც გამოიწვიოს.

ერთ პროდუქტზე ალერგია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სხვა საკვებ პროდუქტებზეც ექნება ალერგია. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა, რათა დადგინდეს თუ რისი ამოღებაა მენიუდან აუცილებელი.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი არის კანის ალერგოლოგიური სინჯები. ამ დროს სხვადასხვა სახის მცენარეულ, საყოფაცხოვრებო თუ საკვები ტიპის ალერგენებზე მოწმდება კანის რეაქცია.

ტესტის ფარგლებში, უმნიშვნელო ჩხვლეტის შემდეგ სხვადასხვა ალერგენები ხელის კანზე რიგრიგობით თავსდება. აღნიშნული სინჯების დახმარებით დგინდება, თუ კონკრეტულად რომელი ალერგენის მიმართ აქვს ამა თუ იმ ადამიანს მომატებული მგრძნობელობა. ალერგიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია სისხლის ანალიზის საფუძველზეც.

რა იწვევს ალერგიას?

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი ალერგენია პრობლემის გამომწვევი. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით შესაძლებელია, რომ კონკრეტული ალერგენი ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად გამოვლინდეს.

საცხოვრებელი ადგილი და ალერგია

მცენარეები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს ყვავის. ზოგი მცენარე მაღალმთიან რაიონებში უფრო გვიან იწყებს ყვავილობას, ზოგიც მხოლოდ გამორჩეულ ადგილებში გვხვდება. მაგალითად, თბილისში არ არის არყის ხე. შესაბამისად, თუ ადამიანს არყის ხის ყვავილის მტვერზე აქვს ალერგია და ევროპაში ცხოვრობს, სადაც ეს ხე საკმაოდ მრავლად გვხვდება, თბილისში ჩამოსვლა მას დიდ შვებას მოუტანს.

ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდის შემდეგ აქტუალურია ბალახების და მარცვლოვნების ყვავილობა, რომელიც დაახლოებით აპრილის ბოლოდან იწყება და მაისი-ივნისის პერიოდს მოიცავს. ბალახებზე ალერგია ბევრ ადამიანს აწუხებს, ის განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში.

აგვისტოში ალერგიული რეაქციების გამომწვევი შეიძლება გახდეს ისეთი სარეველა მცენარეები, როგორიცაა ამბროზია ან ავშანი. ამბროზია ძალიან გავრცელებულია საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, ლაგოდეხის რაიონში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის აგვისტო საკმაოდ რთული თვეა, რადგან ამბროზია ძალიან ძლიერი ალერგენია და მწვავე სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად – ხველის, ცემინების, ცრემლდენის, გამონაყარის და წნევის პრობლემებისაც კი.

სეზონური ალერგია

ზოგადად, მცენარის მტვრისადმი ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და მას სეზონური ალერგია ანუ პოლინოზი ეწოდება. პოლინოზი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.

მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია – რაც იმას ნიშნავს რომ თვალისათვის უხილავია. სწორედ მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, ანუ იმ ცილებს რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ.

ალერგიულ პირებს მცენარეებისადმი ალერგია  ეწყებათ მაშინ, როცა ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია გარკვეულ დონეს მიაღწევს და ეს ცილები სასუნთქ სისტემაში მოხვდება. ყვავილის მტვერი საკმაოდ დიდი ზომისაა  და ძლიერ ხველით რეფლექსს იწვევს.

ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის, სასის, ყურების, თვალების ქავილი, შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება და ბრონქ ოსპაზმიც კი.

სეზონური ალერგიების სეზონი იანვრის ბოლოდან იღებს სტარტს და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. პანდემიის ფონზე კი სიტუაცია კიდევ უფრო მეტადაა გართულებული.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის გარდა არსებობს ზამთრის ალერგიაც, რომელსაც ზოგიერთი მცენარე იწვევს, მაგალითად კვიპაროსი. კვიპაროსი ძლიერი ალერგენული თვისებების მქონე ხე-მცენარეა. ის ენდემური სახეობა არ არის, თუმცა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გვხვდება დედაქალაქში, რადგან აქტიურად იყენებენ გასამწვანებლად. კვიპაროსს ახასიათებს ძლიერი ალერგიული თვისებები, მაგალითად კონიუნქტივიტი, რინიტი და ა.შ.

თუ ადამიანს სეზონურად ეს პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა და სწორი გამოკვლევის ჩატარება.

მზის ალერგია

ალერგიის ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული ფორმაა ასევე მზის ალერგია. მისი სიმპტომები შესაძლოა იყოს ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი კანის იმ მონაკვეთზე, რომელიც ტანსაცმლით დაფარული არ არის.

გამონაყარი მზის სხივებთან კონტაქტის შემდეგ მალევე ჩნდება და ჩრდილში მოხვედრის შემდეგ გადადის. კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ქავილს და დისკომფორტს იწვევს, შეიძლება იყოს პაპულოზური გამონაყარი, ანუ პოლიმორფული სინათლის დაზიანება, როდესაც სხეულზე სხვადასხვა ლაქების მსგავსი, წერტილოვანი გამონაყარი ვითარდება.

მზის ალერგიის განვითარების რისკ ჯგუფში არიან:

  • ბავშვები, რომელთა ორგანიზმშიც მელანინი საკმარისი რაოდენობით არ არის და ღია ფერის კანი აქვთ.
  • ადამიანები მშრალი, დაზიანებული კანით.
  • ღია ფერის კანის და თმის მქონე ადამიანები.

რჩევები:

  1. ვისაც მზის ალერგია აწუხებს, უნდა მოერიდოს გარეთ ყოფნას მაშინ როცა მზე ზენიტშია.
  2. სხეული მაქსიმალურად დაფარული უნდა იყოს.
  3. უნდა გამოიყენოს მზისგან დამცავი საშუალებები.

კორონავირუსის ვაქცინა და ალერგია

კორონავირუსის ვაქცინის შემოტანასთან ერთად უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა ალერგიაზე და ვაქცინასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. დამკვიდრდა ტერმინი „წითელი ზონა“, რომელშიც ის ადამიანები გააერთიანეს, ვინც აცრისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ სიაში მოხვდნენ ისინი, ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგია ჰქონდა და შესაბამისად, მეორე დოზა აღარ გაუკეთდათ.

ადამიანები, ვისაც ალერგია აქვს მცენარეების ყვავილზე ან ოთახის მტვერზე, ნესტის სოკოზე, ან აწუხებს მსუბუქი ჭინჭრის ციება -“მწვანე ზონაში” ხვდებიან. მათთვის ვაქცინაცია ნებადართულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აცრამდე სპეციალისტს მიმართონ. მაგალითად თუ ჭინჭრის ციება არის ქრონიკული, მაგრამ კარგად მართული მედიკამენტებით, ვაქცინაცია დასაშვებია. ასევე პაციენტებში, ვისაც ჭინჭრის ციება აქვს „მიძინებულ“ მდგომარეობაში. თუ სეზონური ალერგიაც მართულია და ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს კარგად ემორჩილება და ვაქცინა საშიში არ არის.

ხოლო, თუკი პაციენტის სეზონური ალერგია კარგად არ ემორჩილება მედიკამენტებს და სიმპტომები შენარჩუნებულია, ასეთ დროს ჯერ ალერგოლოგთან კონსულტაცია და დანიშნულების გადახედვა სჯობს.

ალერგიის განკურნება შესაძლებელია?

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ალერგიული სიმპტომების გაქრობა შესაძლებელია.

როდესაც პაციენტის კანის სინჯით თუ სისხლში არსებული იმუნოგლობულინებით დასტურდება გადამეტებული მგრძნობელობა რომელიმე ალერგენის მიმართ, შესაძლებელია დაინიშნოს იმუნოთერაპია. მკურნალობის ეს მეთოდი, რომელსაც ანტიალერგიულ აცრასაც ეძახიან, 6 წლის ასაკიდან ინიშნება და სამ წელს გრძელდება.

ის მოიცავს ინექციების კურსს. ინექციები ყოველ 30 დღეში ერთხელ კეთდება და მათი საშუალებით ორგანიზმი ტოლერანტული ხდება იმ კონკრეტული ალერგენების მიმართ, რომელზეც მომატებული მგრძნობელობა ჰქონდა.

ბუნებრივია, 100%-იანი წარმატების მიღწევა ყოველთვის შეუძლებელია, თუმცა იმუნოთერაპია ნამდვილად შედეგიანია.

იმუნოთერაპია

რა არის იმუნოთერაპია? ეს არის მკურნალობის გზა, რომლის დროსაც ალერგენი ნელ-ნელა, მცირე დოზებით შეჰყავთ ორგანიზმში ინექციის ან წვეთების სახით. შესაბამისად, იმუნური სისტემა მას ეჩვევა და ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. შემდეგ, როდესაც ამ ალერგენს ადამიანი გარემოში ხვდება, მისი იმუნური სისტემა აღარ ღიზიანდება ანუ კონკრეტული ალერგენის მიმართ ანტისხეულები გამომუშავდება. შესაბამისად, სიმპტომები ნელ-ნელა მსუბუქდება და ბოლოს საერთოდ ქრება. ამ პროცესს 3-5 წელი სჭირდება.

ალერგენ – სპეციფიკური იმუნოთერაპიით მკურნალობა მცირეწლოვანი პაციენტებისთვისაც (6 წლიდან) შეიძლება. რაც არამხოლოდ პრობლემას ხსნის, არამედ სამომავლოდ ასთმის განვითარების რისკსაც ამცირებს.

საინტერესოა, რომ იმუნოთერაპია ყველას არ სჭირდება, ის საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე ალერგიების მქონე ადამიანებისათვისაა რეკომენდებული. პაციენტს ანალიზით უნდა ჰქონდეს დადასტურებული, რომ ალერგიულია და ცნობილი უნდა იყოს ისიც, თუ რის მიმართ არის ალერგიული.

მკურნალობის ამ მეთოდს მსოფლიო ას წელზე მეტია რაც იყენებს.

ალერგია ბავშვებში

სხვადასხვა მოსაზრებით, ალერგიას განაპირობებს ოჯახში ცხოველების ბეწვი, საკვები ნივთიერებები, მტვერი და სხვა. არადა დღემდე დადგენილი არ არის, რეალურად რა იწვევს ალერგიას ბავშვებში. მიჩნეულია, რომ დიდწილად ალერგიის ფაქტორებს განაპირობებს დაბინძურებული ჰაერი, საოჯახო ქიმიის გამოყენება და ბევრი უცხო დანამატი საკვებ პროდუქტში.

პირველი, რაც ალერგიას განაპირობებს, ესაა გენეტიკური ფაქტორი. თუ მშობლებიდან რომელიმეს ალერგია აწუხებს, დიდი ალბათობით ბავშვიც ალერგიული იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მომავალი დედის კვების რაციონია. ორსული ქალის არასწორი კვების გამო ალერგია ახალშობილს შესაძლოა მალევე გამოუვლინდეს.

ცოტა მოზრდილ ბავშვებში ალერგია ვლინდება მაშინაც, როცა დამატებითი კვება არასწორად იწყება.

მნიშვნელოვანია ალერგიის დროული დიაგნოსტიკა, რათა პროცესი უმართავი არ გახდეს და ასთმაში არ გადაიზარდოს. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს გამონაყარს, განსაკუთრებით სახის არეში. ხშირად ეს გამონაყარი კანის სიწითლეში, ანუ ატოპიურ დერმატიტში გადადის. ამ დროს მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმ-ალერგოლოგს, რათა ზედა სასუნთქი გზები არ დაზიანდეს.

ატოპიური დერმატიტი

წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის ნახევარზე მეტს აქვს ატოპიური დერმატიტი, მოზრდილ ადამიანებში კი მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია. ატოპიურ დერმატიტს უწოდებენ ასევე – ეგზემას, ნეიროდერმატიტს ან დიათეზს.

როდესაც ბავშვს აქვს ე.წ. დიათეზი, გამონაყარი, სიწითლე და სიმშრალე, ეს იმას ნიშნავს, რომ კანის სტრუქტურებში შემავალი ელემენტები, რომლებიც კანის სიგლუვესა და სინოტივეს უნდა უზრუნველყოფდეს არ არის სრულყოფილი. ანუ, დაიბადა ბავშვი, რომელსაც არ აქვს  100%-იანი ცილოვანი სტრუქტურა.

ატოპიურ დერმატიტს ბევრი შეცდომით საკვებს უკავშირებს, რაც სწორი არ არის. ის უბრალოდ კვებით გამწვავებული დაავადებაა და არა კვებისგან გამოწვეული. დიათეზი შესაძლოა კვების ფონზე გამწვავდეს, თუმცა სწორი დიეტის დროსაც ის ჩვეულებრივად გრძელდება.

ეს არის კანის სტრუქტურა რომელიც 2 წლამდე ასაკში 40-60-%-ს ულაგდება. ბავშვების 70% ამ პრობლემას სკოლამდელ ასაკში, ხოლო 90% გარდატეხის ასაკში ასრულებს. მთავარია, რომ კონკრეტულ ასაკამდე გამამწვავებელი საკვები მაქსიმალურად გამოირიცხოს. აუცილებელია ასევე სახლში ტენიანობის შენარჩუნებაც.

გაითვალისწინეთ, რომ ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა. თუმცა ბავშვების 90 %-ში ალერგიას იწვევს შემდეგი პროდუქტები: რძე, კვერცხი, ნიგოზი, სოია და ხორბალი. ხილსა და ბოსტნეულზე ალერგიას იშვიათად ვხვდებით და მათი მიმდინარეობაც გაცილებით მარტივია.

აღსანიშნავია, რომ არსებობს კვლევები, სადაც ნაჩვენებია, რომ როცა ბავშვი იზრდება სოფლად და ცხოველებთან გარკვეული შეხება თავიდანვე აქვს, ასეთ შემთხვევაში ცხოველების მიმართ ალერგიის განვითარების შანსები დაბალია.

პრევენცია

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ალერგიის განვითარების პრევენციის გზებია:

  • ბავშვებში ანტიბიოტიკების მაქსიმალური შეზღუდვა;
  • ხანგრძლივი ბუნებრივი კვება;
  • 2 წლამდე ასაკში ბუნებასთან (ნიადაგი, ცხოველები) სიახლოვე;

რამდენად საშიშია ალერგია

ალერგიის პროგრესირებამ და უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა მდგომარეობა გაართულოს. როგორც წესი, მცენარეულ ალერგია ძირითადად თვალის და ცხვირის სიმპტომებთანაა დაკავშირებული, ანუ ალერგიული კონიუნქტივიტი, რინიტი და ცემინება. თუმცა თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა ალერგიულმა რეაქციებმა ქვედა სასუნთქი გზებიც მოიცვას და განვითარდეს ხველა, სუნთქვის გაძნელება, მსტვენი სუნთქვა და ასთმის სიმპტომატიკა.

არსებობენ პაციენტები ე.წ. „პოლინოზური ასთმით“. მათ ასთმა აქვთ არა მთელი წელი, არამედ რამდენიმე თვე და ეს სწორედ მცენარეული მტვრით არის გამოწვეული. ასეთ დროს პაციენტს ენიშნება შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა და ინჰალატორი, რათა ალერგია სწორად იმართოს.

ყველაზე აქტუალური კითხვები ალერგიაზე

ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომელიც 21-ე საუკუნეში თითქმის ეპიდემიად იქცა. მართალია, დაავადების კვლევა გრძელდება და მკურნალობის უამრავი ახალი მეთოდიც გაჩნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქტუალური კითხვა არსებობს.

  • ხანგრძლივი სურდო ძლიერი გაციების ბრალია?

ნებისმიერი გაციება მაქსიმუმ ორ კვირას გრძელდება და თუ ორი კვირის შემდეგ თვალები ისევ ჩაწითლებული გაქვთ, ყელი გტკივათ და სუნთქვა გიჭირთ, თან არც წამალი გშველით – ეს სავარაუდოდ ალერგიაა

  • არის თუ არა ალერგია მემკვიდრეობითი დაავადება?

სინამდვილეში, მემკვიდრეობით არა ალერგია კონკრეტულ ნივთიერებაზე, არამედ მისკენ მიდრეკილება ანუ უცხო სხეულზე ორგანიზმის ალერგიული რეაქცია გადაიცემა. თუმცა, როდის და რა გამაღიზიანებელზე, ან საერთოდ გამოვლინდება თუ არა ამგვარი რეაქცია, ძალიან ინდივიდუალურია.

  •  ქრება თუ არა ალერგია ასაკთან ერთად?

რა თქმა უნდა, არა! თუ ალერგია მცირეწლოვან ბავშვს აღმოაჩნდა, მაშინ ორგანიზმის რეაქცია გამაღიზიანებელზე მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვება. მართალია,  8-10 წლის ასაკში ძლიერდება იმუნური პასუხი, რომელიც ხშირად ალერგიული რეაქციის ბლოკირებასაც ახერხებს, მაგრამ 12-14 წლის ასაკში, ჰორმონალური ცვლილებების პერიოდში, იმუნური სისტემა სუსტდება და ალერგიაც ბრუნდება.

  • იწვევს თუ არა ალერგიას ცხოველის ბეწვი?

სინამდვილეში, ალერგიას არა ბეწვი, არამედ ის  ცილა იწვევს, რომელსაც ცხოველის ნერწყვი და კანის ქსოვილი შეიცავს. ასე, რომ მოკლებეწვიანი ცხოველისგან ზიანი იმდენივეა, რამდენიც ფუმფულა ბეწვის მფლობელი ოთხფეხა მეგობრისგან.

  •  არის თუ არა ალერგია ჯანმრთელობისთვის სახიფათო?

მართალია ითვლება, თითქოს სურდო ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, მაგრამ სინამდვილეში, ალერგიის არასათანადო მკურნალობა ასთმას და ანაფილაქტიკურ შოკს იწვევს. ასე რომ პროფილაქტიკა და დროული მკურნალობა არა თუ სასურველი, არამედ სავალდებულოცაა.

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200