Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

გთავაზობთ მომავალი დედის ჯადოსნური მოგზაურობის ყველაზე საინტერესო მომენტების მოკლე აღწერას – რა ხდება ორსულობის თითოეულ ეტაპზე და რა უნდა გაითვალისწინოს ყველა დედამ !

ორსულობა ყველა ქალისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა. აქ გაეცნობით ორსულობის თითოეულ ტრიმესტრს, ყველა შესაძლო ცვლილებას და სიმპტომს ნაყოფის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი: 1-13 კვირა.
  • ორსულობის მეორე ტრიმესტრი: 14-27 კვირა.
  • ორსულობის მესამე ტრიმესტრი: 28-42 კვირა.

პირველი ტრიმესტრი

ორსულობა პირველი ტრიმესტრი md.ge

ეს არის ორსულობის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი,  რადგან ყალიბდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ორგანო – პლაცენტა, ჭიპლარი და ნაყოფის ბუშტი, რომელიც ივსება ამნიონური სითხით. უჯრედების პატარა ერთობლიობაში ჯერ ხერხემალი ყალიბდება, შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა ტვინი, გული და ფილტვები, გამოიყოფა სახის ძირითადი ნიშნები (ცხვირი, თვალები, პირი), ჩნდება ხელებისა და ფეხების რუდიმენტები. ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფის კანი ჯერ კიდევ თხელი და გამჭვირვალეა, მაგრამ მალე ის უფრო მკვრივი გახდება და მასზე რბილი ფრჩხილების ფორმირება დაიწყება. პირველი ტრიმესტრის ბოლოს ემბრიონი აღწევს 6-7 სმ-ს და დაახლოებით 20 გრამს იწონის. ეს პერიოდი ყველაზე ნაკლებად კომფორტული პერიოდია დედისთვის და მას  შესაძლოა დაეწყოს შემდეგი ნიშნები :

სისუსტე ან გულისრევის შეგრძნება

თუ დილაობით გულისრევა გაწუხებთ, სწორად დაგეგმეთ რაციონი. ჭამეთ ცოტა და ხშირად, მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, დალიეთ ბევრი წყალი. შეეცადეთ, ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე. თუკი უფრო მძიმე სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სარძევე ჯირკვლების ცვლილებები

სარძევე ჯირკვლები იწყებენ ზომაში ზრდას და შეიძლება ოდნავ ტკივილის შეგრძნებაც გაგიჩნდეთ.  ძუძუს თავები უფრო მუქი და გამოკვეთილი ხდება.

იზრდება ემოციურობა

ზედმეტი ემოციურობა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონების დონის მატებით, აბსოლუტურად ნორმალურია. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა და მოთმინება.

გემოვნების ცვლილება

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვერ იტანთ ერთ საკვებს და ხართ დამოკიდებული მეორეზე. ეს ჩვეულებრივ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ არ გაგიჩნდებათ ისეთი უცნაური საკვების მირთმევის მოთხოვნილება, როგორიცაა მაგალითად ცარცი. თუკი მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

ხშირი შარდვა

როდესაც ორგანიზმში სითხის შემცველობა იზრდება, საშვილოსნო შარდის ბუშტს აწვება, ამიტომ ტუალეტით სარგებლობა უფრო ხშირად მოგინდებათ. თავს ნუ შეიკავებთ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შარდის ბუშტზე წნევას შეამცირებს.

თავბრუსხვევა

ხანდახან შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა (ეს არის ჰორმონალური ცვლილებების შედეგი). ეცადეთ, დიდხანს არ იდგეთ ფეხზე, მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციას სწრაფად ნუ შეიცვლით.თუკი თავბრუსხვევა გაწუხებთ, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გულძმარვა და ყაბზობა

ორსულობის დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტ დროს უთმოს საკვების ათვისებას. ეს კი შესაძლოა გულძმარვისა და ყაბზობის მიზეზი გახდეს.

ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:

  • ვიტამინებისა და მინერალების მიღება, რათა ორგანიზმს ჰქონდეს საკმარისი საკვები ნივთიერებები ნაყოფის განვითარებისთვის;
  • ინფექციური და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა;
  • ზედმეტი სტრესის თავიდან არიდება;
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა;
ორსულთა კვება

ორსულის მიერ მიღებული საკვები მუცლად მყოფი ნაყოფის კვების მთავარი წყაროა, სწორედ ამიტომ ეს საკვები ძალიან უსაფრთხო და თან სასარგებლო უნდა იყოს. სასურველია, სწორი დიეტა ორსულობის წინა პერიოდიდანვე დაიწყოს და ბოლომდე გაგრძელდეს.

ჯანსაღი დიეტა ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ორსულისთვის ჯანსაღი კვება – ბოსტნეულით, ხილით, ცილებით, რძის პროდუქტით სავსე რაციონს გულისხმობს. ქალმა საკმარისი რაოდენობით ნახშირწყლები, ვიტამინები და ცხიმები უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, ეს ცხიმები ცხოველური წარმოშობის იყოს, რადგან მათში დიდი რაოდენობითაა საჭირო ამინო მჟავები.

დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ასევე: რკინას, კალციუმს, ფოლიუმს, იოდს და D ვიტამინს.

  • ვიტამინი D – რძე, თევზი.
  • ფოლიუმი – ფორთოხლის წვენი, პარკოსანი მცენარეები, თხილი.
  • რკინა- მჭლე ხორცი, ლობიო, ქლიავის წვენი.
  • კალციუმი – მაწონი, რძე.

ხოლო ის, თუ რა რაოდენობით არის ამ საკვების მიღება სასარგებლო, თითოეული ორსულისთვის საჭირო კვლევების შემდეგ განისაზღვრება.

რისი მირთმევა არ არის რეკომენდირებული!

ზოგიერთი სახეობის საკვები ორსულებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ, რათა ნაყოფი მავნე ზემოქმედებისგან დაიცვან. აკრძალულ პროდუქტთა სია ასე გამოიყურება:

კოფეინი: კოფეინის რაოდენობა ორსულმა მკაცრად უნდა შეზღუდოს. ზედმეტი კოფეინი იწვევს უძილობას, გულისრევის შეგრძნებას, იმატებს შარდის გამოყოფა. სასურველია, თუკი ორსული დღის განმავლობაში ერთ ან მაქსიმუმ ორ ფინჯან ყავას მიირთმევს.

პიკაციზმი – ზოგიერთ ქალს ორსულობის დროს არასაკვები ნივთიერებების მიღების სურვილი უჩნდება, იქნება ეს ცარცი, ბალახი, სარეცხის ფხვნილი, თიხა თუ სხვა. ამ მდგომარეობას პიკაციზმი ეწოდება და შეკრულობისა და ანემიის გამოწვევა შეუძლია. როდესაც ორსულს მსგავსი სურვილები უჩნდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში გარკვეული მინერალების (მაგალითად, რკინის) დეფიციტი აქვს და ამის დარეგულირება შესაბამისი კვლევებითაა შესაძლებელი.

ვარჯიში

გართულების გარეშე მიმდინარე ორსულობის დროს რეკომენდირებულია, რომ ორგანიზმი არ მოდუნდეს. ასეთ დროს სწორი ვარჯიში დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც ძალიან სასარგებლოა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ჯანმრთელობას და კარდიორესპირატორულ ფუნქციას, ხელს უწყობს წონის კონტროლს. ვარჯიში ორსულს ისეთი გართულებების თავიდან აცილებაში ეხმარება როგორიცაა – მაკროსომია (ნაყოფი ზედმეტად დიდი წონისაა), გესტაციური დიაბეტი და პრეეკლამფსია (მაღალი არტერიული წნევა და ორგანოთა სისტემების დაზიანება).

ბუნებრივია, მანამ სანამ ორსული ვარჯიშს დაიწყებს სპეციალისტთან კონსულტაცია უნდა გაიაროს, საჭირო კვლევები ჩაიტაროს და ყველა უკუჩვენება გამორიცხოს. უნდა შეიკრიბოს სამედიცინო ანამნეზი, გამოვლინდეს გართულებები.

ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით, ორსულისთვის ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ვარჯიშის ტიპიც, ხანგრძლივობაც და ინტენსივობაც.

პირველი ტრიმესტრისთვის სასურველი ანალიზების ჩასატარებლად დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე: (+995) 32 2 800 200

მეორე ტრიმესტრი

ორსულობა მეორე ტრიმესტრი md.ge

ეს ორსულობის შედარებით მშვიდი პერიოდია. ხშირ შემთხვევაში, ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობის დროს, მე-2 ტრიმესტრი ითვლება ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად, როდესაც დედას შეუძლია დაისვენოს: ტოქსიკოზი იკლებს, ჰორმონალური დონე სტაბილური ხდება და მცირდება ანომალიების განვითარების რისკი. თუმცა, საფრთხის რისკები ნებისმიერ დროს არსებობს, ამიტომ მეორე ტრიმესტრში ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი ყურადღების მიქცევა და ორგანიზმის ვიტამინებით გაძლიერება. მეორე ტრიმესტრის ბოლოსკენ ბავშვის წონა შესაძლოა 1200 გრამამდე გაიზარდოს, ხოლო სიგრძე კი 23 სანტიმეტრამდე. დედა უკვე გრძნობს მის მოძრაობას, ბავშვიც უკვე რეაგირებს შეხებაზე და ხმაზე, ქუთუთოები იწყებენ გახსნას, თვალსაჩინო ხდება წარბები და წამწამები. კანი დაფარულია წვრილი თმებით და კრემისებრი თეთრი ნივთიერებით, რომელსაც ვერნიქსი ეწოდება, ვითარდება ყლაპვისა და წოვის რეფლექსები, თავზე თმა იწყებს ზრდას.

თითებზე უკვე ჩამოყალიბდა თითის ანაბეჭდის ნიმუშის ხაზები.

ამ ეტაპზე შეიძლება იყოს შემდეგი გამოვლინებები:

ტკივილი გვერდებში და მუცლის ქვეშ: რომელიც შეიძლება იყოს სხეულის ქსოვილების დაჭიმვის შედეგი.

გაჭედილი ცხვირი : ჰორმონის დონის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის შეშუპება და იშვიათ შემთხვევაში ცხვირიდან სისხლდენაც კი.

ზოგჯერ ღრძილების დარბილება:  პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და კბილის ჯაგრისი მაქსიმალურად ფრთხილად გამოიყენოთ.

კანის ქავილი: ბავშვის ზრდასთან დაკავშირებულმა დაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, ამიტომ სასურველია დამატენიანებლების გამოყენება.

ვარიკოზული ვენები და ბუასილი:  ორსულობის დროს უფრო მეტად მიდრეკილი იქნებით ვარიკოზული ვენების და ბუასილისკენ. სასურველია, დიდხანს არ იდგეთ, არ ისხდეთ, არ გადააჯვარედინოთ ფეხები. თუ თქვენ განიცდით დისკომფორტს ან ტკივილს ანალურ მიდამოში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰემოროიდების სამკურნალო საშუალება.

ვაგინალური გამონადენი: თხელი, თეთრი ვაგინალური გამონადენი, რომელსაც ლეიკორეა ჰქვია, ნორმალურია ორსულობის ამ პერიოდში. ეს გამონადენი ხელს უწყობს საშოს ჯანმრთელობას. თუ აღმოაჩენთ სხვა ტიპის ან ფერის გამონადენს, მიმართეთ ექიმს.

კანის პიგმენტაციის დარღვევა: ორსულობის ჰორმონებს სახეზე და მუცელზე მუქი ლაქების გაჩენისთვის ხელის შეწყობა შეუძლია. ასეთ დროს მზე ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, ამიტომ მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება აუცილებელია.

ქოშინი: ვინაიდან თქვენი ფილტვებიდან ჟანგბადს უკვე ბავშვიც იღებს, შესაძლოა სუნთქვა გახშირდეს.

გაზრდილი მადა: როდესაც თქვენი შვილი იზრდება, თქვენ შეიძლება მუდმივად იგრძნოთ შიმშილი, მაგრამ სასურველია გადაჭარბებული საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ, აირჩიეთ ჯანსაღი საკვები, როგორიცაა ხილი ან იოგურტი.

ორსულის წონა

ის თუ რამდენი კილოგრამის მომატებაა ორსულისთვის მისაღები, ორსულობის დასაწყისში მისი სხეულის წონაზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, ორსულის წონა დიდ გავლენას ახდენს ახალშობილზე და ასევე სამეანო გართულებების სიხშირეზე.

ექიმმა პირველივე ვიზიტის დროს უნდა გამოთვალოს ქალის სხეულის მასის ინდექსი და განსაზღვროს ორსულობის განმავლობაში დასაშვები წონის სიდიდე.

წონის მაღალ ან პირიქით დაბალ მატებას არაერთი გართულების გამოწვევა შეუძლია. როდესაც წონის ნამატი ძალიან დაბალია, ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება.

ხოლო ჭარბწონიანობის დროს დაგვიანებული მშობიარობის და გესტაციური დიაბეტის, პრეეკლამფსიის რისკები იმატებს.

საჭირო რაოდენობის წონის მატებით ნაყოფი ჯანსაღი ზომის იზრდება.

მეორე ტრიმესტრისთვის სასურველი ანალიზების ჩასატარებლად დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე: (+995) 32 2 800 200

მესამე ტრიმესტრი

ორსულობა მესამე ტრიმესტრი md.ge

მესამე ტრიმესტრი უკვე მზადებაა მშობიარობისთვის. ნაყოფში ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია, მიმდინარეობს მომწიფების პროცესები. დედას შესაძლოა გაუხშირდეს შარდვა, დიდი მუცლის გამო შესაძლებელია ძილის პრობლემები, რაც ხელს უწყობს ქალის დამატებით დაღლილობას. ამიტომ მესამე ტრიმესტრი არის ყველაზე დამღლელი ეტაპი. ამ პერიოდში აუცილებელია კარდიოგრაფის პროცედურის ჩატარება, რომელშიც ფიქსირდება ნაყოფის გულისცემა. ასევე უნდა გამოვიკვლიოთ, აქვს თუ არა პატარას ჟანგბადის ნაკლებობა, შევაფასოთ მისი მდგომარეობა და ა.შ. 

ზოგიერთი მომავალი დედისთვის სასურველია სპეციალური ბანდაჟის ტარებაც , რომელიც ამცირებს დატვირთვას ზურგზე და ხელს უწყობს უფრო ჯანსაღ ორსულობას. ბანდაჟის ტარება სასურველია საკეისრო კვეთის შემდეგაც, თუკი ეს მეორე ორსულობაა.

მესამე ტრიმესტრში შესაძლოა კიდევ ერთმა უცნაურობამ იჩინოს თავი, მას სახელად  ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვა ჰქვია. ეს არის ცრუ შეკუმშვა, შეიძლება ითქვას სავარჯიშოც კი. ეს შეკუმშვა ხდება მოულოდნელად და არარეგულარულად ან უეცარი მოძრაობების შემდეგ. თუ დროთა განმავლობაში შეკუმშვა ხდება უფრო რეგულარული ან მტკივნეული, ან თუ გრძნობთ, რომ გაქვთ ნამდვილი შეკუმშვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მესამე ტრიმესტრისთვის სასურველი ანალიზების ჩასატარებლად დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე: (+995) 32 2 800 200

გახსოვდეთ, რომ ორსულობა საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ქალმა არჩევანი ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ გააკეთოს, მეტი ყურადღება დაუთმოს სწორ კვებას თუ ფიზიკურ აქტივობას.

ორსულებისთვის აუცილებელი რჩევების შეჯამება:
  • ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ თუ რა  წონა უნდა მოიმატოთ ორსულობის დრო და თქვენი პროგრესი რეგულარულად აკონტროლეთ.
  • მიირთვით ფოლიუმის მჟავით, რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები და სასმელი.
  • ესაუბრეთ ექიმს პრენატალური დანამატების შესახებ (ვიტამინები, რომლებიც შეიძლება მიიღოთ ოსრულებისას).
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, თამბაქოს.
  • ორსულობის დროს გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში, ისეირნეთ ბევრი, თუმცა მანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

მსოფლიო პანდემიის ფონზე, ორსულებისთვის ექიმთან ვიზიტი შესაძლოა გარკვეულ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული. ასეთ ვითარებაში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია „მედ დიაგნოსტიკა“ ყველაზე უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას გთავაზობთ (როგორც ადგილზე, ასევე გამოძახებით). მომავალ დედებს ყველა საჭირო ანალიზის აღება სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. სასურველ მისამართზე ყველაზე უსაფრთხო ეკიპირებით მისული, გამოცდილი პერსონალი ყველაფერს უმოკლეს დროში გააკეთებს და უზუსტეს პასუხებს დროულად მიიღებთ.

ლაბორატორიული კვლევების სახლიდან გაუსვლელად, სასურველ მისამართზე ვიზიტის გაფორმება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით, ფეისბუქ გვერდისა და ონლაინ ვებგვერდის გამოყენებით.