Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ფსიქიკური დაავადებები

ფსიქიკური დაავადებები – ვის, როდის, რატომ უჩნდება და არსებობს თუ არა პრევენციის გზები

ფსიქიკური დაავადებები – ვის, როდის, რატომ უჩნდება და არსებობს თუ არა პრევენციის გზები

  • მსოფლიოში 970 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან აკრძალული ნივთიერებების მომხმარებელია.
  • შფოთვითი აშლილობა ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება და ის 284 მილიონ ადამიანს აწუხებს.
  • მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად ქალებს აწუხებთ (11,9%). მამაკაცთა შემთხვევაში მაჩვენებელი 9,3%-ია.
  • ფსიქიკური აშლილობა მსოფლიოში სიკვდილიანობის 14,3%-ს იწვევს, რაც ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს.

რა არის ფსიქიკური აშლილობა?

სანამ ფსიქიკურ აშლილობას განვმარტავთ, უნდა დავაზუსტოთ თუ რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ეს არის მდგომარეობა რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფსიქიკური აშლილობის დროს კი არატიპურ, სხვებისთვის ხელისშემშლელ ქცევას ვხვდებით. ადამიანი არამხოლოდ საზოგადოებასთან, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობის უნარსაც კარგავს.

ისტორია ასეთი იყო..

მედიცინამ ფსიქიკური დარღვევა დაავადებად მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღიარა. მანამდე კი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის მიუღებელნი იყვნენ. შუა საუკუნეების ევროპაში სჯეროდათ, რომ ფსიქიკურ ავადმყოფობას დემონური ძალები იწვევდნენ, ამიტომ ავადმყოფებს კოცონზეც კი წვავდნენ. ევროპამ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი შეხედულების ჩამოყალიბება მე-17 საუკუნიდან დაიწყო, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან სხვადასხვა კლინიკური ფორმების მკურნალობაც სცადა. 

რატომ?

ცხოვრების არაჯანსაღი წესი, დაძაბულობა, სოციალური გარემოს მუდმივი ცვლილება, პანდემია თუ ომი ადამიანის ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ჩვენ დღეს ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც უარყოფითი ინფორმაცია საკმარისზე მეტია.

მსგავსი ფაქტორები ფსიქიკაზე მოქმედებს და აშლილობით გამოიხატება. მაგალითად, ისეთით როგორიცაა დეპრესია – დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა. დეპრესია ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს და სამწუხაროდ, სუიციდის ერთ-ერთი რისკფაქტორია.

ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოიცავს ყველაფერს – დაწყებული უბრალო ფობიებით, დამთავრებული მძიმე დარღვევებით (მაგალითად შიზოფრენიით).

როგორია სტატისტიკა?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა 450 მილიონ ადამიანს აწუხებს. საქართველოში კი ქცევითი აშლილობის 80 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა.

  • შფოთვა მსოფლიოში 284 მილიონ ადამიანს აწუხებს.
  • დეპრესია 264 მილიონ ადამიანს აქვს.
  • ალკოჰოლის მოხმარების დარღვევა 107 მილიონ ადამიანს აწუხებს.
  • ნარკოტიკების მოხმარების დარღვევა 71 მილიონ ადამიანს აწუხებს.
  • ბიპოლარული აშლილობა 46 მილიონ ადამიანს აქვს.
  • შიზოფრენია 20 მილიონ ადამიანს აწუხებს.
  • კვებითი დარღვევები 16 მილიონ ადამიანს აწუხებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო სტატისტიკა ასე გამოიყურება, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია, რადგან ფსიქიკური აშლილობა ჯერ კიდევ ბევრ სტიგმას უკავშირდება და დაბალი ცნობიერების გამო ადამიანები ამაზე ნაკლებად საუბრობენ.

ბოლო წლებში კორონავირუსის პანდემიის დამსახურებით სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე გახდა. Covid-19-მა ნამდვილი ფსიქოსოციალური კრიზისი გამოიწვია.

რა იწვევს მენტალურ დარღვევებს?

მენტალური დარღვევების ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება რთულია, თუმცა სპეციალისტები შინაგან და გარეგან ფაქტორებს გამოყოფენ. მსგავსი პრობლემების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, სტრესი, ბავშვობაში მიღებული ცუდი გამოცდილებები, ასევე სამშობიარო ტრავმები, თავის ტვინის დაზიანება.

ვინ არის რისკ-ჯგუფში?

ფსიქიკურ დაავადებათა განსხვავებული ფორმები არსებობს და ესა თუ ის გართულება ნებისმიერი სქესის, ასაკის, რასის, გენდერის, ეროვნების, სოციალური სტატუსის თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს.

თუმცა, სპეციალისტები სხვადასხვა აშლილობას კონკრეტულ რისკ ჯგუფებს უკავშირებენ. მაგალითისთვის დეპრესია ყველაზე მეტად 18-29 წლის ასაკის ადამიანებშია გავრცელებული, ხოლო ნერვული ანორექსია გარდატეხის ასაკს ან 20 წლამდე გოგონებს უფრო აწუხებთ.

თუმცა, მიუხედავად ასეთი სტატისტიკის არსებობისა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ნებისმიერი აშლილობა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

ბუნებრივია, დაავადების სიმძიმეც ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი შემთხვევა იმდენად მსუბუქია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას ხელს არ უშლის, ზოგიერთი კი ისეთი მძიმეა რომ საქმე ჰოსპიტალიზაციამდე მიდის.

დიაგნოზი

არის თუ არა კონკრეტული პრობლემა ფსიქიკური აშლილობა – ამას სპეციალისტები ადამიანის ცხოვრებაზე მისი გავლენის მასშტაბით ადგენენ. ასევე გასათვალისწინებელია გართულების ხანგრძლივობა, ფსიქოლოგიური წინაპირობები.

ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობა სხვა სამედიცინო მდგომარეობას უკავშირდება, მაგალითად დეპრესიის სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ ამა თუ იმ დიაგნოზის დასმამდე ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად უნდა შეფასდეს. ჩატარდეს ყველა აუცილებელი ანალიზი, ნევროლოგიური ტესტები.

მკურნალობა

ის თუ რამდენად სერიოზულია სიმპტომატიკა – მკურნალობის მეთოდის განმსაზღვრელია. სპეციალისტი ითვალისწინებს, თუ როგორ მოქმედებს აშლილობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, როგორია მკურნალობის შესაძლო სარგებელი თუ რისკი. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე ეფექტური მედიკამენტებისა და თერაპიის გაერთიანებაა.

მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც პაციენტი ახლობელი ადამიანებისგან გრძნობს. გვერდში დგომა გამოჯანმრთელების შემდეგაც აუცილებელია, რათა მდგომარეობის რეციდივი არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის მთავარ პირობას წარმოადგენს – ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და ჯანსაღი კვება.

დეპრესია

დეპრესია როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული აშლილობაა. ეს არის მდგომარეობა რომელიც ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვით ხასიათდება, ადამიანს სიამოვნების მიღება აღარ შეუძლია, არ სურს არც ოჯახის წევრებთან, არც მეგობრებთან ურთიერთობა. დეპრესიის მქონე პაციენტები უჩივიან ინსომნიას, დაღლას, სევდას, ძილის დარღვევას.

სიმპტომებს შორისაა მადის ცვლილება, წონაში კლება ან მატება, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, უენერგიობა, უსარგებლობის განცდა. სუიციდის შესახებ აზრები, კონცენტრაციის გართულება.

დიაგნოზის დასასმელად სიმპტომები 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს.

ვის და რატომ ემართება

დეპრესიული აშლილობა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს, თუმცა გარდატეხის ასაკში ალბათობა განსაკუთრებით იზრდება. ხანგრძლივობაც განსხვავებულია, ზოგს მხოლოდ 2 კვირა უგრძელდება, ზოგი კი ამ მდგომარეობას წლების განმავლობაში ებრძვის.

სპეციალისტები რამდენიმე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს გამოყოფენ:

გარემო – ბავშვობაში მიღებული მძიმე გამოცდილება, რომელიც იმდენად სტრესული იყო რომ ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია.

გენეტიკა – გენეტიკა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანების პირველი რიგის ნათესავები მეტი რისკის ქვეშ არიან.

ტემპერამენტი – ტემპერამენტის მქონე ადამიანებზე სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები უფრო მეტად მოქმედებს და დეპრესიის განვითარების რისკი უფრო მაღალია.

კარგი ამბავია ის, რომ მკურნალობა შესაძლებელია და მედიკამენტური თერაპიისა და ფსიქოთერაპიის მიქსი – საუკეთესო შედეგის მიღების საშუალებაა.

სპეციალისტები დეპრესიის მქონე ადამიანებს ასევე ურჩევენ რომ უარი თქვან ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე, მოიწესრიგონ ძილის რეჟიმი, ივარჯიშონ და სრულფასოვნად იკვებონ.

ბიპოლარული აშლილობა

ეს არის ფსიქიკური აშლილობა რომლის დროსაც დეპრესია და საოცარი აღმაფრენა ერთმანეთს ენაცვლება, ასეთ დროს ადამიანი შესაძლოა აღტაცებას განიცდიდეს და მეორე წუთს უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩავარდეს. მანიაკალურ მდგომარეობას აღგზნებადობა, ჰიპერაქტიურობა და ზედმეტი ოპტიმიზმიც ახასიათებს.

ხასიათის მკვეთრი და უსაფუძვლო ცვალებადობა ანგრევს აშლილობის მქონე ადამიანებს, მათ ოჯახებს. ბიპოლარული აშლილობა ყველას ერთნაირად არ უვლინდება, ზოგს მანიაკური შეტევები აწუხებს და ზოგს – დეპრესია. ზოგჯერ ორივე მდგომარეობა ერთად გვხდება – ანუ საქმე შერეულ აშლილობასთან გვაქვს.

საბედნიეროდ, დეპრესიული აშლილობისგან განსხვავებით ბიპოლარული აშლილობა უფრო იშვიათი მოვლებაა. ის ზრდასრულთა 1,6%-ს აწუხებს და ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება თითქმის არ არის.

შფოთვითი აშლილობა – ამ აშლილობის რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა საერთო სიმპტომი ირაციონალური შიშის გრძნობა და მისგან თავის დაღწევის მცდელობაა. ეს არ არის ფობია, რადგან ფობია კონკრეტული ობიექტების, ქცევების თუ სიტუაციების შიშია. ხოლო შფოთვითი აშლილობა  – ყოვლისმომცველია.

ამ დარღვევის მქონე ადამიანები მუდმივად დაძალებულები, ზედმეტად მგრძნობიარეები არიან და მუდმივად ცუდის მოლოდინი აქვთ.

არსებობს შფოთვითი აშლილობის პანიკური ფორმა, როდესაც შფოთვა პანიკურ შეტევად გადაიქცევა. პანიკური შფოთვის ნიშნებია – გახშირებული სუნთქვა, თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, კანკალი.  

ობსესიურ – კომპულსიური აშლილობა – ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს აკვიატებული აზრები ან რაიმე ქმედების შესრულების სურვილი აქვთ. მათ ქცევას როგორც წესი რაციონალური ახსნა არ აქვს, თუმცა თავის შეკავება წარმოუდგენელია.

სპეციალისტები ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის 5 ძირითად კატეგორიას გამოყოფენ:

აკვიატებული შემოწმება – ასეთი ადამიანები მუდმივად ამოწმებენ იმას, დაკეტეს თუ არა კარი, გამორთეს უთო, გადაკეტეს წყალი და ა.შ.

ავადმყოფობა – ადამიანებს სჯერათ, რომ რაღაც უკურნებელი სჭირთ. ზოგიერთ ქალს ჰგონია რომ სულ ორსულადაა და მუდმივად ტესტს იკეთებს.

სისუფთავე – ადამიანი მუდმივად ხეხავს, რეცხავს, იბანს, ერიდება საზოგადოებრივ ადგილებში სიარულს, ხელის ჩამორთმევას თუ კარის სახელურზე შეხებას.

წესრიგი და სიმეტრია – ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილას უნდა ეწყოს, ტანსაცმელი ფერებით უნდა იყოს დაკიდებული, წიგნები განსაზღვრული სისტემით უნდა განლაგდეს.

აკვიატებული აზრი – ასეთი ადამიანი მუდმივად ერთსა და იმავე აზრს ატრიალებს, ვერ მშვიდდება.

პიროვნული აშლილობა

ეს აშლილობა ადამიანს სოციუმის ნაწილად ყოფნაში უშლის ხელს, ეს არის მდგომარეობა რომლის გამოც ადამიანი საზოგადოების მოთხოვნებს ვერ უმკლავდება.

პიროვნული აშლილობა არის ქცევის პატერნი, რომელიც კულტურული მოლოდინებისგან ძალიან განსხვავდება.

უფრო გასაგები რომ იყოს, პიროვნული აშლილობის რამდენიმე სახეობა არსებობს:

შიზოიდური – ადამიანს არ აქვს სოციალური ურთიერთობების სურვილი, იზოლაციაში ურჩევნია ყოფნა.

ისტერიული – დემონსტრაციული ემოციურობა, საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობის დაუოკებელი სურვილი.

პარანოიდული – უსაზღვრო ეჭვიანობა.

დამოკიდებული – სხვისი მფარველობის ქვეშ ყოფნის მოთხოვნილება.

ნარცისული – საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება

პასიურ-აგრესიული – ჯიუტი, კამათის მოყვარული ადამიანი.

განრიდებული – ზედმეტად მორცხვი და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული შიშების მქონე.

სოციოპათი – სოციალური ნორმების უგულებელყოფა, თანაც დანაშაულის გრძნობის გარეშე.

შიზოფრენია

შიზოფრენია სიტყვა სიტყვით – ფსიქიკის გახლეჩას ნიშნავს, ტვინში მომხდარი ცვლილებების ფონზე ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს. ამ მდგომარეობას აზროვნების, ლოგიკის დარღვევა, არასწორი მსჯელობა, საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა, არაადეკვატური ემოციები და ქცევები ახასიათებს. მისი გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის ერთნაირია – ყოველ 1000 ადამიანზე 8-12 შემთხვევა.

ძირითადი სიმპტომები

შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომებია: ბოდვა, ჰალუცინაციები, უაზრო წინააღმდეგობის გაწევა, მოტორული ფუნქციის დარღვევა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და სამყაროსთან კონტაქტის გაწყვეტა.

გენეტიკურია?

სხვა მრავალი დაავადების მსგავსად, მემკვიდრეობით ფაქტორს მნიშვნელობა აქვს. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, თუმცა აუცილებელი არ არის რომ ამ გენებმა თავი იჩინოს და ადამიანი დაავადდეს. ასევე არც ისაა გამორიცხული, რომ შიზოფრენიის ნიშნები შემდეგ თაობებში გამოვლინდეს.

ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ შიზოფრენია გენეტიკური ფაქტორებისა და ფსიქოლოგიური მიზეზების თანხვედრით ყალიბდება.

ანორექსია და ბულიმია

ადრე ითვლებოდა, რომ ზედმეტი კილოგრამების შიში ძირითადად მოზარდი გოგონების პრობლემა იყო. თუმცა, დიეტოლოგთა, ენდოკრინოლოგთა და ნევროპათოლოგთა დასკვნით, ამ პრობლემას ზრდასრული ქალბატონები და მამაკაცებიც ძალიან ხშირად აწყდებიან.

როდესაც პრობლემაზე ვსაუბრობთ მკაცრ დიეტას ნამდვილად არ ვგულისხმობთ და საუბარი კვების არევაზე და მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებზე – ანორექსიასა და ბულიმიაზეა.

აშშ-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 100 მოზარდი გოგონადან 2-ს ანორექსია ან ბულიმია აწუხებს. ზოგადად კი ამ დაავადებების მქონეთა 88-85% ქალბატონები არიან.

საინტერესოა, რომ ანორექსიაც და ბულიმიაც ძალიანაა გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებად სახელმწიფოებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

რა არის ნერვული ანორექსია?

ყველაფერი ნერვული სისტემის აშლილობით იწყება. ანორექსიის დროს ადამიანს ყველაზე მეტად წონის მომატება აშინებს, თანაც ამ დროს ობიექტურობას კარგავს და რაც არ უნდა გამხდარი იყოს, თავი მაინც მსუქნად ეჩვენება. არარსებულ წონასთან ბრძოლას კი სავალალო შედეგებამდე მიჰყავს. ანორექსიის მქონე ქალბატონებს რეპროდუქციის პრობლემა აქვთ, ხშირად არიან გაღიზიანებულები, დეპრესიულები  და თავს სუსტად გრძნობენ.

2010 წელს ნერვული ანორექსიით დაავადებულთა საშუალო ასაკი 12-24 წელი იყო, ამჟამად კი ზედა ზღვარი 27-30 წელია.

ბულიმია(მგლის მადა)?

განსხვავებით ანორექსიისგან, ამ დროს ადამიანი ზომაზე მეტს ჭამს, შემდგე კი მიღებული კალორიების თავიდან მოცილებაზე ფიქრობს. ყველაზე გამოცდილი ხერხი საფაღარათო საშუალებების გამოყენება ან პირღებინებაა. ანორექსიის მსგავსად ბულიმიის მქონე ადამიანსაც ორგანიზმი გამოფიტული აქვს. ბულიმიით უფრო მოზრდილი ასაკის ადამიანები, საშუალოდ –  22-36 წლისები ავადდებიან.

ამ აშლილობების დროს დაზიანებული ორგანოების სია ასე გამოიყურება:

  • თავის ტვინი, ნერვები
  • თმა, ფრჩხილები
  • გული
  • ძვლები, კუნთები
  • თირკმელები, ნაწლავები
  • საყლაპავი მილი
  • კუჭი

სხეულის დისმორფული აშლილობა

გარეგნობით უკმაყოფილო ქალბატონებზე ვისაუბრეთ და აუცილებლად უნდა ვახსენოთ მამაკაცებიც. კვლევების თანახმად, სპორტდარბაზში მოვარჯიშე ყოველი 10 მამაკაციდან ერთს დისმორფული აშლილობა – კუნთოვანი დისმორფია აწუხებს.

ჯანმოს ინფორმაციით, ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს საკუთარი გარეგნობა იმდენად არ მოსწონთ, რომ თვითშეფასება უქვეითდებათ, სოციალურ ურთიერთობებს თავს არიდებენ. ასეთი ადამიანი შესაძლოა სახლში ჩაიკეტოს და თვითმკვლელობაზეც კი იფიქროს. კუნთოვანი დისმორფიის მქონეთა ამოცნობა განმეორებითი ქცევით შეიძლება – ისინი მუდმივად იმოწმებენ კუნთებს და სხვებს ეჯიბრებიან.

ვის ემართება?

კუნთების დისმორფული აშლილობა უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ, 20-30 წლის ასაკობრივ ჯგუფს. დაავადებულთა უმრავლესობა ბოდიბილდინგითაა დაკავებული.

მიზეზი გენეტიკურ ფაქტორთან ერთად, სავარაუდოდ, ის გარემოცაა რომელმაც დაბალი თვითშეფასება გამოიწვია. ასეთი ადამიანები თავის სხეულს სუბიექტურად აფასებენ და იდეალის ძებნაში არც ტრავმებს და ზღვარგადასულ ვარჯიშს ერიდებიან. მძიმე რეჟიმს შფოთვის და დეპრესიის გამოწვევა შეუძლია.

გახსოვდეთ, რომ..

ფსიქიკური აშლილობა განაჩენი არ არის და ამ დიაგნოზით ცხოვრება ნამდვილად შეიძლება. მაშინაც კი როცა საქმე ისეთ მძიმე აშლილობას ეხება, როგორიცაა შიზოფრენია, მკურნალობას შედეგი მოაქვს. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ამ დიაგნოზით.

ამ დაავადებებთან თანაცხოვრებისთვის ოჯახის წევრების და მეგობრების, ისევე როგორც საზოგადოების მხარდაჭერა ზოგჯერ გადამწყვეტია.

მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ იზრუნოს დაავადებულთა ინტეგრაციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე.

პრევენციისთვის კი კარგი იქნება, თუკი ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას რეგულარულად შეიმოწმებთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს ჩვევად აქცევთ.