Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ვიტამინი E

ვიტამინი E – Vitamin E

ვიტამინი E ერთგვარი კრებითი დასახელებაა ტოკოფეროლებისა და ტოკოტრიენოლების ყველა სტერეოიზომერის, თუმცა ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ვრცელდება მხოლოდ RR ტოკოფეროლებზე. ვიტამინი E მოქმედებს, როგორც ჯაჭვის გამხლეჩი ანტიოქსიდანტი და წარმოადგენს თავისუფალი რადიკალების ერთგვარ „მჭამელს“, რა გზითაც იცავს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებსა და უჯრედის მემბრანაში არსებულ პოლიუჯერ ცხიმებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ჟანგვისგან. სხვა ანტიოქსიდანტებთან (მაგ. ვიტამინი C, გლუტათიონი) და ფერმენტებთან კავშირი განაპირობებს E ვიტამინის მცირე აქტივობით შენარჩუნებას. E ვიტამინი, ასევე, აქვეითებს პროსტაგლანდინების სინთეზს, აგრეთვე, პროტეინ კინაზა C-სა ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობას.

შეწოვა და მეტაბოლიზმი

ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ, ვიტამინი E ღვიძლში ტრანსპორტირდება ქილომიკრონების მიერ, საიდანაც ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები მას შეიწოვენ და, შემდგომ, უჯრედში არსებული სპეციფიკური ტრანსპორტერი ცილის- ალფა ტოკოფეროლ ტრანსპორტერით გადაიტანება ციტოპლაზმის ფარგლებში, საბოლოოდ კი ჩაერთვება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში. ზემოთხსენებულ ტრანსპორტერ ცილას ყველაზე ძლიერად გამოხატული აფინობა აქვს ალფა ტოკოფეროლის RRR იზომერის მიმართ, შესაბამისად, აღნიშნული ბუნებრივი იზომერი ხასიათდება ყველაზე ძლიერი ბიოლოგიური აქტივობით.

ორგანიზმის მოთხოვნილება, წყაროები და დეფიციტი

ვიტამინი E ფართოდაა გავრცელებული საკვებ პროდუქტებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობა შედის მზესუმზირის ზეთში, ალისარჩულის ზეთსა და ხორბლეულში; გამა ტოკოფეროლს საკმაო რაოდენობით შეიცავს სოიო და სიმინდის ზეთი. E ვიტამინი, აგრეთვე, გვხდება ხორცეულში, მარცვლეულ კულტურებში, მცირე რაოდენობით შედის ხილსა და ბოსტნეულში. E ვიტამინის შემცველი 50-1000 მგ-იანი კაფსულები გამოიყენება აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის მიერ. რეკომენდირებული დღიური ნორმა ზრდასრულებში შეადგენს 15 მგ/დღეში (34.9 მიკრომოლი ან 22.5 IU). საკვები რაციონი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს პოლიუჯერ ცხიმებს, საჭიროებს E ვიტამინის უფრო დიდი რაოდენობის მიღებას.

