Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
დაღლილობა

დაღლილობა

განსაზღვრება

დაღლილობა კლინიკურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი და მნიშვნელოვანი სიმპტომია. იგი სხვადასხვა სისტემური, ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების ხშირ თანხმლებს წარმოადგენს, თუმცა პაციენტთა მცირე ნაწილში, მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. დაღლილობა განისაზღვრება, როგორც ფიზიკური და მენტალური ღონემიხდილობის, ენერგიის ნაკლებობისა და გამოფიტვის სუბიექტური აღქმა. კლინიკური მედიცინის კონტექსტში კი იგი განისაზღვრება, როგორც ფიზიკური და მენტალური ნებითი აქტების წამოწყებისა და გაგრძელების სირთულე. ფაქტობრივად, ყველა ადამიანს, რომელსაც რაიმე დაავადება გადაუტანია, თუნდაც, თვითლიმიტირებადი ვირუსული ინფექციები, გამოუცდია ეს უნივერსალური სიმპტომი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მაშინ საჭიროებს, როდესაც უცნობია გამომწვევი მიზეზი, არ უმჯობესდება მდგომარეობა ან რაიმე გამომწვევი კი გააჩნია, მაგრამ მოსალოდნელზე მეტი ინტენსივობითაა გამოხატული.  

აუცილებელია, მოვახდინოთ დაღლილობის დიფერენცირება სხვადასხვა მდგომარეობებისგან, მაგალითად, კუნთების სისუსტისგან- იგი წარმოადგენს ნეიროკუნთოვან სისუსტეს და მისგან განსხვავებით, დაღლილობის დროს კუნთოვანი ძალა შემოწმებისას ნორმაშია. სომნოლენციისგან- რომელიც წარმოადგენს ძილ-ღვიძილის ფიზიოლოგიის დარღვევას და ფიზიკური დატვირთვის დისპნოესგან- ამ დროს ფიზიკურად დატვირთვის შემთხვევაში სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის გაზრდა ვეღარ ხერხდება. ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს პაციენტები ხშირად ყველა ამ მოვლენას დაღლილობის ტერმინის ქვეშ აერთიანებენ. მნიშვნელოვანი მომენტია დაღლიობის გამომწვევი მიზეზის დადგენა, რამეთუ იგი უამრავი დაავადების საერთო, უნივერსალურ სიმპტომს წარმოადგენს და დიდია იმის ალბათობა, რომ პაციენტს ბევრი არასაჭირო და ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდეს, რაც არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს.

ეპიდემიოლოგია

დაღლილობის განმარტებისა და საკვლევი მეთოდების მრავალფეროვნება ართულებს როგორც დიაგნოზის დასმას, ასევე მისი გლობალური დატვირთვის განსაზღვრას. აშშ-ის მოსახლეობაში მისი გავრცელება დაახლოებით 6.7%-ს შეადგენს. ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის დონეზე პაციენთა 10-25% აღნიშნავს გახანგრძლოვებულ (1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის) და ქრონიკულ (6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის) დაღლილობას და მხოლოდ მათ ძალიან მცირე ნაწილში იქცევს იგი, როგორც პირველადი სიმპტომი, სამედიცინო ყურადღებას.

დიფერენციალური დიაგნოზი

ფსიქიატრიული დაავადებები

დაღლილობა ძირითადი ფსიქიატრიული სინდრომების ხშირი თანხმლები სიმპტომია. მაგალითად, იგი დამახასიათებელია დეეპრესიის, შფოთვისა და სომატოფორმული აშლილობებისთვის. მეტიც, ფსიქიატრიული სიმპტომები აღნიშნულია აუხსნელი მიზეზის ქრონიკული დაღლილობის მქონე პაციენტთა სამ მეოთხედზე მეტში. იმ პაციენტებშიც, რომლებშიც დაღლილობა სისტემური და ნევროლოგიური სინდრომების მანიფესტაციას წარმოადგენს, ფსიქიატრიული სიმპტომების თანდართვა მეტად მნიშვნელოვანია.

