Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

აპრილის თვე აუტიზმის მსოფლიო თვედაა აღიარებული და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 

აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ტარდება უამრავი ღონისძიება რომელიც აუტიზმის მქონე ადამიანების გაგებისა და მიმღებლობის შესაძლებლობების გაზრდას ეძღვნება. 

დღეს კაცობრიობა მზადაა შექმნას სამყარო, სადაც თავისი პოტენციალის გამოყენებას აუტიზმის მქონე ყველა ადამიანი შეძლებს. 

რა არის აუტიზმი?

როდესაც 1988 წელს მსოფლიო ეკრანებზე ბარი ლევინსონის ლეგენდარული „წვიმის კაცი“ გამოვიდა, აუტიზმის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონდა. დასტინ ჰოფმანმა აუტისტი ახალგაზრდა კაცის როლი გენიალურად შეასრულა. 

დღეისთვის კი ფართო საზოგადოებამ აუტიზმზე ძალიან ბევრი რამ იცის:

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი

  • აუტიზმი იშვიათი პათოლოგია არ არის, 1000-დან 6 ბავშვს აღენიშნება;
  • აუტიზმი 5-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში;
  • აუტიზმი დაახლოებით 15 თვის ასაკში ვლინდება;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში აუტიზმის გამოვლენის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

აუტიზმი ეს არის ბავშვის სოციალური ადაპტირების პრობლემა, რომელიც ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევითაა გამოწვეული.  

ეს პათოლოგია იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა – საუბარი, თამაში, საზოგადოებრივი ქცევა თუ სოციალური ინტერაქცია. ბავშვს უჭირს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც ესმის, ხედავს. შესაბამისად, უვითარდება წარმოსახვის პრობლემები, მკაცრად შეზღუდული ინტერესები და მოქმედებები აქვს.  ბუნებრივია, ეს ნიშნები სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული სირთულით ვლინდება. 

აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ძირითადად 3 სახის პრობლემაა დამახასიათებელი:

მეტყველება – საუბრის გვიან დაწყება, სხვისი ნათქვამის არასწორად აღქმა.

საზოგადოებასთან ურთიერთობა – ბავშვებს უჭირთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან.

შეზღუდული ინტერესები – აუტისტებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ერთ საგანზე იყვნენ კონცენტრირებული, იმეორონ ერთი და იმავე მოძრაობა, უყურონ ერთსა და იმავე ფილმს, უსმინონ მუსიკას.

აღნიშნულ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ქცევის მართვის სირთულეები, გონებრივი ჩამორჩენილობა, მოტორული კოორდინაციისა და ყურადღების პრობლემა, ფიზიკური დარღვევები, მაგალითად – ძილის პრობლემა, ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა – დეპრესია, შფოთვა. 

ზოგადად, კლინიკური სურათი აუტიზმის სიმძიმეზე, კოგნიტიურ უნარებზე და თანმხლებ დარღვევებზეა დამოკიდებული. ასაკის მატებასთან ან გარემოს ცვლილებასთან ერთად კი შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს.

აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ცვლილებები თავის ტვინის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე ვითარდება, ამიტომ შესაბამისი სიმპტომატიკა 3 წლამდე ასაკში უკვე გამოვლენილია. ადრეულ დიაგნოსტიკას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – მრავალი კვლევით არის დადასტურებული. 

ახალი კვლევებით ისიც დასტურდება, რომ აუტიზმის აღმოჩენა სამი თვის ასაკში, ანუ იმაზე ბევრად ადრეა შესაძლებელი ვიდრე დარღვევა მკაფიო გახდება. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მშობელთან ურთიერთობაც უჭირთ. 

აუტიზმის სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკური კატეგორიები

აუტიზმის გავრცელების მაჩვენებელმა უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად მოიმატა და  მეცნიერებმა 4 დიაგნოსტიკური კატეგორია გამოყვეს.

  1. ბავშვთა აუტიზმი

აუტიზმის განვითარების ისეთი ტიპი, როდესაც დარღვევა 3 წლის ასაკამდე ვლინდება და აღინიშნება სოციალური ურთიერთობების სიძნელეები, განმეორებადი ქცევები და ინტერესები. შესაძლოა აღინიშნოს არასპეციფიკური სიმპტომებიც – კვების დარღვევა, აგრესია თუ სხვადასხვა ფობიები.

  1. ატიპიური აუტიზმი

როგორც წესი, ბავშვთა აუტიზმისგან დაწყების ასაკით განსხვავდება და დარღვევები სამი წლის შემდეგ ვლინდება. გარდა ამისა, აუტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები არასაკმარისადაა გამომჟღავნებული. ატიპიური აუტიზმი ძირითადად ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანებში ვლინდება.

  1. ასპერგერის სინდრომი

ამ სინდრომს აუტიზმისთვის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობების პრობლემები ახასიათებს. გარდა ამისა, ვლინდება განმეორებადი და შეზღუდული ქცევები თუ ინტერესები. თუმცა, განსხვავებით აუტიზმისგან ასპერგერის სინდრომის დროს მეტყველების შეფერხება არ აღინიშნება. სინდრომი ძირითადად მოზარდებში გამოიხატება ხოლმე.

  1. განვითარების ზოგადი აშლილობა

განვითარების ზოგადი აშლილობის დროს კოგნიტიური პრობლემები გამოხატულია, თუმცა ბავშვთა აუტიზმის, ატიპიური აუტიზმის ან ასპერგერის სინდრომის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. 

რამდენად ხშირია აუტიზმი?

თუკი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ვიმსჯელებთ, აუტიზმის სპექტრის აშლილობა ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აქვს, რაც უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. მხოლოდ 2015 წელს აუტიზმის გავრცელება 10-დან 17%-მდე გაიზარდა. 

საინტერესოა, რომ უახლესი კვლევით ამერიკელ ბავშვთა 2%-ზე მეტს განვითარების სხვადასხვა დარღვევა აღენიშნება. 

თუ რა გახდა სტატისტიკის ასეთი ზრდის მიზეზი რთული სათქმელია და თავისი როლი ითამაშა დიაგნოსტიკის გაუმჯობესებამ და საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებამ. ხოლო, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გარემოს დაბინძურებას მიიჩნევენ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცნობადობის ამაღლების კამპანიები და სერვისების გაუმჯობესებაც, რამაც მიმართვიანობის გაზრდა გამოიწვია. 

კვლევებით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დადასტურდა, აუტიზმი ბიჭებში კვლავინდებურად 4-5-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში. 

აუტიზმის ადრეული ნიშნები

თანამედროვე მიდგომით აუტიზმის დიაგნოსტირებისთვის ბავშვს განვითარების ან ქცევის სულ ცოტა 6 სპეციფიკური ნიშანი მაინც უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნები 3 წლამდე ასაკში უნდა გამოვლინდეს და აუტიზმის გარდა სხვა ლოგიკური ახსნაც არ უნდა არსებობდეს.

ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • კვების დროს თვალებით კონტაქტს თავს არიდებს;
  • თქვენს ჟესტიკულაციას თვალს არ აყოლებს;
  • სახელით მიმართვაზე რეაქცია არ აქვს;
  • მისალმებაზე ან დამშვიდობებაზე არ რეაგირებს;
  • თქვენი მიმიკების იმიტაციას არ ცდილობს;
  • არ უყვარს სხვა ბავშვებთან თამაში;
  • ყურადღებას არ იჩენს გარშემომყოფების მიმართ;
  • ხმაურით არ ცდილობს ყურადღების მიქცევას.

რა იწვევს აუტიზმს?

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმს მილიონობით კვლევა მიეძღვნა, მაინც რთული სათქმელია თუ რა იწვევს მას. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, ისევე როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. ბოლო წლების განმავლობაში სპეციალისტებმა იშვიათი გენური მუტაციები აღმოაჩინეს, რაც აუტიზმის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. დადგენილია ასობით გენი, რომელიც აუტიზმის რისკის მატარებელია. 

აუტიზმის განვითარებაში ასევე გარკვეულ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები, რომელიც თავის ტვინზე დაბადებამდე და დაბადების შემდეგ ახდენს ზემოქმედებას.

ასეთი ფაქტორებია:

  • მშობლების ასაკი ჩასახვისას;
  • დედის ავადმყოფობა/ორსულობისას მავნე ზემოქმედებები;
  • რთული მშობიარობა;
  • დღენაკლულობა, მცირე წონა.  

მნიშვნელოვანია!!! ეს ფაქტორები აუტიზმს არ იწვევენ, უბრალოდ გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად გარკვეულ გავლენას ისინიც ახდენენ. 

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბავშვი შესაძლოა დაიბადოს გენეტიკური რისკ-ფაქტორებით, რომლის განვითარებასაც შეუსაბამო გარემო-ფაქტორები უწყობს ხელს. 

აუტიზმის მკურნალობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუტიზმთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, თუმცა ერთი რამ რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ დროული და ინტენსიური ჩარევა = სწორ დიაგნოსტიკას = უკეთეს შედეგს !

აუტიზმის მქონე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, უმეტესად ეს არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში თანმდევი მდგომარეობა, თუმცა ჩარევის შედეგად ყველა ბავშვის ან ზრდასრულის მდგომარეობა უმჯობესდება, სიმპტომები მცირდება, ხოლო შესაძლებლობები იზრდება. ადრეული დიაგნოსტიკა აუტიზმის მქონე ბავშვს აძლევს შანსს, რომ გაუმჯობესება წლებთან ერთად უფრო და უფრო თვალსაჩინო იყოს. 

სწორი თერაპიის დამსახურებით აუტიზმის მქონე პირების უმეტესობა სწავლობს სამეტყველო ენის გამოყენებას, კომუნიკაციას. 

რაც შეეხება მკურნალობას, ყველა ინდივიდი უნიკალურია, ამიტომაც მკურნალობის გეგმა კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ზოგადად, ეს პროცესი ძალიან ინტენსიურია და პროფესიონალთან ერთად ოჯახიც აქტიურადაა ჩართული. 

ბავშვის მკურნალობა ნაბიჯ-ნაბიჯ იგეგმება და თერაპიის მეთოდის განსაზღვრაც ზუსტად ხდება. 

რომ შევაჯამოთ…

ალბათ ყველა მშობლისთვის რთულია იმის აღქმა, რომ ბავშვს პრობლემა აქვს, თუმცა როდესაც საუბარი აუტიზმზეა, სწრაფად რეაგირება გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

აუტიზმის მკურნალობა და საოცარი შედეგების მიღება ნამდვილად შესაძლებელია.

აუტიზმის მქონე ადამიანებს ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლიათ და ამის ნათელი მაგალითი უამრავი ცნობილი ადამიანია:

  • ჰანს კრისტიან ანდერსონი
  • ტიმ ბარტონი
  • ჩარლზ დარვინი
  • ალბერტ აინშტაინი
  • ბილ გეიტსი
  • ტომას ჯეფერსონი
  • სტივ ჯობსი
  • მიქელანჯელო ბუონაროტი
  • დერილ ჰანა
  • სტენლი კუბრიკი
  • ლიონელ მესი
  • რობინ უილიამსი
  • ენტონი ჰოპკინსი
  • ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
  • ნიკოლა ტესლა

აუტიზმის მქონე ადამიანებს სხვადასხვა უნიკალური უნარებიც აქვთ:

  • გამორჩეული მეხსიერება
  • მათემატიკური შესაძლებლობები
  • კომპიუტერული უნარები
  • მუსიკალური შესაძლებლობები
  • გარემოში ორიენტაციის საოცარი უნარი
  • ვიზუალური აზროვნება