Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

ღვიძლი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტრი – დაავადებები, რისკები, პრევენცია და ყველაფერი რაც ამ ორგანოს შესახებ უნდა იცოდეთ

ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ყველაზე დიდია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ორგანიზმისთვის ერთგვარი ფილტრია.

ღვიძლი ჩვენს სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს და ამ ორგანოში წუთში 20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. 

უნიკალური ანატომიური აგებულის დამსახურებით ღვიძლი ადამიანის სხეულში 500-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს და უამრავ სასიცოცხლო ფუნქციასთანაა დაკავშირებული – ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლური პროცესები, ფერმენტების, ცილების, ვიტამინების წარმოქმნა.

ღვიძლის ძირითადი ფუნქციებია:

  • საკვები ნივთიერებების შენახვა/დაგროვება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება;
  • ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინების, მედიკამენტების თუ ალკოჰოლის გამოყოფა;
  • ორგანიზმის ენერგიით მომარაგება;
  • იმუნიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილებისა და ვიტამინების სინთეზი;
  • მცირე და რთული მოლეკულების სინთეზი და დაშლა;
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლა და ჰორმონების გამომუშავება;
  • დახმარება საჭმლის მონელებაში – ღვიძლი წარმოქმნის ნაღველს, ტუტე სითხეს, შეიცავს ქოლესტერინს, ნაღვლის მჟავებს და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას.

ზედმეტად მნიშვნელოვანი…

რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია ღვიძლს, ამდენად სერიოზულ დატვირთვას უძლებს ყოველდღიურად. ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, ვიღებთ საკვებს რომელიც კონსერვანტებით თუ სხვა ქიმიური დანამატებითაა სავსე, გვიწევს წამლების მიღება. ზოგიერთი ჩვენგანი ეწევა სიგარეტს, იღებს ალკოჰოლს. შედეგებთან გამკლავება კი ღვიძლს უწევს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო 1970 წლიდან ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 400%-ითაა გაზრდილი. ეს კი ნამდვილად შემაშფოთებელი ციფრია. 

ღვიძლის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს იცოცხლოს ისე, როგორც მაგალითად კუჭის, მსხვილი ნაწლავის ან ელენთის გარეშე. 

ღვიძლმა ტკივილი არ იცის?

სამწუხაროდ, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტთა უმრავლესობა მხოლოდ ყრუ ტკივილს უჩივის, ამიტომ ხშირად პრობლემის აღმოჩენა დროულად ვერ ხერხდება. შესაძლოა აღინიშნებოდეს საერთო სისუსტეც, რომელიც ღვიძლის დაავადების არსებობას არც ადასტურებს და არც გამორიცხავს. ერთადერთი სწორი გამოსავალი და პრევენციული ღონისძიება რეგულარული ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა.

რა იწვევს ღვიძლის დაავადებებს? 

ღვიძლის დაავადებების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ზედმეტი ალკოჰოლის მიღებაა. თუმცა, რიგ შემთხვევაში ვირუსული ინფექცია, შესაძლოა ინფიცირებულთან კონტაქტითაც გავრცელდეს. 

სხვა ფაქტორებია:

  • გენეტიკური დარღვევები;
  • ტოქსინები (შხამიანი სოკო, სამრეწველო ქიმიკატები…);
  • მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, სტატინები, მეტოტრექსატი და სხვა).

ღვიძლის დაავადებების სია კი საკმაოდ მოცულობითია – ვირუსული ჰეპატიტები – A,B,C, D, E, ასევე სხვა ინფექციური დაავადებები; ღვიძლის გაცხიმოვნება და ანთებითი პროცესი; ავტოიმუნური ჰეპატიტი; ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებები; გენეტიკური დაავადებები. 

ციროზი

ღვიძლი საკმაოდ ძლიერი ორგანოა და დაზიანებული უჯრედების აღდგენა ადვილად შეუძლია. თუმცა, როდესაც დამაზიანებელი ფაქტორები (მაგალითად ალკოჰოლი თუ ქრონიკული ინფექციები) ხანგრძლივია, მას ამ ფუნქციის შესრულება უჭირს და ვითარდება ციროზი. 

ციროზი არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლის ჯანსაღი ქსოვილი ზიანდება, იღუპება ღვიძლის უჯრედები და მათ ნაწიბუროვანი ქსოვილი ანაცვლებს. ციროზი არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ღვიძლს ამცირებს და ამკვრივებს, რაც მეტაბოლიზმს უშლის ხელს. შედეგად ვითარდება პორტალური ჰიპერტენზია, ანუ ვენაში მაღალი არტერიული წნევა.

სიტყვა „ციროზი“ – ნიშნავს ყვითელს, სწორედ ასეთი შეფერილობა აქვს ღვიძლს დაავადების ბოლო სტადიაში, როდესაც თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. 

როგორია სტატისტიკა?

ციროზი მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და 2001 წლიდან 771 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს დაავადება უფრო ხშირად შუახნის და უფრო ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ, თანაც ორჯერ უფრო ხშირად – მამაკაცებს. 

სტატისტიკის მიხედვით ციროზის შემთხვევათა 50% ალკოჰოლს უკავშირდება, 25% – ვირუსულ ჰეპატიტს, ხოლო 25%- სხვა დაავადებებს. 

ამ ამბავში ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ციროზი ძალიან საშიში დაავადებაა, შეუძლია წლების განმავლობაში შეუმჩნევლად ვითარდებოდეს. დროთა განმავლობაში კი ისეთი სიმპტომები იჩენს თავს როგორიცაა – სისუსტე, უმადობა, წონის უმიზეზოდ კლება, სიყვითლე, კანის ქავილი, პირის სიმწარე.. 

მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, სცვივათ თმა, ქალებს მენსტრუალური ციკლი უწყდებათ.

გართულებები:

  • ღვიძლის უკმარისობა – კომა.
  • ღვიძლის კიბო.
  • ასციტი.
  • სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან. 

როგორ ვლინდება ციროზი

ციროზის რამდენიმე ფორმა და სტადია არსებობს, დაავადების გამოვლენაც ყველაზე მეტად მათზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აქტიურად იჩენს თავს პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც ღვიძლის უჯრედის დაზიანებაზე მიუთითებს.

ასეთი ნიშნებია:

  • ე.წ. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები – კანის ზედაპირზე გამოსახული სისხლძარღვების ქსელი. (მათი არსებობა ციროზის უტყუარი ნიშანი არ არის!)
  • ხელისგულზე გამოსახული მუქი წითელი ლაქები;
  • ტუჩების სიწითლე;
  • ჰორმონალური დარღვევები;
  • ე.წ. ქსანთომური ფოლაქები – კანზე მოყვითალო-მოყავისფრო წარმონაქმნები;
  • სისხლდენა საყლაპავიდან, კუჭიდან..

მკურნალობა

ციროზის დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს დაბალანსებულ დიეტას უნიშნავენ, იკრძალება ალკოჰოლი. ბუნებრივია, ინიშნება შესაბამისი პრეპარატები, ვიტამინები. 

ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება და სიცოცხლის გახანგრძლივებაცაა შესაძლებელი. 

ეს დაავადება საკმაოდ ნელა პროგრესირებს, ამიტომ მის დროულად აღმოჩენას და მკურნალობას შედეგი ნამდვილად აქვს. ციროზის მკურნალობის რადიკალური გზა ქირურგიული ჩარევა და ღვიძლის გადანერგვაა. 

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტი შესაბამისი ვირუსით (HBV) გამოწვეული ღვიძლის ინფექციაა. HBV არის ძალიან გადამდები დაავადება, რომელიც ჰეპატიტის 5 ტიპიდან ერთ-ერთია. მისი გავრცელება დაინფიცირებულის სისხლით ხდება. კოცნა, ცემინება, ხველება თუ ძუძუთი კვება ვირუსის გავრცელებას არ იწვევს.

სტატისტიკა

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექცია 1,4 მილიონამდე ადამიანს აქვს. B ჰეპატიტის შემთხვევათა 15-25% ღვიძლის სერიოზული დაავადებების – კიბოს, ციროზის და ღვიძლის უკმარისობის მიზეზი ხდება.

C ჰეპატიტი

ეს არის ვირუსი HCV, რომელიც ღვიძლის ანთებას და ინფექციას იწვევს. ყველაზე ხშირად ეს ვირუსიც დაინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით ვრცელდება და B ჰეპატიტის მსგავსად, ისიც სერიოზული დაავადებების გამომწვევია.

სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქრონიკული C ჰეპატიტი მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აქვს. ჰეპატიტის სხვა ტიპებთან შედარებით, C ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. 

ღვიძლის გადიდება

ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ორგანოს გადიდებაა. ამ მდგომარეობის მიზეზი შესაძლოა გახდეს – ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა, გულის უკმარისობის დროს ღვიძლში სისხლის შედედება, ღვიძლის დაზიანება სიმსივნის დროს. ღვიძლის ზომაში მატება შეიძლება გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმაც, გაცხიმოვნებამ, ტოქსიკურმა დაზიანებამ

გადიდებული ღვიძლის აღმოჩენა ექიმს ხელით გასინჯვის დროსაც შეუძლია, თუმცა ორგანოს მდგომარეობის შესაფასებლად ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯები – აუცილებელია.

ღვიძლის გაცხიმოვნება

როდესაც ღვიძლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დიდი რაოდენობა გროვდება, გაცხიმოვნება იწყება. ამ მდგომარეობას( ცხიმოვანი ჰეპატოზი, სტეატოზი, ცხიმოვანი დისტროფია) ძირითადად ალკოჰოლი იწვევს. არსებობს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებაც, რომელიც ფიბროზის მიზეზი ხდება ხოლმე. იმ ადამიანებს, ვისაც ზედმეტი წონა და მასთან დაკავშირებული დაავადებები (მაგალითად ტიპი 2 დიაბეტი) აწუხებთ – ღვიძლის გაცხიმოვნების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება ჭარბწონიანობით დაავადებული ადამიანების რაოდენობა და შესაბამისად ღვიძლის დაავადების მაჩვენებელიც პროგრესირებს. 

ჩივილები:

  • ადვილად დაღლა
  • გულისრევის შეგრძნება
  • თავის ტკივილი
  • ყაბზობა და დიარეა

ამ დაავადების პრევენცია ჯანსაღი კვებით და რეგულარული ფიზიკური აქტივობითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ზედმეტი წონის არსებობის შემთხვევაში, მისგან განთავისუფლებაზეც უნდა იფიქროთ.

ვის ემართება?

ღვიძლის გაცხიმოვნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხდება, თუმცა 45 წლიდან სიხშირე უფრო მატულობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაალკოჰოლური გაცხიმოვნების შემთხვევებმა ბავშვებშიც მკვეთრად იმატა, რაც სიმსუქნის მზარდ მაჩვენებელს უკავშირდება. 

თუკი ისევ აშშ-ს ოფიციალურ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ღვიძლის სტეატოზი მოსახლეობის მესამედს აწუხებს და ეს დაავადება ჭარბი წონის მქონეთა 80%-შია დადასტურებული. ევროპის მასშტაბით კი დაავადებულთა რაოდენობა მოსახლეობის 33%-ია. 

გაითვალისწინეთ!!! 

ღვიძლის გაცხიმოვნება შესაძლოა ციროზის, კიბოს და ღვიძლის უკმარისობის მიზეზი გახდეს. მას კავშირი აქვს ასევე სხვადასხვა დაავადებებთან:

  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • მეტაბოლური დარღვევები;
  • ჰიპერტენზია;
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები.

რას ნიშნავს ღვიძლის უკმარისობა?

„ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა“ ღვიძლის ფუნქციის რამდენიმე დარღვევას აერთიანებს და სულ სამი სტადია აქვს.

  1. საწყისი
  2. დეკომპენსირებული
  3. ღვიძლის კომა.

საწყის სტადიაზე დაავადება შესაძლოა საერთოდ უსიმპტომო იყოს, თუმცა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები დარღვევას ნამდვილად აღმოაჩენს. ღვიძლის კომა კი უკვე უმძიმესი დაავადება, რომლის დროსაც დარღვევები ღვიძლს სცდება და სხვა ორგანოებსაც ითრევს. 

ღვიძლის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს:

  • ციროზი;
  • ჰეპატოზი;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • მეტასტაზები ღვიძლში
  • ტრავმები;
  • დამწვრობა.

ღვიძლის კიბო

ეს არის უმწვავესი დაავადება, რომელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებები აქვს.

  • შრომისუუნარობა
  • მუდმივი დაღლილობა
  • მადის დაქვეითება
  • წონაში კლება
  • ტკივილი მუცლის არეში
  • ტემპერატურის მატება
  • დაბალი წნევა.

თუ რა აჩენს ღვიძლის კიბოს, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. სპეციალისტთა ნაწილი მას ისეთ ინფექციურ დაავადებებთან აკავშირებს, როგორიცაა – სიფილისი, ტუბერკულოზი და სხვა.

ღვიძლის კიბოს 4 სტადია

პირველი – გარეგანი გამოვლინებები ნაკლებია და სიმსივნე შესაძლოა ნებისმიერი ზომის იყოს. მეტასტაზები ღვიძლის ფარგლებს არ სცდება.

მეორე– სიმსივნური წარმონაქმნი სისხლძარღვებში იზრდება. პაციენტი გულისრევას, ღებინებას და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევას უჩივის.

მესამე – სიყვითლე, ფეხებისა და წელის შეშუპება. მეტასტაზები მოშორებით მდებარე ორგანოებში ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.

მეოთხე – ტერმინალური სტადია, როდესაც სიმსივნური უჯრედები არამხოლოდ მეზობელ, არამედ მოშორებით მდებარე ორგანოებამდეც აღწევს. 

ვის ემართება?

მთავარი რისკ-ფაქტორების სია ასე გამოიყურება:

  • სქესი – სტატისტიკის მიხედვით, ღვიძლის კიბო უფრო ხშირად კაცებს აწუხებთ;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • მემკვიდრეობითი დაავადებები;
  • ციროზი;
  • ანაბოლიკური სტეროიდები.

კორონავირუსი და ღვიძლი

როგორც ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid-19-ის გადატანა შედარებით გაუჭირდათ და დაავადების მიმდინარეობა საკმაოდ მძიმე იყო. უფრო მეტიც, B და C ჰეპატიტები კორონავირუსით სიკვდილიანობის გაზრდილ რისკსაც უკავშირდება.

ღვიძლი კორონავირუსისთვის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენს და ვირუსის მოქმედებამ შესაძლოა ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა გამოიწვიოს. 

როგორ ავიცილოთ თავიდან ღვიძლის დაავადებები!

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო გარემო ფაქტორების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, მისი ჯანმრთელობისთვის ხელის შეწყობა აუცილებელია.

ტესტირება

ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია ჰეპატიტია. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა ჰეპატიტის ყველა ტიპს ცნობს და სწრაფი პასუხის მქონე ტესტებიც არსებობს. ამიტომ, სასურველია ჯანმრთელობა ხშირად გააკონტროლოთ. გარდა ამისა, არსებობს ვაქცინაციაც, რომელიც ადამიანის სხეულში სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგო ანტისხეულს გამოიმუშავებს. 

შეზღუდეთ ალკოჰოლი

ღვიძლის პათოლოგიების უმრავლესობა ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება. ალკოჰოლი იწვევს ღვიძლის ანთებას და შეშუპებას. ასევე ციროზს და ღვიძლის კიბოს. 

ღვიძლი მიღებული ალკოჰოლის 90%-ს ამუშავებს, რაც უფრო მაღალია სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, მის გადამუშავებასაც მეტი დრო სჭირდება. 

ბუნებრივია, როცა ალკოჰოლი ჭარბად მოიხმარება, ღვიძლს უჭირს მისი სრულად გადამუშავება და ნაწილი სისხლში გადადის. შედეგად წარმოიქმნება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ღვიძლის უჯრედების განადგურებაც იწყება. 

არსებობს თუ არა ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა?

ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა 10-14 გრამ ალკოჰოლს, ანუ დაახლოებით 150 მლ ღვინოს შეადგენს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა იმ პირებისთვის, ვისაც ღვიძლის ქრონიკული დაავადებები არ აწუხებს. ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, ალკოჰოლი რაციონიდან საერთოდ უნდა გაქრეს. 

სწორი კვება

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება არაჯანსაღ საკვებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, ცილებით მდიდარი სწორი კვება. სასურველია მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული. ზოგიერთი კვლევით სასარგებლოა ყავაც, რადგან კოფეინი ღვიძლის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.

პირადი ჰიგიენა

ჰეპატიტი გადამდები ინფექციაა, ამიტომ პირადი ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახში ყველას საკუთარი – სავარცხელი, მაკრატელი, საპარსი და სხვა ნივთები უნდა ჰქონდეს. 

შეამოწმეთ ღვიძლი!!!

ღვიძლის დაავადებების შესახებ შესაძლოა უჩვეულო სიმპტომებით გენიშნოთ და ეს ყველაფერი ამ ორგანოს საერთოდ არ დაუკავშიროთ. ასეთ ნიშნებს შორისაა მაგალითად კანის ქავილი თუ დაღლილობა, რომელსაც როგორც წესი, ყურადღებას ნაკლებად აქცევენ ხოლმე. 

საბედნიეროდ, მცირე დაზიანების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ღვიძლი აღდგენას დამოუკიდებლადაც ახერხებს. 

სიმპტომები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ..

ბუასილი – ღვიძლის დაავადების დროს წნევა იზრდება, რაც ორგანოების ვენების გაფართოებას და ბუასილს იწვევს.

შებერილობა – ღვიძლის ციროზის დროს მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე გროვდება და შებერილობას იწვევს.

ქავილი – ეს სიმპტომი შესაძლოა მსუბუქი ქავილიდან მტკივნეულ ქავილამდე მერყეობდეს.

დაღლილობა – როცა ეს მდგომარეობა დიდ ხანს გრძელდება, შესაძლოა ღვიძლის პრობლემაზე მიუთითებდეს. 

ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში – თავად ღვიძლი ტკივილს არ იწვევს, თუმცა სხვა ორგანოებზე გადაცემული ტკივილით გამოიხატება.

ღვიძლის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად საჭიროა !!!

  • ფიზიკური აქტივობა
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • ვიტამინებით მდიდარი რაციონი
  • ალკოჰოლზე უარის თქმა
  • რეგულარული შემოწმება

დღეს თითქმის არ არსებობს დაავადება, რომლის განკურნებაც (ან შეჩერება მაინც) თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია. მთავარია, ის დროულად აღმოაჩინოთ. ღვიძლი იმ ორგანოებს შორისაა, რომელთა დაავადებაც შეუმჩნევლად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტი არსებული პრობლემის შესახებ ზედმეტად გვიან იგებს. ამიტომ, რეგულარული შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.