Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ფარისებრი ჯირკვალი md.ge

ფარისებრი ჯირკვალი – პათოლოგიები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

ფარისებრი ჯირკვალი – პათოლოგიები, მკურნალობა და პროფილაქტიკა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისგან გვესმის, რომ „ჩიყვი“ აწუხებს. როდესაც ძილი გერევათ, დაღლილობას გრძნობთ, თმის ცვენა ან ჭარბი ოფლიანობა გაქვთ, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება იყოს დარღვეული.

რა ფუნქციას ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი?

ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ნაწილშია განლაგებული და საკმაოდ პატარა ორგანოა, ის გამოიმუშავებს ორ უმნიშვნელოვანეს ჰორმონს თიროქსინს(T4) და ტრიიოდთირონინს(T3), რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმმის ყველა უჯრედზე. ფარისებრი ჯირკვალი აკონტროლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, კერძოდ: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მინერალების ცვლას. ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე, ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე და ა.შ.

რა არის ჩიყვი

„ჩიყვი“ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ფარისებრი ჯირკვლის ყველა ცნობილ პათოლოგიას აერთიანებს, სინამდვილეში კი მხოლოდ გადიდებულ ფარისებრ
ჯირკვალს ნიშნავს. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის მაქსიმალური მოცულობა – 18 სმ- ს, ხოლო მამაკაცებში – 21 სმ-ს არ აღემატება.

როგორ ვლინდება ჩიყვი?

ჩიყვის ანუ ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას აღინიშნება:

  • გამობერილობა კისრის არეში
  • ყელში ზეწოლის შეგრძნება
  • ხველა
  • ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის გაძნელება

ჩიყვის სახეებია:
ენდემური
– იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ასეთ გეოგრაფიულ არეალს განეკუთვნება ძირითადად მაღალმთიანი რეგიონები.
დიფუზური – ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და თუ პაციენტს არ აღენიშნება ჰორმონული დარღვევები, როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს;
კვანძოვანი – როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძების გაჩენის გამო. კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც
კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი – გრეივსის დაავადება. პათოლოგიური მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონს გამოიმუშავებს.
რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან:

  • ენდემურ ზონაში მცხოვრები ადამიანები.
  • პირები, ვისაც გენეტიკაში წინასწარგანწყობა აქვს.
რა არის კვანძოვანი ჩიყვი

ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება გაჩნდეს კვანძოვანი ჩანართები – “კვანძები“. ამის ერთ-ერთი მიზეზი იოდის ქრონიკული დეფიციტია. კვანძოვანი ან მრავალ კვანძოვანი ჩიყვის დროს ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება იყოს ნორმალური, მომატებული ან დაქვეითებული. კვანძოვანი ჩიყვით შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ბევრი დაავადება გამოვლინდეს. კვანძებმა შეიძლება გამოიმუშაოს ჭარბი ჰორმონები. უფრო ხშირად კი ეუთირეოიდული კვანძოვანი ჩიყვი ვითარდება (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალურია).

იმ პაციენტებს, რომლებსაც ექოსკოპიით ფარისებრ ჯირკვალში 1 სმ-ზე მეტი ზომის კვანძი გამოუვლინდა, სასურველია გაუკეთდეს ფუნქციური ბიოფსია, ანუ კვანძის ქსოვილის ნიმუშის აღება, რათა განისაზღვროს მისი უჯრედული შემადგენლობა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების სიმძიმე არ არის დამოკიდებული კვანძების რაოდენობაზე. შეიძლება ჯირკვალში ერთი კვანძის არსებობამ მრავალ
კვანძოვან ჩიყვზე ბევრად სერიოზული პრობლემა შექმნას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდა პაციენტებს (უფრო მამაკაცებს) და მათ, ვისაც სწრაფად მზარდი კვანძები აქვს.

