Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
თიამინი

თიამინი – ვიტამინი B1 – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე

ვიტამინები ორგანიზმის ფუნქციენირებისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებია, რამეთუ ისინი წარმოადგენენ კოფერმენტებსა და პროსთეტულ ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელნი არიან ფერმენტების ფუნქციონირებასა და უჯრედთა მეტაბოლიზმში. ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვანი დეფიციტი განვითარებულ ქვეყნებში იშვიათობას წარმოადგენს. ამის მიზეზი მრავალფეროვანი საკვების ხელმისაწვდომობა.ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, მრავლობითი საკვები ნივთიერებების დეფიციტი აღინიშნება ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებში. საყურადღებოა, რომ  ვიტამინებისა და მინერალების ზომიერი, კლინიკურად გამოუვლენელი ნაკლებობა საკმაოდ ხშირია ნორმალურ მოსახლეობაში. ამასთან ერთად იზრდება აღნიშნული საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაციის შემთხვევებიც, რომლის მიზეზიც მათი გადაჭარბებული მიღებაა გამდიდრებული საკვებისა და დანამატების გზით.

სტიქიური უბედურებების, ომებისა და სხვა მიზეზებით იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი,  ცხოვრობენ ლტოლვილთა თავშესაფრებში და არ არიან უზრუნველყოფილნი ადეკვატური კვებით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფიან, რომ განუვითარდეთ ცილებისა და მიკროელემენტების დეფიციტი.

ვიტამინებისა და მინერალების რეზერვის ოდენობა ორგანიზმში დიდი ვარიაბელობით ხასიათდება. ასე მაგალითად, B12 და A ვიტამინის რეზერვი ჯანმრთელ ინდივიდში იმდენად დიდია, რომ ამ ნივთიერებების მიუღებლობის შემთხვევაშიც კი, მინიმუმ, 1 წელი არ განვითარდება ორგანიზმში მათი დეფიციტი, მეორეს მხრივ, ფოლიუმის მჟავისა და თიამინის (B1 ვიტამინი) მარაგები, მათი საკვების ან სხვა გზით მიუღებლობის შემთხვევაში, კვირების განმავლობაში ამოიწურება და გახდება დეფიციტური. დიდია სამკურნალო თერაპიული ღონისძიებების როლი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის განვითარებაში. ის პაციენტები, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს ან იღებენ შარდმდენ პრეპარატებს, იმყოფებიან წყალში ხსნადი ვიტამინების დეფიციტის განვითარების რისკის ქვეშ ორგანიზმიდან ამ უკანასკნელთა ინტენსიური „გამორეცხვის“ გამო, რაც საჭიროებს მათი დანამატის სახით მიღებას. დიდი დოზით ვიტამინების გამოყენება შეიძლება ხდებოდეს სამკურნალო მიზნით, მაგალითად, ნიაცინის დიდი დოზით დანამატის სახით მიღება ჰიპერქოლესტეროლემიის დროს.

პირველი აღმოჩენილი B ჯგუფის ვიტამინია თიამინი. ამის მიხედვით მიენიჭა მას ნუმერაცია B1. თიამინის ფუნქცია ალფა კეტომჟავებისა (პირუვატი, ალფა კეტოგლუტარატი) და განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების დეკარბოქსილირება და, ამ გზით, უჯრედების სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგიით უზრუნველყოფაა. ამასთან ერთად, თიამინ პიროფოსფატი მოქმედებს, როგორც კოფერმენტი ტრანსკეტოლაზურ რეაქციაში, რომლის საშუალებითაც, ჰექსოზა და პენტოზა ფოსფატების გარდაქმნა ხდება. ასევე, აღწერილია მისი როლი პერიფერიულ ნერვებში სიგნალის გადაცემაში, თუმცა ამის ზუსტი მექანიზმი ჯერ-ჯერობით უცნობია.

საკვები წყაროები

აშშ-ში თიამინის მხოლოდ საკვების გზით მიღების საშუალო რაოდენობა შეადგენს 2 მგ-ს დღეში. ამ ვიტამინით მდიდარი საკვები მოიცავს საფუარს, ხორცს, პარკოსან მცენარეებს, მთლიან მარცვლეულსა და კაკლოვნებს. დამუშავებული ბრინჯი და მარცვლოვნები თიამინს მცირე რაოდენობით შეიცავს, შესაბამისად თიამინის დეფიციტი ხშირია იმ პოპულაციაში, რომელთა საკვები რაციონი ყველაზე დიდი რაოდენობით ბრინჯს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ჩაი, ყავა, თერმულად დაუმუშავებელი თევზი და მოლუსკები შეიცავენ თიამინაზას, რომელიც შლის თიამინს, შესაბამისად, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებას, თეორიულად, შეუძლია, გამოიწვიოს ორგანიზმში თიამინის დონის შემცირება.

დეფიციტი

თიამინის დეფიციტის მიზეზები განსხვავებულია ერებს შორის. მაგალითად თუ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაში მისი დეფიციტი, ძირითადად არასრულფასოვანი კვებითაა განპირობებული, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მიზეზი ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება და ქრონიკული დაავადებებია (მაგ. ონკოლოგიური დაავადებები). ალკოჰოლი პირდაპირ მოქმედებს თიამინის შეწოვასა და თიამინ პიროფოსფატის წარმოქმნაზე, ასევე ზრდის მის შარდთან ერთად გამოყოფას, შესაბამისად, იგი ალკოჰოლიკებში აუცილებლად უნდა დაინიშნოს დანამატის სახით. მნიშვნელოვანია, რომ ალკოჰოლიკებში ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება თიამინის მიღების გარეშე ზრდის ამ უკანასკნელის ისედაც შემცირებული დონის უფრო დაქვეითებისა და რძემჟავა აციდოზის რისკს. დამატებით, თიამინის დეფიციტის განვითარების რისკის ჯგუფში შედიან: ორსულები, რომლებსაც ხანგრძლივი დროით აღენიშნებათ ღებინება და უმადობა, ინდივიდები, რომლებიც განიცდიან საკვების დეფიციტს და იღებენ გლუკოზას ინტრავენურად გადასხმის სახით, პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კუჭის ოპერაციები (მაგ. ბარიატრიული) და პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ შარდმდენებს (მაგ. ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის გამო). ეს პრეპარატები ხელს უწყობენ თიამინის შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოყოფას. თიამინის დეფიციტს მეძუძურ დედებში შეუძლია გავლენა იქონიოს ბავშვზე და იზრდება რისკი, რომ ამ მიზეზით, მას განუვითარდეს თიამინის დეფიციტი და დაავადება ბერიბერი. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თიამინის დეფიციტი შეიძლება გახდეს მოტოციკლების საგზაო ავარიების ერთ-ერთი ფაქტორი.

თიამინის დეფიციტი ადრეულ ეტაპზე ვლინდება მადის დაქვეითებითა და არასპეციფიკური სიმპტომებით (მაგ. გაღიზიანებადობა, მოკლე მეხსიერების დაქვეითება), ხოლო ხანგრძლივი და მძიმე დეფიციტის დროს ვითარდება დაავადება ბერიბერი, რომელიც კლასიკურად კატეგორიზდება, როგორც მშრალი ან სველი, თუმცა არსებობს დაავადების ისეთი ფორმაც, რომლის დროსაც ეს ორი კატეგორია ერთმანეთს გადაფარავს. ბერიბერის ნებისმიერი ფორმის დროს ადგილი შეიძლება ჰქონდეს ტკივილსა და პარესთეზიებს. სველი ბერიბერის დროს უმეტესად გამოხატულია გულსისხლძარღვთა სისტემისმხრივი სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია გულის კუნთის მეტაბოლიზმისა და ავტონომიის დარღვევით. ეს მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს თიამინით ღარიბი პროდუქტებით კვების 3 თვის თავზე. ამ დროს ვითარდება გულის ზომაში მატება, ტაქიკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა მაღალი განდევნით, პერიფერიული შეშუპება და პერიფერიული ნევრიტი. ამისგან განსხვავებით, მშრალი ბერიბერის დროს აღინიშნება სიმეტრიული, სენსორული და მოტორული ნეიროპათიები რეფლექსების დარღვევებით. ნეიროპათიები მეტადაა გამოხატული ქვედა კიდურებზე, რა დროსაც პაციენტებს უჭირთ ჩაცუცქული პოზიციიდან წამოდგომა.

ალკოჰოლიკ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თიამინის დეფიციტი, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ცენტრალური ნერვული სისტემისმხრივ მანიფესტაციას, რაც ვერნიკეს ენცეფალოპათიის სახელითაა ცნობილი. ამ დროს, აღინიშნება ჰორიზონტალური ნისტაგმი, ოფთალმოპლეგია (თვალის მამოძრავებელი ერთი ან მეტი კუნთის სისუსტის გამო), ნათხემისმიერი ატაქსია და მენტალური შეფერხება. როდესაც ამ ყველაფერს თან ერთვის მეხსიერების დაკარგვა და კონფაბულაციური ფსიქოზი, მდგომარეობას ეწოდება ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი.

თიამინის დეფიციტის ლაბორატორიული დიაგნოსტირება, ჩვეულებრივ, წარმოებს თიამინ პიროფოსფატის დამატებით მიღებამდე და მიღების შემდეგ, ტრანსკეტოლაზური აქტივობის ფუნქციურ ფერმენტული განსაზღვრის გზით.

თიამინ პიროფოსფატით დამატებითი მიღების პასუხად ტრანსკეტოლაზური აქტივობის 25%-ზე მეტით სტიმულაცია (აქტივობის კოეფიციენტი 1.25) განიხილება, როგორც არანორმალური. თიამინის ან მისი ფოსფორილებული ესტერების განსაზღვრა სისხლსა და შრატში, ასევე, წარმოებს მაღალი წარმადობის სითხური ქრომატოგრაფიის გზითაც.

მკურნალობა

თიამინის მძიმე დეფიციტისას, რომელსაც ახლავს კარდიოვასკულური ან ნევროლოგიური სიმპტომები, აუცილებელია 200 მგ თიამინის მიღება სამჯერ დღეში ინტრავენური გზით იქამდე, სანამ არ მოხდება სიმპტომების გაუმჯობესება; ორალური გზით თიამინის მიღება ( 10მგ დღეში) უნდა გაგრძელდეს სრულ გამოჯანმრთელებამდე. შესაბამისი მკურნალობის ფონზე, კარდიოვასკულური და ნევროლოგიური გაუმჯობესება სახეზეა მკურნალობის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო სხვა სიმპტომების უკუგანვითარება ხდება ნელ-ნელა. მკურნალობის მიუხედავად, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის შემთხვევაში, ფსიქოზი, შეიძლება, იყოს მუდმივი ან დარჩეს რამდენიმე თვის განმავლობაში.

ტოქსიურობა

მიუხედავად იმისა, რომ თიამინის ინტრავენურად დიდი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსია, საკვების ან დანამატის სახით მისი მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები აღწერილი არ არის.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი