Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

საინტერესო ფაქტები ყავაზე – რა გავლენას ახდენს კოფეინი ადამიანის ორგანიზმზე

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, ის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სიაში მეორე ადგილს იკავებს. ყავის გარეშე დღის დაწყება ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ მისი შემადგენლობა და ორგანიზმზე ზემოქმედების საკითხი აქტუალობას არასდროს კარგავს.

ზოგადად ყავა საკმაოდ რთული სასმელია, ამიტომ მისი ეფექტი ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას იწვევს. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ყავა ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, რადგან ძალიან სასარგებლოა. მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ეს სასმელი პირიქით საზიანოა და საჭიროა მისი მაქსიმალურად შეზღუდვა. 

საინტერესოა, რომ…

სიტყვა ყავა (qahwah) არაბულიდან მოდის. ლეგენდების მიხედვით, ყავის სასარგებლო თვისებები ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ეთიოპიელებმა აღმოაჩინეს. მათ ნახეს, რომ ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ყავის ბუჩქის მარცვლებს მიირთმევდნენ, განსაკუთრებით სიცოცხლის უნარიანები იყვნენ. ცალკე აღებული ყავის მარცვალი საკმაოდ მწარე იყო, ამიტომ ადამიანმა დროთა განმავლობაში მისი მომზადების სხვადასხვა მეთოდს მიაგნო. ევროპაში ყავა მე-17 საუკუნიდან ჩნდება. 

თანამედროვე რეალობაში ადამიანები ყოველდღიურად დაახლოებით 2.25 მილიარდ ფინჯან ყავას მიირთმევენ და ეს სასმელი დილის აუცილებელი რიტუალია. 

ნებისმიერი  საკვების მსგავსად, ბუნებრივია ყავაც ათასობით ნივთიერებისაგან შედგება. მათ შორის არის – ცილები, ცხიმები, მინერალები, B ვიტამინი, ანტიოქსიდანტები, დიტერპენები და ალკალოიდი – კოფეინი. ეს უკანასკნელი არის კიდეც მთავარი გაუგებრობის მიზეზი. 

რა არის კოფეინი?

გაინტერესებთ რომელ ნივთიერებაზეა მსოფლიოს მოსახლეობის 80% დამოკიდებული? დიახ, სწორი პასუხი არა ალკოჰოლი, თამბაქო ან ნარკოტიკი, არამედ კოფეინია. კოფეინი 60-ზე მეტი მცენარის თესლსა და ფოთლებში გვხდება, თუმცა ძირითადად Coffea Arabica-ს ბუჩქისგან მიიღება. ეს მცენარე მაღალმთიან სუბტროპიკულ რეგიონებში ხარობს. 

ეს ფართოდ გავრცელებული ნივთიერება ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე წყაროებში იძებნება და მას როგორც ჩანს, ჩაის სახით იყენებდნენ. დღესდღეობით კოფეინს ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელი შეიცავს. კოფეინი არის ზოგიერთი მედიკამენტის შემადგენლობაშიც. 

კოფეინი მეთილქსანტინის კლასის, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც კანონი არ კრძალავს. ყავის მირთმევის შემდეგ კოფეინი სისხლში შეიწოვება, საიდანაც ღვიძლში ხვდება და იშლება ნივთიერებებად, რომლებსაც სხვადასხვა ორგანოების მუშაობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ზოგადად, კოფეინი ყველაზე მეტად თავის ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ის ბლოკავს ადენოზინის (ნეიროგადამცემი, რომელიც ტვინს ამშვიდებს) მოქმედებას და სისხლში ადრენალინის დონის გაზრდაც შეუძლია. სწორედ ასეთი გავლენის დამსახურებით კოფეინი სიფხიზლესა და ყურადღების კონცენტრირებას უწყობს ხელს. 

რა გავლენას ახდენს კოფეინი ადამიანის ორგანიზმზე?

ტვინის ფუნქციონირება და განწყობა – ადენოზინის დაბლოკვით კოფეინი დოფამინისა და ნორეპინეფრინის დონეს ზრდის, რაც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს და განწყობაზეც დადებითაც აისახება. ზოგიერთი კვლევით ისიც დასტურდება, რომ კოფეინი დეპრესიისა და სუიციდს რისკსაც კი ამცირებს. 

ცხიმის წვა – ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებით კოფეინს მეტაბოლიზმისა და ცხიმების წვის 13%-ით გაზრდა შეუძლია. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, დღეში 300 მგ. კოფეინი 79 კალორიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ამას კი კოფეინი ჰორმონ ეპინეფრინით აკეთებს. ეპინეფრინი ანუ იგივე ადრენალინი სისხლის მეშვეობით ცხიმოვან ქსოვილებამდე აღწევს და მათ დაშლას უწყობს ხელს. 

ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა კოფეინით მზადდება. ასევე, იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ წონის შემცირებას ხელს ყავის არომატიც კი უწყობს. 

გახსოვდეთ, რომ კოფეინის ძირითადი წყარო ყავის მარცვალია. ყავაში კოფეინის შემცველობა მარცვლის ტიპისა და მომზადების მეთოდის მიხედვით იცვლება. მუქად მოხალული ყავა ოდნავ ნაკლებ კოფეინს შეიცავს, ვიდრე მსუბუქად მოხალული. 

უსაფრთხო დოზა

ზრდასრული ადამიანისთვის კოფეინის დღიური უსაფრთხო დოზა 400 მილიგრამია. რაც დაახლოებით 4 ფინჯან ყავას უდრის. გახსოვდეთ, რომ კოფეინის მაღალ დონეს არაერთი პრობლემის გამოწვევა და ჯანმრთელობის სერიოზულად გაუარესება შეუძლია. 

რაც შეეხება მოზარდებსა და ბავშვებს, უსაფრთხო დოზის შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. 

კოფეინი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მასტიმულირებელი ნივთიერებაა და ბევრ დადებით ეფექტთან ერთად მის აქტიურ მიღებას დამოკიდებულის გამოწვევაც შეუძლია. 

კოფეინი – ნარკოტიკი?

ე.წ. „ყავადამოკიდებულება“ სწორედ კოფეინის დამსახურებაა. დიახ, ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხას თვალს თუ გადაავლებთ, იქ აუცილებლად ნახავთ კოფეინსაც. კოფეინი ნამდვილად ნარკოტიკია და ტვინში ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა მისი მოხმარება კანონით არ ისჯება. ეს იმიტომ, რომ კოფეინი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებთან არაა დაკავშირებული, თუმცა დამოკიდებულების გამოწვევა ნამდვილად შეუძლია. 

მიიღეთ ნაკლები კოფეინი თუკი:

  • სტრესისა და შფოთვისკენ მიდრეკილი ხართ;
  • ძილის პრობლემები გაქვთ;
  • კუჭის წყლული ან რეფლექსური დაავადება გაწუხებთ;
  • გაქვთ მაღალი წნევა;
  • გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა გაწუხებთ;
  • ქრონიკული თავის ტკივილი გაქვთ. 

სპეციალისტთა ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ყავის სასარგებლო თუ მავნე შედეგებს მისი ხარისხი, მომზადების წესი და რაოდენობა განსხაზღვრავს. 

ყავის სასარგებლო ეფექტი

ყავა ანტიოქსიდანტების ყველაზე ძლიერი წყაროა. ამ პროდუქტიდან ეს სასარგებლო ნივთიერება ბევრად უკეთ შეითვისება, ვიდრე ხილიდან თუ ბოსტნეულიდან.

ენერგიულობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ყავა შეიცავს კოფეინს. სტიმულატორს, რომლის დახმარებითაც ცენტრალური ნერვული სისტემა აქტიურდება. იზრდება სიფხიზლე და მცირდება რეაქციის დრო.

ტვინის მუშაობა

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ყავას ყურადღებისა და მეხსიერების უნარის გაუმჯობესება შეუძლია. კვლევებმა აჩვენა, რომ 2 ჭიქა ყავა მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებას აუმჯობესებს, ავითარებს სწრაფ რეაქციას. 

ფიზიკური შესაძლებლობები

ცდისპირებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფინჯანი ყავა გამძლეობას ზრდის, აძლიერებს კუნთებს და ზრდის ვარჯიშის სიჩქარეს. აღსანიშნავია, რომ კოფეინი უფრო ეფექტურია მსუბუქი ვარჯიშებისთვის (მაგალითად სირბილი).

საკვები ნივთიერებები

ფინჯანი ყავა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას შეიცავს – მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი. 

დიაბეტის რისკს ამცირებს? 

ყავის მირთმევა ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. კვლევებით დგინდება, რომ დღეში ერთი ჭიქა ყავის მიღება დაავადების გაჩენის ალბათობას 6%-ით ნაკლებს ხდის. ასეთი შედეგი კი ენერგიის ხარჯვას და ანტიოქსიდანტებს უკავშირდება. ყავა დადებითად მოქმედებს სისხლში ინსულინის გამოყოფაზეც. 

ალცჰაიმერი და დემენცია

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა კოგნიტიური პრობლემების თავიდან აცილებას უწყობს ხელს, ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. კვლევით დადგინდა, რომ იმ ცდისპირებში ვინც კოფეინს ყოველდღიურად იღებდა, ამ დაავადების რისკი 30%-ით შემცირდა. კოფეინი ტვინის უჯრედების დეგენერაციას აფერხებს. 

პარკინსონი

პარკინსონის დაავადებაც ტვინზე მოქმედებს და როგორც კვლევებით დასტურდება, დღეში მაქსიმუმ 3 ფინჯანი ყავა ამ პრობლემის გაჩენის რისკს 28%-ით ამცირებს. 

იცავს ღვიძლს

როგორც 2013 წელს ჩატარებული ექსპერიმენტით დასტურდება, ყოველდღიურად 2 ჭიქა კოფეინის მიღება ღვიძლის სიმსივნის, ფიბროზის და ციროზის ალბათობასაც ამცირებს. სწორი დოზირებით მიღებული ყავა ღვიძლს ტოქსინებისგან იცავს, ამიტომ ყავის მოყვარულებს ღვიძლის ქრონიკული დაავადებები უფრო ნაკლებად აწუხებთ. 

ებრძვის დეპრესიას

Archives of Internal Medicine-ს კვლევების თანახმად, ის ვინც დღეში სულ მცირე 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევს, 15%-ით ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. ასევე, ყავის სუნი ამცირებს სტრესს, რომელიც უძილობით არის გამოწვეული. 

კიბო? 

კვლევამ, რომელიც 30 წელზე მეტს ხანს გრძელდებოდა, დაადგინა რომ იმ ადამიანებს რომლებიც დღეში 2 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ და თამბაქოს მომხმარებლებიც არ იყვნენ, ღვიძლის პრობლემები და ძუძუს კიბო ნაკლებად აწუხებდათ. ყავა კანის კიბოს გაჩენის რისკსაც ამცირებს. 

ინსულტი

მეცნიერთა ნაწილი ირწმუნება, რომ ინსულტი, გულის უკმარისობა, დიაბეტი და ჰიპერტენზია ნაკლებად ვითარდება იმ პირებში, რომლებიც დღეში 3 ან მეტი ფინჯან ყავას მიირთმევენ. 

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ყავის რეგულარულად მიღება სიკვდილიანობას ამცირებს. ამას ადასტურებს კვლევა რომელიც 2012 წელს ჩატარდა და დაადგინა, რომ დღეში რამდენიმე ფინჯანმა ყავამ ნაადრევი სიკვდილის რისკი მამაკაცებში 10%-ით, ქალბატონებში კი 15%-ით შეამცირა. ზემოთ კი ისიც აღვნიშნეთ, რომ ყავის მოყვარულებს შორის სუიციდის და დეპრესიის შემთხვევებიც უფრო ნაკლებია.

ყავა აბედნიერებს

აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომლებიც დღეში 4 ფინჯან ყავას მიირთმევენ, თავს 10%-ით უფრო ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე ისინი ვინც ამ სასმელს საერთოდ არ ეკარება. საქმე ისაა, რომ კოფეინი ანტიდეპრესანტის ფუნქციას ასრულებს და ბედნიერების ჰორმონის გაზრდას უწყობს ხელს. არაერთმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ყავა ადამიანებს უფრო მეგობრულსაც ხდის და პოზიტიურ აზროვნებაში ეხმარება. 

შესაძლოა ყავა საზიანოც იყოს

ყავის ჭარბი მოხმარება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოც იყოს. ყავის გარეშე ცხოვრება ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ ამ სიას მაინც უნდა გადახედოთ.

  1. განაყოფიერების პრობლემა

ყავა შესაძლოა განაყოფიერებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გადაიქცეს. საქმე ისაა, რომ კოფეინი ორგანიზმში კორტიზოლის ანუ სტრესის ჰორმონის დონეს ზრდის და შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი გახდეს. შედეგად წარმოიქმნება საკვერცხეების ყვითელი სხეულის ძირითადი ჰორმონის – პროჰესტერონის უკმარისობა, რაც თავს მხრივ ორსულობას უშლის ხელს. 

  1. მინერალების მკვლელი

ზედმეტი ოდენობის კოფეინი ორგანიზმში რკინის, კალიუმის, თუთიის და კალციუმის შემცველობას ამცირებს. ყავის ჭარბი გამოყენება ძვლებსაც ასუსტებს. 

  1. სიმსუქნე

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კოფეინი კორტიზოლის გამოყოფას აძლიერებს და თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობაზე მოქმედებს. ეს უკანასკნელი კი ფარისებრ ჯირკვალთან ერთად მუშაობს და შესაბამისად ნივთიერებათა ცვლაზე ახდენს გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს ჭარბწონიანობის გამოწვევა შეუძლია. 

  1. უძილობა

თუკი უძილობა გაწუხებთ, უმჯობესია კოფეინი ხმარებიდან საერთოდ ამოიღოთ. მაშინაც კი როცა გძინავთ, კოფეინი ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას აგრძელებს და მას აღგზნებულ მდგომარეობაში ამყოფებს. საინტერესოა, რომ კოფეინი სისხლში 6-8 საათი რჩება. 

  1. ნერვული სისტემა

ყავა ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. მისი ხშირი მომხმარებლები ჯერ ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ, შემდეგ კი გაღიზიანებას. კოფეინი სისხლში ეპინეფრინის გამოყოფას იწვევს. ეპინეფრინი კი გადარჩენის ჰორმონია, ის ენერგიის მოზღვავებასთან ასოცირდება, თუმცა დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში – გულის აჩქარების, წნევის მატების და შფოთვების მიზეზია. 

  1. ადრეული დაბერება

კოსმეტოლოგთა ნაწილი თვლის, რომ არომატული სასმელი კანის ადრეულ დაბერებას და სახის გაუფერულებას იწვევს. 

  1. იმუნიტეტი

ფარისებრი ჯირკვლის გამო კოფეინი იმუნურ სისტემას ასუსტებს და რაიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში მისი შეზღუდვა ძალიან სასარგებლო იქნება.

  1. ენერგიები

კოფეინი ენერგიის საერთო დონეზე ცუდად მოქმედებს. ყავა სხეულს ადრენალინის გამომუშავებას აიძულებს და იმისათვის რომ ორგანიზმმა ამ ნივთიერებას ყოველ ჯერზე იგივე ეფექტურობით უპასუხოს, სულ უფრო და უფრო მეტი კოფეინია საჭირო.

  1. გაუწყლოება

ყავას შარდმდენის თვისება აქვს. მისი მირთმევის შემდეგ შესაძლოა ადამიანს წყურვილის შეგრძნება არ ჰქონდეს, თუმცა სასწრაფოდ საჭიროებდეს სითხეს. ყავას ორგანიზმიდან სასარგებლო მიკროელემენტები გამოაქვს, ამიტომ მისი მირთმევის შემდეგ 1-2 ჭიქა წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. 

  1. სექსუალური ცხოვრება

ყავა მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია ჰორმონზე, რომელიც ლიბიდოს მართავს. ამიტომ კოფეინზე უარის თქმა შესაძლოა სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ.

მიუხედავად ბევრი სასარგებლო თვისებისა, თუკი ყავის მირთმევის შემდეგ გული გიჩქარდებათ, თავის ტკივილი, შფოთვები გეწყებათ, უმჯობესია მასზე უარი თქვათ. 

სხვა შემთხვევაში კი გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევა იმის შესახებ, თუ როდისაა ყავის მისართმევად საუკეთესო დრო.

ყავის მისართმევად საუკეთესო დრო

მაგალითად, ამერიკელი დიეტოლოგების აზრით, დილით მირთმეული ფინჯანი ყავა ნივთიერებათა ცვლის პროცესს სწორად წარმართავს და წონის კლებასაც უწყობს ხელს. 

დღე ლიმონიანი წყლით უნდა დაიწყოთ და ნახევარი საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ყავა საუზმესთან ერთად მიირთვათ. უზმოზე კოფეინის მიღება კი სისხლში შაქრის დონეზე მოქმედებს და დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს ზრდის. 

სპეციალისტები რეკომენდაციას შავ, უშაქრო ყავას უწევენ, რაც ნაკლებ კალორიას გულისხმობს. 

მაინც რა არის ყავის დღიური ნორმა და რამდენი ჭიქის მიღება შეგვიძლია ისე, რომ ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ?

დღე-ღამეში ყავის მაქსიმალური რაოდენობა 400 მილიგრამი უნდა იყოს. თუ ნალექიან ყავას მიირთმევთ, მისი ერთი ჭიქა 100 მგ. კოფეინს შეიცავს, ესპრესოში კი მისი რაოდენობა 50-90 მგ-ია. ანუ თუკი დღის განმავლობაში 3-4 ფინჯან ყავას მიირთმევთ, ეს ნორმალურია და შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს. ბოლო კვლევების თანახმად, კოფეინის დღიური ნორმის მოხმარების შემთხვევაში სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი 16%-ით მცირდება. 

გახსოვდეთ, რომ ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, ამიტომ მისი სწორი დოზა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. უმჯობესია თუკი სასარგებლო დოზას თქვენი ორგანიზმის რეაქციის მიხედვით განსაზღვრავთ.

ყავისგან მეტი სარგებლის მისაღებად გაითვალისწინეთ:

აირჩიეთ მაქსიმალურად ორგანული მარცვლები და უარი თქვით რაფინირებულ, უარომატო ყავაზე. 

უმჯობესია, თუკი ყავის მარცვლებს მომზადების წინ დაფქვავთ და სასმელს არ აადუღებთ. ასე ანტიოქსიდანტებსაც შეინარჩუნებთ. 

ჯანსაღი ეფექტისთვის ყავა შაქრის, ხელოვნური დამატკბობლებისა და რძის ნაღების გარეშე მიირთვით.

და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ყავაზე:

  • გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინი გამელოტებას უშლის ხელს. კოფეინს ასეთი შედეგის გამოწვევა გარეგნული მოხმარებისას შეუძლია. 
  • ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა ქალებისთვის ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს. მამაკაცების შემთხვევაში კოფეინის მსგავსი ეფექტი არ დასტურდება;
  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ბადურას მგრძნობელობასაც ზრდის;
  • კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური დატვირთვისას  კოფეინი ორგანიზმის გამძლეობას ზრდის.