მკურნალობა

პირველ რიგში, რა თქმა უნდა აუცილებელია დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა, რაც მკურნალობის სწორად წარმართვისთვისაა საჭირო. პაციენტის ანამნეზის ანუ დაავადების ისტორიის შესწავლის შემდეგ უნდა განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სტატუსი, რაც თიროოტროპული ჰორმონის და თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრას გულისხმობს.
აუცილებელია, რომ ეს ანალიზები მთელი სიზუსტით ჩატარდეს, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში.
ჩიყვის დროს მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ჯირკვლის ზომა, ჩივილები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამომწვევი დაავადება.
ყველა ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს:
დაკვირვება – როცა ჩიყვი დიდი ზომის არ არის, არც დისკომფორტს იწვევს და
ჯირკვალიც ნორმალურად ფუნქციონირებს, ექიმმა შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდისა და დაკვირვების ტაქტიკა არჩიოს.
მედიკამენტური მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის (ჰოპოთირეოზი) დაქვეითების შემთხვევაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ამცირებს დაავადების სიმპტომებს და აქვეითებს თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფას, რის შედეგადაც ხშირად ჩიყვის ზომები მცირდება.
ოპერაციული მკურნალობა – ფარისებრი ჯირკვლის ან მისი ნაწილის მოკვეთა. რადიაქტიური იოდი – ის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დესტრუქციას
(დაშლას) იწვევს. საბოლოოდ ჯირკვლის ზომა და ჰორმონული აქტივობა მცირდება, თუმცა იმის ალბათობაც არსებობს, რომ პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე
ჩანაცვლებითი თერაპია დასჭირდეს.

პროფილაქტიკა

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად, სასურველია იოდის პროფილაქტიკა ბავშვობიდან. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში და შემდეგ გარდატეხის ასაკში.
არსებობს მოსაზრება, რომ იოდიზებული მარილი ორგანიზმში იოდის დანაკლისს ავსებს, თუმცა პრაქტიკაში ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. იოდიზებულ მარილს თავისი შენახვის მეთოდები აქვს – მზეზე იშლება, საჭმელში დუღილის დროსაც კარგავს თავის დადებით თვისებებს. საჭიროა მისი თავდახურულ ქილაში შენახვა, რადგან იოდი ორთქლდება ჰაერზე და სწორადაც რომ შეინახოთ, სამ თვეში მაინც აორთქლდება. ასე რომ, იოდიზებულ მარილს იღებს თუ არა ორგანიზმი, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია.
მეორე ალტერნატივაა ისეთი დანამატი, როგორიცაა მედიკამენტები – იოდობალანსი, იოდომარინი. დოზების სწორად შერჩევისთვის, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

სწორი კვება „ჩიყვის“ დროს

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია სწორი დიეტა და ისეთი საკვების მიღება, რომელშიც იოდის მაღალი შემცველობაა.
სასარგებლო საკვებია:

  • ზღვის თევზი (ქაშაყი, ვირთევზა, ფაფუკი, ჰალიბუტი, თინუსი, ზღვის ბასი, ორაგული);
  • ცხოველური ცხიმები (რძე, კვერცხის გული, კარაქი, მოხარშული საქონლის ხორცი);
  • ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ნიორი, ჭარხალი, ბოლოკი, ხახვი, პომიდორი);
  • ხილი და კენკრა (ბანანი, ყურძენი, ნესვი, ანანასი, მარწყვი, ხურმა, ვაშლი, ველური მარწყვი, ციტრუსები);
  • მოხარშული ბურღულეული და მაკარონი;
  • ბოსტნეულის და ხილის წვენები, საფუარის, ხორბლის და ქატოს ექსტრაქტი;
  • მურაბა, თაფლი;
  • მცენარეული ზეთი.

არ შეიძლება:
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს: შაქარი, თეთრი ფქვილისგან დამზადებული ცომეული, შემწვარი, ცხარე და ცხიმიანი საკვები, სანელებლები, კონსერვანტები, ალკოჰოლი, ყავა, ძლიერი ჩაი, კაკაო, სოუსები.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური პათოლოგიები

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა დიაბეტის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელით წელიწადში 65 მლნ. ადამიანი ავადდება.
ფუნქციის დარღვევის მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის ორ პათოლოგიას გამოყოფენ: ჰიპოთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ და ჰიპერთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის იმაზე მეტ ჰორმონს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. ცალკე აღსანიშნავია დღესდღეობით ძალიან
გავრცელებული პათოლოგია – ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელიც ჯირკვლის სტრუქტურის დარღვევას და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
გულის ფრიალი, სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის სიმშრალე, გამონაყარი – ზოგჯერ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, ან ერთადაც ვლინდება.
ფარისებრი ჯირკვალი ესაა ერთ-ერთი ძირითადი ორგანო ენდოკრინულ სისტემაში, ამიტომ მისი ფუნქციის დარღვევა სხვადასხვა სახის გართულებებს იწვევს, რაც შემდგომში სერიოზულად აფერხებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება პირველ რიგში უმიზეზოდ წონაში მატებას იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება კი, პირიქით – წონაში კლების მიზეზი ხდება. ასევე, არაა გამორიცხული მოციმციმე არითმიის (არითმიის სახეობაა როდესაც გული სრულიად არარიტმულად და ქაოსურად იკუმშება) გამოწვევაც.
რატომ ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი ხშირად გენეტიკური ფაქტორია. თუმცა, გენეტიკური დარღვევის (მუტაციის) არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემა. გარემო პირობების გათვალისწინებით მას ან უვითარდება ამგვარი პათოლოგიები ან არა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სტრესულ ფაქტორს, გარემოს, ჭარბი რაოდენობით იოდს, ფტორს, ასევე ქლორს საკვებსა და წყალში.
სერიოზული საფრთხის შემქმნელია ულტრაიისფერი სხივები ანუ მზის აბაზანების მიღება, რაც ფარისებრის პათოლოგიების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია.
ფარისებრი ჯირკვლის 2 სახის ცვლილება არსებობს:
ფუნქციონალური (ანუ ჰორმონალური) ცვლილება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე იცვლება.
და მეორე – სტრუქტურული ცვლილება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ზომაში დიდდება ან მასში კვანძოვანი წარმონაქმნი ჩნდება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური ცვლილების ორი სახეობას გამოყოფენ. ერთ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი გაძლიერებულად მუშაობს. მას ტოქსიკურ ჩიყვს უწოდებენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შემცირებულია, ანუ ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მედიკოსები მას ჰიპოთეოზს ანუ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობას უწოდებენ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომებია:

  • დაღლილობა და გაღიზიანება
  • წონის შესამჩნევი მატება ან კლება
  • მტვრევადი ფრჩხილები
  • თმის ცვენა
  • ზედმეტად გამომშრალი კანი
  • გულისცემის გახშირება ან პირიქით
  • ძილიანობა
  • კისრის შეშუპება
  • კუნთების ტკივილი
  • ჭარბი ოფლიანობა


ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს – უმიზეზოდ დაღლას და მოთენთილობას, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევას და კანის სიმშრალეს, ხშირ შემთხვევაში როგორ წესი, ყოფით პრობლემებს უკავშირებენ. სინამდვილეში კი ენდოკრინოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები დამოკიდებულია მის ფუნქციურ მდგომარეობაზე. შესაძლოა განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება -ჰიპერთირეოზი, ან ფუნქციის დაქვეითება- ჰიპოთირეოზი.
ჰიპერთირეოზის დროს მომატებულია ნივთიერებათა ცვლა, რადგან მატულობს თიროიდული ჰორმონი, რაც თავის მხრივ გაძლიერებულ ოფლიანობას, წონაში კლებას, გულისცემის აჩქარებას იწვევს.

ასევე დამახასიათებელია:

  • საერთო სისუსტე
  • ადვილად დაღლა
  • ხელების კანკალი
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება
  • შფოთვა
  • უკონტროლო ემოციები


ჰიპოთირეოზისთვის კი, პირიქით დამახასიათებელია ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება, რაც იწვევს ძილიანობას, კანის სიმშრალეს, თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევას.
ასევე:

  • სისუსტე
  • მეხსიერების გაუარესება
  • წონის მატება
  • ყაბზობა
  • შეშუპება

ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმაშია ანუ ჰორმონალური სტატუსი შენარჩუნებულია, მაგრამ აღინიშნება სტრუქტურული ცვლილებები – კვანძოვანი წარმონაქმნები და დიფუზური გადიდება. სწორედ ამგვარი დაავადებების თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
როდესაც ლაპარაკია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე, ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს როგორც სტრუქტურულ (ულტრასონოგრაფიულ), ასევე ფუნქციურ (ჰორმონულ) კვლევებს. შედეგების ერთიანობაში განხილვის გარეშე სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

უსიმპტომო პათოლოგია

თუ პაციენტს აქვს კვანძოვანი ჩიყვი, მაგრამ არც კვანძი და არც ფარისებრი ჯირკვალი არ არის ზომაში იმდენად დიდი, რომ ყლაპვის გაძნელებას იწვევდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა პათოლოგია უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.

რისკ-ჯგუფი

განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში არიან ასაკოვანი ქალბატონები, თუმცა, ბოლო დროს დაავადება ახალგაზრდებშიც საკმაოდ გახშირდა. ასაკოვან ქალბატონებს კი ბუნებრივია, მაინც განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და სისტემატური გამოკვლევა სჭირდებათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს პათოლოგიებმა მამაკაცებშიც საგრძნობლად იმატა, ასაკი კი, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და თუ ადრე საკმაოდ იშვიათი იყო სიმსივნური წარმონაქმნები 30 წლამდე, ახლა მსგავსი შემთხვევები ხშირია.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის სხვა რისკ ფაქტორები მოიცავს:

  1. იოდის ნაკლებობა კვების რაციონში;
  2. ორსულობა და მენოპაუზა – გაურკვეველი მიზეზებით, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების რისკი იზრდება ორსულობის დროს და მენოპაუზის შემდეგ;
  3. წამლები – ზოგიერთი ტიპის წამლები, როგორიცაა ლითიუმი და იმუნოსუპრესანტები ზრდის რისკს;
  4. გამოსხივება (რადიაცია) – დასხივებით მკურნალობა ყელის ან მკერდის არეში,
ორსულობა

მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგთან ერთად უნდა იმუშაოს ენდოკრინოლოგმაც, რადგან ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარება დედის ფარისებრი ჯირკვლის სწორად ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, დედისა და შვილის ჯანმრთელობისთვის ამ პროცესის მართვა აუცილებელია.
გართულების შემთხვევაში მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობის შემდეგ სისხლდენები და ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ფაქტია –
მკვდრადშობადობა.
რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ნაყოფის წონის დეფიციტი, არასწორი განვითარება როგორც მორფოლოგიურად, ისე ნევროლოგიურად, რადგან სწორედ ფარისებრზეა დამოკიდებული ნაყოფის თავის ტვინის ჩონჩხის და სასქესო ორგანოების სწორად დიფერენცირება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებაა – გონებრივი განუვითარებლობა ანუ კრეტინიზმი.

ფარისბერი ჯირკვლის პათოლოგია მამაკაცებში

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მამაკაცის სქესობრივ განვითარებაზე და შვილოსნობის ფუნქციაზე. აქედან გამომდინარე ქალბატონების მსგავსად, მამაკაცებმაც დროულად უნდა მიიღონ ზომები, მიმართონ ექიმს და შესაბამისი ანალიზები გაიკეთონ.

როგორია სტატისტიკა საქართველოში

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მართლაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, საქართველო ხომ იოდის დეფიციტის კერაა. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიას – ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მაჩვენებელი გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით იცვლება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული სიმსივნეების შემთხვევები ერთ წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა და თუკი 2014 წელს საერთო რაოდენობა 108-ს შეადგენდა, 2015 წლისთვის უკვე 418 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. ამასთან, ციფრები 2017 წლისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.
მართალია, ამგვარი მონაცემები დიაგნოსტირების საშუალებების გაუმჯობესებითაც აიხსნება, მაგრამ დაავადების მკვეთრი ზრდა მეტწილად მაინც გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული.
დაავადების ინტენსიური ზრდა პირველ რიგში ზოგად ეკოლოგიურ ფონს უკავშირდება.
სამწუხაროდ, კიბოს ასაკიც საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. თავ-კისრის არეში განვითარებულმა ავთვისებიანი სიმსივნის რაოდენობამ 5-8%-ს მიაღწია, ეს კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია.


გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკა სრულად ემთხვევა მსოფლიოს სტატისტიკას, როგორც გამოჯანმრთელების და გართულებების დაბალი პროცენტის, ისე სიკვდილიანობის თვალსაზრისით. მართალია, გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების პროცენტული მაჩვენებელი, მაგრამ იმავე ნიშნულზე დარჩა სიკვდილიანობა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 97-99%-ს მიაღწია.

Covid-19

კოვიდპანდემიამ ფარისებრი ჯირკვლის გამოვლენის სიხშირე გაზარდა. როგორც ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, კოვიდგადატანილ პაციენტებში ძალიან გაიზარდა ქვემწვავე თირეოიდიტის რიცხვი, რაც აქამდე არც თუ ისე ხშირი პათოლოგია იყო.
ქვემწვავე თირეოიდიტი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ვირუსული ანთება, რომელსაც კისრის მიდამოში ძლიერი ტკივილი ახასიათებს და მწვავე ინფექციური დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ქვემწვავე თირეოიდიტის საფუძველი ვირუსული ინფექციაა და კოვიდის დროს ამ დაავადების გავრცელება სწორედ ამიტომ გაიზარდა.

აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს, თუ:

  • გაქვთ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი;
  • გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები;
  • ცხოვრობთ იოდდეფიციტის ზონაში და გაქვთ ჩივილები;
  • გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების შემთხვევები ოჯახსა და ახლო ნათესავებში;

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200