ნევროლოგიური დაავადებები

დაღლილობის ჩივილის მქონე პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ გრძნობენ სისუსტეს, თუმცა მათი ზედმიწევნით გამოკვლევისას კუნთების სისუსტე ძალიან იშვიათად ვლინდება. იმ შემთხვევაში, როდესაც კუნთების სისუსტე გამოვლინდება, აუცილებელია, დადგინდეს მისი გამომწვევი ცენტრალური ნერვულ სისტემის (თავისა და ზურგის ტვინი) დონეზეა, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნერვკუნთოვანი შეერთებისა თუ უშუალოდ კუნთების. კუნთის სწრაფი დაღლილობის განვითარება და მისი ძალის დაქვეითება კარდინალური ნიშანია იმ დაავადებათა ჯგუფისა, რომლის დროსაც აღინიშნება ნერვკუნთოვანი შეერთების დაზიანება, მაგალითად მიასთენია გრავის. ამ დროს, დაღლილობისგაან განსხვავებით, კუნთის განმეორებითი შეკუმშვების შედეგად მისი ძალა მკვეთრად ქვეითდება. დაღლილობა გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და შემაწუხებელი სიმპტომია, მას პაციენტთა დაახლოებით  90% უჩივის და გვხვდება შეტევათა შორის პერიოდშიც, თუმცა მისი ინტენსივობა არაა დაკავშირებული მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაზე დაავადების აქტივობასთან. დაღლილობა გვხვდება ასევე ისეთი ნეიროდეგენრაციული დაავადებების დროს, როგორებიცაა პარკინსონის დაავადება, ცენტრალური დისტონიები და გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი. ასევე ხშირია ინსულტის შემდგომი დაღლილობა და თავის ტვინის ტრავმის შემდგომი დაღლილობა, რომელიც, როგორც წესი, ასოცირებულია დეპრესიასთან და ძილის დარღვევებთან.

ძილის დარღვევები

ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტებში, როგორც წესი, აღინიშნება დღის განმავლობაში ძილიანობა და დაღლილობა. ასეთი პაცინტები საჭიროებენ პოლისომნოგრაფიით დეტალურ გამოკვლევას, განსაკუთრებით თუ თანდართულია ხვრინვა, სიმსუქნე და ძილის აპნოეს სხვა პრედიქტორები.

ენდოკრინული დაღვევები

დაღლილობა, რომელიც ასოცირებულია კუნთების სისუსტესთან, შესაძლოა იყოს ჰიპოთირეოიდიზმის კარდინალური ნიშანი, განსაკუთრებით თუ მათ თან ახლავს თმის ცვენა, კანის სიმშრალე, სიცივის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა და აუტანლობა, შეკრულობა და წონაში მატება. ამის საწინააღმდეგოდ, დაღლილობა ასოცირებული სიცხისადმი მგრძნობელობის მომატებასთან და აუტანლობასთან, ოფლიანობასთან და გულისცემის სიხშირის გაზრდასთან, ტიპურია ჰიპერთირეოიდიზმისთვის. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს დაღლილობა, როგორც წესი, ასოცირებულია ანორექსიასთან, წონის დაქვეითებასთან, გულისრევასთან, კუნთებისა და სახრების ტკივილთან; დიაგნოსტირებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია და ჰიპერპიგმენტაცია. ჰიპერკალცემია, ასევე ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემიაც ვლინდება დაღლილობით, ხოლო მძიმე შემთხვევებში ცნობიერების დაბინდვითა და კომითაც კი. დაღლილობა ასევე ასოცირებულია კუშინგის დაავადებასთან, ჰიპოალდოსტერონისზმთან, ჰიპოგონადიზმთან და D ვიტამინის დეფიციტთან.

ღვიძლისა თირკმლის დაავადებები

ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს დაღლილობა ჩვეული სიმპტომია. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების 80% -ზე მეტი უჩივის დაღლილობას, რაც მას აქცევს თირკმლის ქრონიკული დაავადების ყველაზე ხშირ სიმპტომად.

სიმსუქნე

სიმსუქნე ასოცირებულია დაღლილობასთან და ძილიანობასთან იმისდა დამოუკიდებლად, თანდართულია ძილის აპნოე თუ არა. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ბარიატრიულ ოპერაციას, დღის განმავლობაში ძილიანობა იკლებს იმაზე სწრაფად, ვიდრე მხოლოდ წონის კლების ან ძილის აპნოეს გაუმჯობესების შემეთხვევაში. ასევე დიდია წვლილი სიმსუქნესთან სოცირებული ისეთი ფაქტორებისა, როგორებიცაა მცირე ფიზიკური აქტივობა, დიაბეტი და დეპრესია.

ფიზიკური უმოქმედობა

მცირე ფიზიკური აქტივობა ასოცირებულია დაღლილობასთან. ხოლო ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ზომიერი ვარჯიში აუმჯობესებს მდგომარეობას პაციენტთა ნაწილში.

მალნუტრიცია

მალნუტრიციის შემთხვევაში დაღლილობა ხშირად აღინიშნება. კვებითი სტატუსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაღლილობის განვითარებაზე იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებები. 

ინფექციები

როგორც უკვე ვახსენეთ, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების უხშირესი და უნივერსალური ნიშანია დაღლილობა. იმ პაციენტების გამოკვლევისას, რომლებიც უჩივიან ხანგრძლივ და ქრონიკულ დაღლილობას, საჭიროა ისეთი დაავადებების გამორიცხვა, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ქრონიკული ჰეპატიტი და ენდოკარდიტი. კვირებისა და თვეების ხანგრძლივობის დაღლილობა შესაძლოა თან ახლდეს EBV-ით გამოწვეულ ინფექციურ მონონუკლეოზსაც.

მედიკამენტები

დაღლილობა ხშირად აღინიშნება დიდი რაოდენობით მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მომხარებლებში. დაღლილობა შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებისას, როგორებიცაა ანტიდეპრესანტები, ანტისიმსივნური, ანტიფსიქოზური, ანქსიოლიზური, ოპიოიდური, ანტისპასტიური, ანტიეპილეფსიური პრეპარატები და ბეტა ბლოკერები.

კარდიოვასკულური და ფილტვის დავადებები

დაღლილობა გულის უკმარისობისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომია, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

მალიგნიზაცია

დაღლილობა, რომელიც ასოცირებულია წონის აუხსნელ კლებასთან, შეიძლება იყოს ფარულად მიმდინარე ონკოლოგიური დაავადების სიმპტომი. თუმცა ქრონიკული დაღლილობის მქონე პაციეტებში, რომლებსაც სხვა არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, როგორც წესი, სიმსივნური პროცესებიც გამოირიცხება ხოლმე. კიბოს დიაგნოზის დასმისას, დაღლილობა აღენიშება პაციენტთა დაახლოებით 40%-ს, ხოლო დაავადაების მიდმინარეობის პროცესში, იგი არინიშნება პაციენტთა 80%-ზე მეტში.

ჰემატოლოგიური დაავადებები

ქრონიკული ან პროგრესირებადი ანემია ხშირად ვლინდება დაღლილობით და, როგორც წესი, აღინიშნება სხვა ქრონიკული დაავადებების დროს. ამ დროს შესაძლოა თანდართული იყოს გახშირებული პულსი და ქოშინი. ასევე სხვა დაავადებბის შემთხვევაში, შესაძლოა სწორედ ანემია გახდეს დაღლილობის მიზეზი. შრატში ფერიტინის დაქვეითებული დონე ანემიის გარეშეც, შეიძლება იწვევდეს დაღლილობას, თუმცა რკინის პრეპარატების მიღება მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. 

სისტემური ანთება / რევმატოლოგიური დაავადებები

სისტემური წითელი მგლურა, რევმატული პოლიმიალგია, რევმატოიდული ართრიტი, ანთებითი ნაწლავის სინდრომი, ანტინეიტროფილურ ციტოპლაზმურ ანტისხეულებთან (ANCA) ასოცირებული ვასკულიტები, სარკოიდოზი, შოგრენის სინდრომი და პირველადი იმუნოდეფიციტები. ეს ამ ჯგუფის დაავადებათა მცირე ჩამონათვალია. დაღლილობა მათი უხშირესი, მაგრამ არაიზოლირებული სიმპტომია.

ორსულობა

დაღლილობა აღინიშნება ორსულობის სამივე ტრიმესტრში, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც.

უცნობი ეტიოლოგიის დაავადებები

ამ ჯგუფში ყველაზე ემნიშვნელოვანია ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რომელზეც შემდგომში ვისაუბრებთ. ასევე, ამ ჯგუფში ერთიანდება ფიბრომიალგია და გალფ-ვორის სინდრომი, რომლეთათვის ასევე დამახასიათებელია დაღლილობა.

მკურნალობა

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაღლილობის გამომწვევ ფაქტორზე ზემოქმედება, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში დაღლილობა, როგორც წესი, მუდმივ ხასიათს ატარებს და არ ემორჩილება მკურნალობას. იმ შემთხვევაში, თუ დაღლილობას იწვევს დეპრესია, ფაქიზად უნდა შეირჩეს ანტიდეპრესანტები და იმის გამო, რომ თავად ანტიდეპრესანტებსაც ახასიათებთ დაღლილობის გამოწვევის უნარი, მათ ეფექტიანობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მალევე იქნას მიღებული მისი მოხსნის გადაწყვეტილება. კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპია, საკმაოდ ეფექტურია ქრონიკული დაღლილობის სინდრომისა და ონკოლოგიური დაავადების მქონე პაცინეტებში. ქრონიკული დაღლილობის მქონე პაცინეტებში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და ზომიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც უპირატესად, სიარულს გულისხმობს, საკმაოდ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს გულისცემის სიხშირე, რამეთუ არ მოხდეს გადაღლა და გადატვირთვა. D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი მარაგის შევსება. თანამედროვე მკურნალობის მეთოდები მოიცავს ინტერლეიკინ 1-სა და სიმსივნი ნეკროზის ფაქტორ ალფას ინჰიბირებას. ცნობილია, რომ ეს და ზოგიერთი სხვა ციტოკინი მონაწილეობს დაღლილობის განვითარებაში.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი