Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ანემია Anemia

ანემია – Anemia

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი განიცდის ჯანმრთელი სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ან ჰემოგლობინის ნაკლებობას, რა დროსაც სისხლის ჟანგბადმატრანსპორტირებელი ფუნქცია ირღვევა. ანემიას თან ახლავს სისუსტე და დაღლილობა.

ანემიის მრავალი ფორმა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ანემია შეიძლება იყოს დროებითი ან დროში გახანგრძლივებული, ასევე, იგი შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმე ფორმებამდე. ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რამეთუ იგი შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს.

ანემიის მკურნალობაც მისი ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება ვარირებდეს პრეპარატის მიღებიდან გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე. ზოგიერთი ტიპის ანემიის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი და სრულფასოანი კვებით.

ტიპები
  • აპლაზიური ანემია
  • რკინადეფიციტური ანემია
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
  • თალასემია
  • ვიტამინდეფიციტური ანემია
სიმპტომები

ანემიის სიმპტომები ვარირებს მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით. თუ ანემია ქრონიკული დაავადების მიერაა გამოწვეული, დაავადებამ შესაძლოა შენიღბოს მისი სიმპტომები, ამ დროს, ანემია შემთხვევით გამოვლინდება ხოლმე სისხლის გამოკვლევისას სხვა დაავადების დროს.

ზოგჯერ ანემია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები მოიცავს:

  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ფერმკრთალი ან მოყვითალო ფერის კანი
  • არარეგულარული გულისცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ცივი ხელები და ფეხები
  • თავისტკივილი

თავდაპირველად, მსუბუქად გამოხატული ანემიის დროს, სიმპტომები შეუმჩნეველი რჩება, ხოლო დროთა განმავლობაში, როცა ანემია მძიმდება, სიმპტომებიც უარესდება.

მიზეზები

როგორც აღვნიშნეთ, ანემია ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნაკლებობაა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, იყოს:

  • ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები
  • სისხლდენები, რომლის შედეგადაც ორგანიზმიდან იკარგება სისხლი იმაზე სწრაფად, ვიდრე ორგანიზმს მისი წარმოქმნა შეუძლია
  • ორგანიზმი ანადგურებს ერითროციტებს

სხვადასხვა ტიპის ანემიას განსხვავებული გამომწვევი მიზეზი აქვს და ისინი მოიცავს:

  • რკინადეფიციტური ანემია. ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევი რკინის ნაკლებობაა. რკინა ორგანიზმს ესაჭიროება ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. რკინის არასაკმარისი რაოდენობით არსებობისას, ორგანიზმს არ შეუძლია ადექვატური რაოდენობით ჰემოგლობინის წარმოქმნა. რკინის დანამატის სახით მიღების გარეშე, აღნიშნული ტიპის ანემია ხშირად გვხვდება ორსულებში. რკინადეფიციტური ანემიის მიზეზია, აგრეთვე სისხლის დიდი რაოდენობით, ან ხანგრძლივად კარგვა, მაგალითად, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის შემთხვევაში, წყლულების დროს, სიმსივნური დაავადებების დროს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული მიღების დროს. აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლიათ, გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
  • ვიტამინდეფიციტური ანემია. რკინის გარდა, ორგანიზმს ჯანმრთელი ერითროციტების წარმოქმნისთვის ესაჭიროება ვიტამინი B12 და ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა). ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით ღარიბი საკვების მიღება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იწვევს ერითროციტების რაოდენობის შემცირებას. ზოგჯერ, საკმარისი რაოდენობით ვიტამინი B12-ის მიღების ფონზეც ვითარდება მისი დეფიციტი, რისი მიზეზიც აღნიშნული ვიტამინის შეწოვის დარღვევაა. ამ დროს ვითარდება ვიტამინი B12-ის დეფიციტური ანემია, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია, როგორც პერნიციოზული ანემია.
  • ანთების ფონზე განვითარებული ანემია. ზოგიერთი დაავადება, როგორებიცაა, მაგალითად, სიმსივნე, აივ/შიდსი, რევმატოიდული ართრიტი, თირკმლის დაავადებები, კრონის დაავადება და სხვა მწვავე თუ ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მოქმედებენ ერითროციტების წარმოქმნაზე და იწვევენ ანემიას.
  • აპლაზიური ანემია. აპლაზიური ანემია იშვიათი, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ერითროციტებს. აპლაზიური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექციები, გარკვეული მედიკამენტები, აუტოიმუნური დაავადებები და ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება.
  • ანემია, რომელიც ასოცირებულია ძვლის ტვინის დაავადებასთან. დაავადებათა გარკვეული ჯგუფი, როგორიცაა, მაგალითად, ლეიკემია და მიელოფიბროზი, შეიძლება ხასიათდებოდეს ანემიის განვითარებით. ამ შემთხვევაში, ანემიის მიზეზი ერითროციტების არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნაა.
  • ჰემოლიზური ანემიები. ანემიათა ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელია ერითროციტების იმაზე სწრაფად და დიდი რაოდენობით დაშლა, ვიდრე ორგანიზმს შეუძლია მათი წარმოქმნა და ჩანაცვლება. სისხლის ზოგიერთი დაავადების დროს იზრდება ერითროციტების დესტრუქციის ინტენსივობა. ჰემოლიზური ანემია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ცხოვრების შემდგომ პერიოდში.
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია. ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია თანდაყოლილი, გენეტიკური პათოლოგიაა. მისი გამომწვევია მუტაცია, რომლის დროსაც წარმოიქმნება დეფექტური ჰემოგლობინი. არანორმალური ჰემოგლობინი ერითროციტს აძლევს დამახასიათებელ ნამგლისებურ შესახედაობას. ასეთი ფორმის მქონე ერითროციტების დეფორმაბელობა და რეზისტენტობა დაქვეითებულია და მარტივად იშლებიან.
ერითროციტების ფუნქცია

ორგანიზმში წარმოიქმნება სისხლის სამი ტიპის უჯრედი – თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომლებიც მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში, სისხლის ფირფიტები (თრომბოციტები), რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში და სისხლის წითელი ურჯედები (ერითროციტები), რომლებიც მონაწილეობენ ჟანგბადის ტრანსპორტირებაში.

ერითროციტები შეიცავენ ჰემოგლობინს – რკინით მდიდარ ცილას, რომელიც ანიჭებს სისხლს მისთვის დამახასიათებელ წითელ ფერს. ჰემოგლობინის საშუალებით, ერითროციტები ატრანსპორტირებენ ჟანგბადს ფილტვებიდან სხეულის ყველა ნაწილისკენ, ხოლო იქიდან გამოაქვთ ნახშირორჟანგი და მიაქვთ ფილტვებისაკენ.

სისხლის უჯრედები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. ძვლის ტვინი ღრუბლისებრი ქსოვილია, რომელიც მოთავსებულია ძვლებში. იმისათვის, რომ წარმოქმნას ჰემოგლობინი და ერითროციტები, ორგანიზმს ესჭიროება: რკინა, ვიტამინი B12,  ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) და სხვა ნივთიერებები, რომელთა მიღება ხდება საკვების გზით.

რისკ-ფაქტორები

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ანემიის განვითარების რისკს, მოიცავს:

  • გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების ნაკლები შემცველობის მქონე საკვების მიღება. კვებითი რეჟიმი, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით რკინას, ვიტამინ B12-სა და ვიტამინ B9-ს (ფოლიუმის მჟავა), ზრდის ანემიის განვითარების რისკს.
  • ნაწლავური პრობლემები. დაავადებები, რომლებიც მოქმედებენ საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მაგალითად, კრონის დაავადება და ცელიაკია, ზრდიან ანემიის განვითარების რისკს.
  • მენსტრუაცია. საერთო ჯამში, ქალებს, რომლებსაც არ ჰქონიათ მენოპაუზა, იმყოფებიან ანემიის განვითარების უფრო მაღალი რისკის, კაცებთან და პოსტმენოპაუზურ ქალებთან შედარებით. მენსტრუაცია იწვევს ერითროციტების დაკარგვას.
  • ორსულობა. თუ ხართ ორსული და არ იღებთ ფოლიუმის მჟავასა და რკინას, იმყოფებით ანემიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
  • ქრონიკული მდგომარეობები. თუ გაქვთ სიმსივნური დაავადება, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, თქვენ იმყოფებით ანემიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. სისხლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ნელა კარგვა, როგორც წესი, ახასიათებს წყლულოვან დაავადებებს. ამ დროს ხდება რკინის მარაგი ნელ-ნელა ამოწურვა, რაც რკინადეფიციტური ანემიის განვითარების წინაპირობაა.
  • ოჯახური ისტორია. თუ ოჯახის წევრს აქვს თანდაყოლილი, გენეტიკური ანემია, როგორიცაა, მაგალითად ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, თქვენ, შესაძლოა, იმყოფებოდეთ ანემიის განვითარების რისკის ქვეშ.
  • სხვა ფაქტორები. ზოგიერთი ინფექციის ისტორია, სისხლისა და აუტოიმუნური დაავადებები ზრდიან ანემიის განვითარების რისკს. ალკოჰოლიზმი, ტოქსინების ზემოქმედება და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, ასევე მოქმედებენ ერითროციტების წარმოქმნაზე და ზრდიან ანემიის განვითარების რისკს.
  • ასაკი. 65 წელზე მეტი ასაკის პირები იმყოფებიან ანემიის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ.
გართულებები

არანამკურნალები ანემია შეიძლება გახდეს მრავალი პრობლემის მიზეზი. მაგალითად:

  • ძლიერი დაღლილობა. მძიმე ანემიის დროს გამოხატულია ძლიერი დაღლილობა, რაც ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შეუძლებელი ხდება ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.
  • ორსულობის გართულებები. ფოალტდეფიციტურ ორსულებში ისეთი გართულებების განვითარების რისკი, როგორებიცაა, მაგალითად ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები, უფრო ხშირია.
  • გულის პრობლემები. ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის სიხშირის გაზრდა და გულის არარეგულარული რითმი (არითმია). ანემიის დროს, გული კომპენსატორულად გადატუმბავს უფრო დიდი რაოდენობით სისხლს, რათა ადეკვატურად მოხდეს ქსოვილების ჯანგბადით უზრუნველყოფა. აღნიშნულის გამო, გულს უწევს მეტი მუშაობის შესრულება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ზომაში მომატება და გულის უკმარისობის განვითარება.
  • სიკვდილი. ზოგიეთ თანდაყოლილ ანემიას, მაგალითად, ნამგლისებურუჯრედოვან ანემიას, შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარება. სისხლის დაკარგვას, განსაკუთრებით, თუ ეს ძალიან სწრაფად ხდება, შეუძლია ანემიისა და ფატალური შედეგის გამოწვევა.
პრევენცია

ანემიათა გარკვეული ტიპების პრევენცია ვერ ხდება. შესაძლებელია რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემიების თავიდან აცილება, მდიდარი საკვების მიღების გზით. ვიტამინები და მინერალები, რომელთა მიღება ახდენს გარკვეული ტიპის ანემიის პრევენციას მოიცავს:

  • რკინა. რკინით მდიდარი საკვებია ხორცი, ლობიო და პარკოსნები, რკინით გამდიდრებული მარცვლეული, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და გამომშრალი ხილი.
  • ფოლიუმის მჟავა. ფოლიუმის მჟავა შედის ხილსა და ხილის წვენებში, მუქ მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, ლობიოში, გამდიდრებულ მარცვლეულში და ბრინჯში. ფოლიუმის მჟავაზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავა.
  • ვიტამინი B12. აღნიშნული ვიტამინით მდიდარია ხორცი, რზის პროდუქტები, გამდიდრებული მარცვლეული და სოიოს პროდუქტები. B12 ვიტამინის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ვიტამინი B12 – კობალამინი.
  • ვიტამინი C. ამ ვიტამინით მდიდარი საკვებია ხილი და ციტრუსი, ასევე მათი წვენები, წიწაკა, ბროკოლი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი. C ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია რკინის შეწოვისთვის. C ვიტამინის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს C ვიტამინი – Vitamin C.
დიაგნოზი

ანემიის დიაგნოსტირებისთვის ექიმი აგროვებს ოჯახურ ანამნეზს, აწარმოებს ფიზიკალურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რომელიც მოიცავს:

  • სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ. სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:
  • სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
  • სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
  • ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
  • ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
  • თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში

სისხლის საერთო ანალიზის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

  • დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტები. ანემიის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი კვლევები, რომლის საშუალებითაც, ხდება მიზეზის დადგენა და, შესაბამისად, ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა. ზოგჯერ საჭიროა ძვლის ტვინის ნიმუშის აღება და მისი გამოკლვლევა.
მკურნალობა

ანემიის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე.

  • რკინადეფიციტური ანემია. ამ ფორმის ანემიის მკურნალობა მოიცავს რკინის პრეპარატების მიღებასა და საკვები რაციონის ცვლილებას. თუ რკინადეფიციტური ანემიის განვითარების მიზეზი სისხლის დაკარგვაა, მნიშვნელოვანია სისხლდენის წყაროს პოვნა და შეჩერება, რაც შესაძლოა, საჭიროებდეს ქირურგიულ ჩარევას.
  • ვიტამინდეფიციტური ანემია. ფოლატ და C ვიტამინდეფიციტური ანემიების მკურნალობა მოიცავს ამ ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებასა და მათი დანამატის სახით მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა, შესაძლოა, საჭირო გადეს მისი ინექციების სახით მიღებას. ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
  • ქრონიკული დაავადებების დროს არსებული ანემია. ამ შემთხვევაში, სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ექიმი ორიენტირებულია ძირითადი დაავადების მკურნალობაზე. თუ ანემიის სიმპტომები დამძიმდა, შესაძლოა, საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა ან ისეთი ჰორმონის (ერითროპოეტინი) ინექცია, რომელიც, ნორმაში, თირკმელში გამომუშავდება. აღნიშნული მიზნად ისახავს ძვლის ტვინის სტიმულირებას და სისუსტისა და დაღლილობის შემსუბუქებას.
  • აპლაზიური ანემია. ამ ტიპის ანემიის მკურნალობა მოიცავს სისხლის გადასხმას, რათა შეივსოს ერითროციტების ნორმალური რაოდენობა. ზოგჯერ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
  • ძვლის ტვინის დაავადებებთან ასოცირებული ანემია. ამ ტიპის ანემიის მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს როგორც მედიკამენტების მიღებას, ასევე ქიმიოთერაპიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას.
  • ჰემოლიზური ანემიები. ჰემოლიზური ანემიის მართვა მოიცავს გარკვეული პრეპარატების შეზღუდვასა და ინფექციების მკურნალობას, აგრეთვე, მედიკამენტების მიღებას, რომლებიც ახდენენ იმუნური სისტემის სუპრესიას. იმის მიხედვით, რა არის ჰემოლიზის მიზეზი, შესაძლოა, საჭირო გახდეს გულსისხლძარღვთა სპეციალისტის ჩართულობა.
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია. მკურნალობა შესაძლოა, მოიცავდეს ჟანგბადის მიწოდებას, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას, ორალური და ინტრავენური სითხის მიღებას, რათა შემცირდეს ტკივილის ინტენსივობა და გართულებები. შესაძლოა, საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა, ფოლიუმის მჟავის დანამატის სახით მიღება და ანტიბიოტიკოთერაპია. ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ, აგრეთვე, გამოიყენება ქიმიოთერაპიული პრეპარატი ჰიდროქსიშაროვანა (დროქსია, ჰიდრეა, სიკლოსი).
  • თალასემია. უმრავლეს შემთხვევებში, თალასემია მსუბუქადაა გამოხატული და მკურნალობას არ საჭიროებს. თალასემიის უფრო მძიმე ფორმები, როგორც წესი, საჭიროებს სისხლის გადასხმას, ფოლიუმის მჟავის მიღებას, გარკვეული მედიკამენტების მიღებას, ელენთის ქირურგიულ მოცილებასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას.