Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ომიკრონი md.ge

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ – რა სიმპტომებით ამოიცნობთ „ომიკრონ“ შტამს?

რა არის ომიკრონი?

კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529 (ომიკრონი) პირველად სამხრეთ აფრიკაში, 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა.

26 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას „შემაშფოთებელი ვარიანტის“ სტატუსი (VOC) მიანიჭა. ამ ტერმინს იყენებენ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელების სისწრაფე მაღალია, გაზრდილია დაავადების გამოწვევის ინტენსივობა და შტამს უარყოფითი გავლენა აქვს ვაქცინის ეფექტურობაზე. WHO-მ ახალ ვარიანტს ბერძნული ასო „ომიკრონი“ უწოდა.

„ომიკრონის“ დადასტურებიდან მალევე სამხრეთ აფრიკის რეგიონში ორი ქვეშტამიც აღმოაჩინეს. ხოლო, 2 კვირაში იქ სადაც მუტირებული შტამი დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა, მოიმატა დაინფიცირების მაჩვენებელმა სკოლის ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სულ მცირე 128 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

როგორც წინასწარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ Covid-ის ახალი ვარიანტი სხვა შტამებთან შედარებით ხელახალი ინფექციის უფრო მაღალ რისკს შეიცავს. მას ამ დრომდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე მეტი მუტაცია აქვს.

უფრო ზუსტად, საუბარია 50-მდე მუტაციაზე, მათ შორისაა –  26-32 სპაიკ ცილის მუტაცია. სპაიკ ცილა ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომელიც კორონავირუსის გარსს ფარავს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ სპაიკ ცილის მეშვეობით აღწევს. აღნიშნული მუტაციების ანალოგები დადგენილია კორონავირუსის „დელტა“ და „ალფა“ ვარიანტებში, რაც, NCDC-ის თანახმად, დაავადების მიმდინარეობის შემდგომი დამძიმების და ინფექციასთან მებრძოლი ანტისხეულების ეფექტურობის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ „ომიკრონს“ შეუძლია მოახდინოს სპეციფიკური მუტაცია სხვა ვირუსის გენომიდან, როგორიცაა სეზონური კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას.

რა ვიცით მუტაციაზე?

„ბი-ბი-სის“ თუ დავეყრდნობით, ყველა სახის მუტაცია აუცილებლად ცუდს არ ნიშნავს და მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ კონკრეტულად რა ცვლილებებს ახდენენ ისინი.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ…

  • ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, განსხვავდება ვუჰანში ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოჩენილი შტამისგან. ამიტომ, ვუჰანის შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები შეიძლება იმდენად ეფექტური აღარ იყოს.
როგორ ვრცელდება „ომიკრონი“?

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ომიკრონის“ ლაბორატორიულ-მიკრობიოლოგიური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ეს შტამი 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის კედელში ვიდრე მისი წინამორბედი „დელტა“ ვარიანტი. „ომიკრონი“ ამ უკანასკნელთან შედარებით 10-ჯერ უფრო ნაკლებად ხვდება ფილტვის ქსოვილში.

ადამიანის ზედა სასუნთქ გზებში გავრცელება იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკისას ვირუსის გამოყოფა უფრო გამარტივდა, სხვებზე გადადების შანსიც ამ დროს ბევრად მეტია. ხოლო რაც შეეხება ფილტვის ქსოვილში ნაკლებ კონცენტრაციას, ეს სავარაუდოდ იმის მანიშნებელია რომ ავადობა უფრო მსუბუქ ფორმებში წარიმართება.

ამ კვლევას ადასტურებს ბრიტანეთის მაგალითი, რამეთუ ინფიცირების რეკორდულად მაღალი რიცხვის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

ომიკრონის სიმპტომები:

ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალ შტამზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჯერჯერობით საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა გართულებები შეიძლება მან გამოიწვიოს კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური კუთხით. მიუხედავად ამისა ექიმები უკვე საუბრობენ გარკვეული სიმპტომების შესახებ, რომელიც ომიკრონ შტამს სხვა შტამებისაგან განასხვავებს და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ეჭვი სწორედ ამ შტამზე უნდა მივიტანოთ.

რით განსხვავდება „ომიკრონი“ სხვა შტამებისგან?

ომიკრონის აღმოჩენამ მეცნიერები ნამდვილ საგონებელში ჩააგდო.

ახალი ვარიანტი წინა შტამებისგან ძალიან განსხვავებული ჩანდა და მალევე გაირკვა რომ მუტაციებმა ომიკრონს შესძინა არაჩვეულებრივი უნარი, თავი აარიდოს ვაქცინებს და ძალიან სწრაფად გავრცელდეს.

უფრო მეტი დრო დასჭირდა იმის გარკვევას, თუ რა გამოარჩევს ომიკრონს მისი წინამორბედებისგან. და რაც მთავარია, იწვევს თუ არა ეს ვარიანტი ნაკლებად მძიმე ავადობას?

როგორც კოვიდის ნებისმიერი ვარიანტის შემთხვევაში, რისკები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ხართ თუ არა ვაქცინირებული, გაკეთებული გაქვთ თუ არა ბუსტერი, როგორია თქვენი ასაკი, ზოგადი ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობაც კი.

ამ დროისთვის დადგენილია, რომ „ომიკრონი“ ოთხჯერ უფრო გადამდებია „დელტა“ შტამთან შედარებით, 3-ჯერ გაზრდილია რეინფიცირების სიხშირე და საინკუბაციო პერიოდი 2-დან ოთხი დღეა. წინა ვარიანტების მსგავსად ომიკრონით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას რამდენიმე სიმპტომი აწუხებს, ეს სიმპტომები როგორც წესი შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

  1. ომიკრონის შემთხვევაში სიმპტომები დაინფიცირების შემდეგ შედარებით სწრაფად ვლინდება.
  2. სხვა საინტერესო ფაქტი რაც ექიმებმა აღმოაჩინეს არის ის, რომ Covid-19-ის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი – გემოსა და ყნოსვის დაკარგვა – ომიკრონის შემთხვევაში ნაკლებად ფიქსირდება.
  3. ომიკრონს უფრო ხშირად ახასიათებს გულისრევა, ღამით ოფლიანობა და წელის ტკივილი. თუმცა, არაა გამორიცხული ის ფაქტიც, რომ ექიმები და პაციენტები უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ ამ სიმპტომებს, ვიდრე ადრინდელი ვარიანტების შემთხვევაში, ფიქრობს იელის მედიცინის სკოლის ინფექციური დაავადებების პროფესორი სკოტ რობერტსი.
ბავშვები – მთავარი სიმპტომები

პირველი გამორჩეული სიმპტომი გამონაყარია – მედიკოსები ამბობენ, რომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებს და იმ შემთხვევაში, თუ მათ სხეულზე უცნაური  გამონაყარი შენიშნეს, მიმართონ ექიმს.

დოქტორ დევიდ ლოიდის განცხადებით ბავშვებსა და მოზარდებში ომიკრონ შტამს ასევე ისეთი სიმპტომები ახლავს, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი და მადის დაკარგვა. ლოიდის თქმით, იმ ბავშვებში, ვისაც ომიკრონ შტამი დაუდასტურდა, გამონაყარი 15%-ს აღენიშნებოდა. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ომიკრონ-შტამით  ინფიცირებისას ვირუსი ოდნავ განსხვავებული სიმპტომებით იწყება, ვიდრე ეს სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა

„ჩვენი დაკვირვებით, პირველი სიმპტომები ამ დროს არა ხველა ან სიცხე, არამედ დაღლილობა, თავის ტკივილი და მადის დაკარგვაა. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი კოვიდპაციენტებს აქამდეც უვითარდებოდათ, ეს ძალიან იშვიათი იყო, ახლა კი მკვეთრად არის გამოხატული, განსაკუთრებით პატარებში.“- აცხადებს დოქტორი ლოიდი „სკაი ნიუსთან“ საუბარში.

როგორ ვლინდება „ომიკრონი“ დიდებში

რაც შეეხებათ მოზრდილებს, მათთან გამონაყარი ნაკლებად ფიქსირდება, ძირითადი სიმპტომები კი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის:

  • მაღალი ტემპერატურა
  • უწყვეტი ხველა – ეს ნიშნავს გამუდმებულ ხველებას, რომელიც ხანდახან შესაძლოა ერთი საათი ან მეტი არ გაგრძელდეს.
  • ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა.

„ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფში ის მაინც საზიზღარი დაავადებაა, თუნდაც ნაკლებად საზიანო იყოს, ვიდრე დელტა ვარიანტი“, ამბობს დოქტორი პამელა დევისი,  Case Western Reserve University-ს პულმონოლოგი და უახლესი კვლევის ავტორი.

  • არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ადამიანი საერთოდ უსიმპტომოდ ინფიცირდება. ასე რომ ტესტის გაკეთება მცირე ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი აუცილებელია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოში დომინანტურ შტამად სწორედ „ომიკრონი“ მოგვევლინება, სწრაფი გავრცელების გამო ის „დელტას“ ჩაანაცვლებს.

გაერთიანებული სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის მონაცემები დაავადების მიმდინარეობასა და ჰოსპიტალიზაციაზე მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ „დელტაზე“ 3-6-ჯერ მეტ ადამიანს აინფიცირებს, თუმცა დაავადების მიმდინარეობა, შესაძლოა, უფრო მსუბუქი იყოს. სამხრეთ აფრიკაში მთლიანი მოსახლეობის რაოდენობიდან, ჯამში, 29%-ით შემცირებულია ჰოსპიტალიზაცია წინა შტამებთან შედარებით. თუმცა, მედიკოსთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ომიკრონს ძალიან სწრაფი გავრცელების გამო საზოგადოებისთვის მაინც ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.

შესაძლებელია თუ არა „ომიკრონით“ ორჯერ დაინფიცირება?

კორონავირუსის ახალმა შტამმა პანდემიის ახალი რეკორდები დაამყარა. „ომიკრონის“ ვარიანტი ასე სწრაფად ვრცელდება, რადგან როგორც ადრეული კვლევები ადასტურებს, მას აქვს ძალა ხელახლა დააინფიციროს ისინი, ვისაც ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, უზრუნველყოფს თუ არა „ომიკრონის“ ვარიანტი კარგ იმუნიტეტს. როგორც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტისთვისაც იმუნიტეტს ქმნის, რაც იმას ნიშნავს რომ „დელტა“ თავის ძალას ძალიან მალე დაკარგავს.

გაციება თუ კოვიდი?

თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ და თითქმის დარწმუნებული ხართ რომ უბრალოდ გაცივდით, ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გამორიცხვა ნამდვილად არ ღირს. და მაინც რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ეს არის კითხვა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, რამეთუ სადღესასწაულო სუფრების, თავყრილობების შემდეგ ინფიცირების რისკი კიდევ უფრო მაღალია.

ის, რაც ზუსტად ვიცით…

„ომიკრონით“ ინფიცირების ბევრ შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქია, ამიტომ ეს გაციებაა, გრიპია თუ Covid-19 ტესტის აღების გარეშე ნამდვილად ვერ გაიგებთ.

როგორც CDC-ის კვლევები აჩვენებს, ამ დრომდე ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ხველა, დაღლილობა და სურდო.

შეგახსენებთ, CDC-ის მიერ დადგენილ Covid-ის სიმპტომებს:
  • ცხელება ან შემცივნება
  • ხველა
  • ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
  • დაღლილობა
  • კუნთების ან სხეულის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ყნოსვის ან გემოს დაკარგვა
  • ყელის ტკივილი
  • სურდო
  • გულისრევა ან დიარეა
რეკომენდაციები

„ომიკრონი“ ძირითადად ზედა სასუნთქ გზებში ბუდობს, ამიტომ საუბრისას თუ სიცილისას ბევრად უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, დახურულ სივრცეებში ორი პირბადისაც კი. სოციალური დისტანციის დაცვაც კვლავინდებურად აქტუალური რჩება.

იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი კვლევებით მუდმივად აკონტროლეთ.

როგორ ხვდება „ომიკრონს“ მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამი, უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. პანდემიის ორი წლის თავზე, ქვეყნების ნაწილმა უკვე აამოქმედა მთელი რიგი ზომები, რაც საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას და მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გულისხმობს.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში საშობაო არდადეგები სრულდება და სკოლაში მისვლამდე ტესტის გაკეთება სავალდებულო იქნება. 26 იანვრამდე მოსწავლეებს გაკვეთილებზე ნიღბების გამოყენებაც მოუწევთ. ქვეყანა „ომიკრონის“ აფეთქებას ებრძვის. გადაიდო არაერთი სპორტული ღონისძიება, მათ შორის პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩი.

საბერძნეთი

საბერძნეთში 3 იანვრიდან დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია რესპირატორის ან ორი სამედიცინო ნიღბის ტარება. გასართობ დაწესებულებებში, რომლებიც შუაღამის შემდეგ აღარ იმუშავებენ, მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაიშვებიან. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებების თანამშრომელთა 50% სახლიდან იმუშავებს. საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ზომები სულ მცირე 16 იანვრამდე იმოქმედებს.

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში 19 დეკემბრიდან საყოველთაო „ლოკდაუნი“ გამოცხადდა. დაიკეტა ყველაფერი, გარდა სასურსათო და პირველადი საჭიროების ნივთების მაღაზიებისა. სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე. ეროვნული კარანტინი ნიდერლანდში 14 იანვრამდე გასტანს.

საფრანგეთი

საფრანგეთში მომავალი 3 კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს. ტრანსპორტში, კინოთეატრებსა და სპორტულ დაწესებულებებში აიკრძალა სასმლის და საკვების მიღება. კვირაში სამი დღე დისტანციურად უნდა იმუშაონ მათ, ვისაც თავისი მოვალეობის შესრულება ოფისში მისვლის გარეშეც შეუძლია.

გერმანია

გერმანიამ დიდი ბრიტანეთიდან მგზავრობის წესები გაამკაცრა. დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში შესულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და  გაიარონ ორკვირიანი კარანტინი. ეს წესი იმოქმედებს მიუხედავად იმისა, მგზავრის კოვიდ-ტესტის პასუხი უარყოფითია თუ არა და გაკეთებული აქვს თუ არა მას ვაქცინა.

აშშ

აშშ-ში „ომიკრონი“ კორონავირუსის დომინანტურ სახეობად იქცა. ახალი შტამით გარდაცვალების პირველი ფაქტიც დაფიქსირდა – ჰარისის ოლქში გარდაიცვალა აუცრელი მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

არსებული რისკების გამო,  აშშ და ევროპა ცვლის წესებს, ამცირებს ბუსტერ დოზის შუალედს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება დროულად მიიღონ კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზა. ბოლო კვლევების მიხედვით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „ფაიზერის“ ორ დოზას შენარჩუნებული აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვისა და ჰოსპიტალში მოხვედრის 70%-იანი მაჩვენებელი, თუმცა, 33%-მდეა დასული ყველა ფორმის დაავადებისგან დაცვა.  გასათვალისწინებელია, რომ „ფაიზერის“ მესამე, ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 75,5%-მდე იზრდება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ ბუსტერის დამატების შემთხვევაში, მისი ეფექტიანობა 71,4%-ია.

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200