Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
შარდის საერთო ანალიზი

შარდის საერთო ანალიზი

შარდის საერთო ანალიზი მოიცავს შარდში არსებულ ცვლილებათა ფართო სპექტრს ნორმისა და პათოლოგიის დროს. მისი დიაგნოსტიკური ღირებულება საკმაოდ მაღალია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა, მაგალითად საშარდე გზების ინფექცია, თირკმლის დაავადებები და დიაბეტი.

შარდის ანალიზი მოიცავს შარდის გარეგნული მახასიათებლების, კონცენტრაციისა და შემადგენლობის შეფასებას. შარდის ანალიზში არსებული პათოლოგიური ცვლილებები, შესაძლოა, იყოს მრავალი დაავადების მაჩვენელი.

მაგალითად, საშარდე გზების ინფექციის დროს, შარდი ნაცვლად სუფთა გამჭირვალე შესახედაობისა, არის მღვრიე. შარდში ცილების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს თირკმლების დაზიანებაზე. შარდის ანალიზში გამოვლენილი დარღვევები, როგორც წესი, შემდგომში, საჭიროებს უფრო ღრმა კვლევებს, რათა დადგინდეს ცვლილებების გამომწვევი ზუსტი მიზეზი.

რატომ კეთდება?

შარდის საერთო ანალიზი რუტინული კვლევაა, რომელიც კეთდება:

  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. შარდის საერთო ანალიზი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებელი რუტინული სამედიცინო კვლევების შემადგენელი ნაწილია. იგი ინიშნება ორსულობისას, საოპერაციო მომზადების პერიოდში ან სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებში, მაგალითად, დიაბეტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
  • სხვადასხავა სამედიცინო მდგომარეობების დროს. შარდის საერთო ანალიზის ჩატარება რეკომენდირებულია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა: მუცლის ტკივილი, წელის ტკივლი, ხშირი და მტკივნეული შარდვა, სისხლიანი შარდი და სხვა. ამ შემთხვევაში, შარდის საერთო ანალიზის ჩატარების მიზანი გამომწვევი მიზეზის დადგენაა.
  • გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების მონიტორინგი. დიაგნოსტირებული სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობები, როგორებიცაა, მაგალითად, თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებები, მონიტორინგისთვის საჭიროებს შარდის საერთო ანალიზის რეგულარულ ჩატარებას. აღნიშნულის მიზანი, გარდა დაავადების მიმდინარეობის შეფასებისა, არის მკურნალობის შედეგიანობის შეფასება.

არსებობს სხვა ტესტებიც, რომლის დროსაც შარდის ნიმუშში ხდება სხვადასხვა ისეთი ნივთიერებების დეტექცია, რომლთა განსაზღვრასაც არ მოიცავს შარდის საერთო ანალიზი, მაგალითად, ორსულობის შემთხვევაში, ისაზღვრება ჰორმონი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი, სხვადასხვა პრეპარატების სკრინინგული ტესტების შემთხვევაში შარდში ხდება სპეციფიკური პრეპარატებისა და მათი მეტაბოლიტების დეტექცია.

რა მომზადებაა საჭირო?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აპირებთ შარდის საერთო ანალიზის ჩატარებას, არანაირი წინასწარო მოსამზადებელი ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არსებობს. საკვებიც და წყალიც უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ, როგორც სხვა დროს. იმ შემთხვევაში, თუ შარდის ნიმუშის ჩაბარებას აპირებთ სხვა სპეციფიკური ანალიზებისთვის, ექიმი მოგცემთ კონკრეტულ მოსამზადებელ ინსტრუქციებს.

სხვადასხვა წამალმა, მათ შორის, ურეცეპტოდ მიღებულმა, შეიძლება, გარკვეული გავლენა იქონიოს შარდის საერთო ანალიზის შედეგებზე. იმ შემთხვევაში, თუ იღებთ რაიმე პრეპარატს ან ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს წინასწარ.

სიტუაციის შესაბამისად, შარდის საერთო ანალიზისთვის შარდის ნიმუშის შეგროვება შესაძლებელია მოხდეს როგოც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლში. კონტეინერს, სადაც ხდება ნიმუშის აღება, მოგცემთ ექიმი ან დაწესებულება. შარდის საერთო ანალიზისთვის, შარდის აღება უმჯობესია მოხდეს დილით.

მაქსიმალურად ზუსტი პასუხის მისაღებად შარდის საერთო ანალიზისთვის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

  1. გასუფთავდეს შარდის გამოსვლის ადგილი. ქალების შემთხვევაში, უნდა გადაიწიოს ბაგეები და ადგილი გაიწმინდოს წინიდან უკანა მიმართულებით; მამაკაცებში უნდა გასუფთავდეს სასქესო ასოს თავი;
  2. მოშარდვა უნდა დაიწყოს უნიტაზში, რათა არ მოხდეს შარდის პირველი ულუფის მოხვედრა კონტეინერში;
  3. შარდის ნაკადის შეუწყვეტად უნდა მოხდეს კონტეინერით შარდის აღება;
  4. უნდა შეგროვდეს 30-60 მლ შარდი;
  5. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიეწოდოს ნიმუში ექიმს;
  6. იმ შემთხვევაში, თუ შარდის ნიმუშის მიტანა ექიმთან ვერ ხერხდება 60 წუთის განმავლობაში, უნდა მოხდეს მისი გაყინვა.

ზოგჯერ, შარდის ანალიზისთვის ნიმუშის ასაღებად ექიმი შარდის ბუშტში ათავსებს წვრილ მილს, შარდის ბუშტის კათეტერს.

აღებული შარდის ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაში შემდგომი გამოკვლევისთვის.

შედეგები

შარდის საერთო ანალიზის დროს, შარდის კვლევა ხდება სამი გზით, ესენია: ვიზუალური შეფასება, დიპსტიკის ტესტი და მიკროსკოპიული კვლევა.

ვიზუალური შეფასება

ლაბორატორიის საქმის სპეციალისტი აფასებს შარდის გარეგნულ მახასიათებლებს. ნორმაში, შარდი არის სუფთა და გამჭირვალე. მისი შემღვრევა ან არადამახასიათებელი სუნი, შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მანიშნებელი, მაგალითად ინფექციის.

შარდში სისხლის არსებობამ, შეიძლება მისი შეფერილობა გახადოს მოყავისფრო ან წითელი. შარდის ფერზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე თქვენ მიერ მიღებული საკვები პროდუქტები, მაგალითად, ჭარხლის მიღების შემდეგ, შარდი იღებს წითელ შეფერილობას.

დიპსტიკის ტესტი

დიპსტიკი – პლასტმასის თხელი ჩხირია, რომელზეც დატანილია სპეციფიური ქიმიური ნივთიერებების შემცველი მონაკვეთები. აღნიშნული ჩხირი თავსდება შარდის ნიმუშში, რათა მოხდეს მასში ცვლილებების აღმოჩენა. ქიმიური ნივთიერებების შემცველი მონაკვეთები ნიმუშში მოთავსების შემდეგ, იცვლიან ფერს. დიპსტიკის ტესტით ფასდება:

  • შარდის მჟავიანობა (PH). PH-ის დონე განსაზღვრავს თუ რამდენად მჟავე რეაქციისაა შარდი. მჟავიანობის დარღევა შესაძლოა იყოს თირკმლებისა და საშარდე გზების დაზიანების მაჩვენებელი;
  • კონცენტრაცია. კონცენტრაციის განსაზღვრა ითვალისწინებს შარდში სხვადასხვა ნოვთიერებების რაოდენობის განსაზღვრას. შარდის მაღალი კონცენტრაცია როგორც წესი, არასაკმარისი რაოდენობით სითხის მიღების შედეგია.
  • ცილები. ნორმაში, შარდში ცილების შემცველობა ძალიან დაბალია. ცილების მცირედით მომატება არ წარმოადგენს საგანგაშო მოვლენას, მაშინ, როცა მათი რაოდენობის ძლიერად გაზრდა, თირკმელების სერიოზული დაზიანების მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
  • გლუკოზა. ნორმაში, შარდში გლუკოზის რაოდენობა ძალიან მცირეა. იმისთვის, რომ ტესტმა იგი დააფიქსიროს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ტესტის მიერ შარდში ფიქსირდება გლუკოზა, რეკომენდირებულია უფრო ღრმა კვლევების ჩატარება.
  • კეტონები. ისევე როგორც გლუკოზა, კეტონების ნებისმიერი რაოდენობა, რომელსაც ტესტი აღმოაჩენს, მანიშნებელია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემის არსებობისა, როგორიც არის დიაბეტი.
  • ბილირუბინი. ბილირუბინი წარმოადგენს სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტს. ნორმაში, ბილირუბინი სისხლის მიერ გადაიტანება ღვიძლში, სადაც იგი გარდაიქმნება და გადადის ნაღვლის შემადგენლობაში. ბილირუბინის ნაწილი გამოიყოფა გარემოში, ნაწილი კი უკან შეიწოვება. შარდში ბილირუბინის აღმოჩენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ღვიძლის დაზაიანებასთან.
  • ინფექციის არსებობის მაჩვენებლები. ნიტრიტების ან/და ლეიკოციტური ესთერაზების აღმოჩენა შარდში შესაძლოა იყოს საშარდე გზების ინფექციის მაჩვენებელი.
  • სისხლი. შარდში სისხლის აღმოჩენა საჭიროებს დამატებით კვლევებს. იგი შეიძლება იყოს თირკმლების დაზიანების, ინფექციის, შარდ-კენჭოვანი დაავადების, თირკმლებისა და შარდის ბუშტში არსებული სიმსივნეების ან სისხლის დაავადებების მაჩვენებელი.
მიკროსკოპული გამოკვლევა

აღნიშნული გამოკვლევის დროს ხდება შარდის ნალექის მიკროსკოპული გამოკვლევა, რა დროსაც, ნებისმიერი ქვემოთჩამოთვლილის რაოდენობის ნორმის ზედა ზღვარს მაღლა არსებობა საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროებას:

  • სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) ინფექციის მაჩვენებლია
  • სისხლის წითელი უჯრედები(ერითროციტები) შესაძლოა იყოს თირკმლებისა და სისხლის დაავადებების ან სხვა მდგომარეობების, მაგალითად, სიმსივნის მაჩვენებელი
  • ბაქტერიები და სოკოები შესაძლოა იყოს ინფექციის მაჩვენებელი
  • ცილინდრები – ცილინდრული ფორმის ცილები რომლებიც შეიძლება იყოს თირკმლის დაზიანების მაჩვენებელი
  • კრისტალები წარმოიქმნება შარდში არსებული ქიმიური ნივთიერებებისგან და შესაძლოა იყოს კენჭოვანი დაავადების მაჩვენებელი.

შარდის საერთო ანალიზის შედეგების მიხედვით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, არის თუ არა საჭირო შემდგომი კვლევები.

მაგალითად, თუ სხვა მხრივ ხართ ჯანმრთელი და არ აღგენიშნებათ არანაირი სიმპტომი, შარდის ანალიზში არსებული მცირე ცვლილებები, შეიძლება არ საჭიროებდეს დამატებით გამოკვლევებს და მკურნალობას, ხოლო, თუ თქვენ გაქვთ რაიმე დაავადება და აღგენიშნებათ ცვლილებები შარდის ანალიზში, შესაძლოა, ეს იყოს იმის მანიშნებელი რომ შეიცვალოს მკურნალობის მეთოდი.