E ვიტამინის დიეტური დეფიციტი ფაქტობრივად არ არსებობს. აღნიშნული გვხვდება მხოლოდ მძიმე და ხანგრძლივად მიმდინარე მალაბსორბციული დაავადებებების დროს, როგორებიცაა ცელიაკია, ან ოპერაციის შემდგომ არსებული მოკლე ნაწლავის სინდრომი ან ბარიატრიული ოპერაციები. ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ ცისტური ფიბროზი ან გახანგრძლივებული ქოლესტაზი, შესაძლოა, განუვითარდეთ E ვიტამინის დეფიციტი, რომელიც ხასიათდება არეფლექსიითა (რეფლექსების გაქრობა) და ჰემოლიზური ანემიით. ბავშვებში, რომლებშიც აღინიშნება აბეტალიპოპროტეინემია, დარღვეულია E ვიტამინის ტრანსპორტი, ამიტომ დეფიციტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ასევე არსებობს E ვიტამინის იზოლირებული დეფიციტის ოჯახური ფორმები, რაც ალფა ტოკოფეროლის ტრანსპორტერი ცილის დეფექტითაა განპირობებული. E ვიტამინის დეფიციტის დროს, ადგილი აქვს დიდი მიელინიზებული აქსონური ღეროების დეგენერაციას, რის შედეგადაც ზიანდება ზურგის ტვინის უკანა სვეტები და ადგილი აქვს სპინოცერებელარულ სიმპტომებს. პერიფერიული ნეიროპათია თავდაპირველად ხასიათდება არეფლექსიით, ხოლო შემდგომ პროგრესიერებს ატაქსიურ მოძრაოებებსა და ვიბრაციული და პოზიციური მგრძნობელობის მოშლაში. E ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა, ასევე გამოვლინდეს ოფთალმოპლეგიით, ჩონჩხის კუნთების მიოპათიითა და პიგმენტური რეტინოპათიით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ E ვიტამინისა და სელენის დეფიციტი, აღმოჩნდა, რომ ზრდის გარკვეული ვირუსების მუტაციების ალბათობას, რაც განაპირობებს მათი ვირულენტობის ზრდას. E ვიტამინის დეფიციტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დაფუძვნებულია მისი პლაზმური დონის განსაზღვრაზე (<5მკგ/მლ ან <0.8 მგ ალფატოკოფეროლი ყოველ 1 გრამ საერთო ლიპიდზე)

მკურნალობა

E ვიტამინის სიმპტომური დეფიციტის მკურნალობა უნდა მოხდეს 800-1200მგ ალფა ტოქოფეროლის მიღებით ყოველდღიურად. აბეტალიპოპროტეინემიის მქონე პაციენტებში დოზაა 5000-7000 მგ/დღე. E ვიტამინის დეფიციტის მქონე სიმპტომურ ბავშვებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ორალური წყალში ხსნადი ესტრებით (400 მგ/დღეში); ასევე, შესაძლებელია 2 მგ/კგ/დღეში ინტამუსკულური ინექციები. E ვიტამინის დიდი დოზებით გამოყენება, შესაძლოა, იცავდეს დღენაკლულ ახალშობილებს ჟანგბად-ინდუცირებული რეტროლენტალური ფიბროპლაზიის (ახალშობილთა რეტინოპათია), ბრონქოპულმონური დისპლაზიისა და პარკუჭშიდა ჰემორაგიის განვითარებისგან. როგორც აღმოჩნდა, ვიტამინი E ზრდის სექსუალურ წარმადობას, გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ და ანელებს დაბერების პროცესს. სხვა ანტიოქსიდანტებთან კომბინაციაში, ვიტამინი E ახდებს მაკულის დეგენერაციის პრევენციას. E ვიტამინს აქვს, აგრეთვე, სასურველი თერაპიული ეფექტი არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მქონე არაციროზულ და არადიაბეტურ პაციენტებში. ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ E ვიტამინის მაღალი დოზებით მიღება (60-800 მგ/დღეში) აუმჯობესებს იმუნურ პარამეტრებს და სპეციალიზებულ სახლებში მომუშავე ექთან რეზიდენტებში ამცირებდა გაციების განვითარების რისკს. ინტერვენციულმა კვლევებმა, რომლებიც მიზნად ისახავდა E ვიტამინის როლის დადგენას კარდიოვასკულური და სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკის შემცირებაში, რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტები ვერ გამოავლინეს, მეტიც, აღნიშნულით გამოვლინდა, რომ 400 მგ/დღეში დოზაზე მეტით E ვიტამინის გამოყენება ზრდიდა პროსტატის კიბოს განვითარების რისკს და საერთო სიკვდილიანობას.

ტოქსიურობა

იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია, ძალიან დაბალია E ვიტამინით ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. E ვიტამინის ძალიან მაღალ დოზებში (>800მგ/დღეში)  გამოყენებას, შესაძლოა, თან ახლდეს თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება და K ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევა, შესაბამისად, მისი მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინსა და ანტიაგრეგაციულ პრეპარატებს (მაგ. ასპირინი, კლოპიდოგრელი). გულისრევა, მეტეორიზმი და დიარეა აღწერილია E ვიტამინის მაღალ დოზებში (>1 გ/დღეში) გამოყენებისას.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი