Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
დიაბეტი md.ge

რა სიმპტომებით ამოვიცნოთ დიაბეტი – ნიშნები, რისკფაქტორები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მატებით. არსებობს დიაბეტის სხვადასხვა ტიპები, მათგან ყველაზე გავრცელებულია პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი. ამ უკანასკნელზე შემთხვევათა 90% მოდის.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებს და მოზარდებს ემართებათ. მას ახასიათებს მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომატიკა, საკმაოდ აგრესიული მიმდინარეობა. ამ დროს ორგანიზმი შეცდომით ებრძვის საკუთარ ქსოვილებს და ანადგურებს ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს პანკრეასში. შედეგად ეს ჰორმონი საჭიროზე გაცილებით ნაკლები ოდენობით ან სრულებით აღარ წარმოიქმნება. ეს კი  სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ინსულინის არარსებობის დროს ვითარდება  ჰიპერგლიკემია, რაც იწვევს სისხლძარღვების, გულის, თირკმლების, თვალის, ნერვული სისტემის მძიმე ხარისხის დაზიანებებს. ხშირად ვითარდება ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარეობა-კეტოაციდოზი.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომებია:
  • წყურვილისა და შიმშილის გამძაფრებული შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • საერთო სისუსტე
  • წონაში უმიზეზოდ კლება
  • მხედველობის დაქვეითება
  • პირის სიმშრალე

ტიპი ორი დიაბეტი უმეტესად მოწიფულ და ასაკოვან პირებს ემართებათ. დაავადება შედარებით მშვიდად იწყება, პრედიაბეტის ფაზაში ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, თუმცა შემდეგ, როდესაც ორგანიზმს ხვდება რაიმე ტიპის სტრესი, მაგალითად ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პრობლემები, ამის ფონზე გამოვლინდეს. ნებისმიერი ინფექციის დროს, მაგალითად – კოვიდის დროსაც ხდება მისი გამოვლენა.

მეორე ტიპის დიაბეტს აქვს ორი ძირითადი გამომწვევი მიზეზი:  

  • უჯრედები სხვადასხვა ქსოვილებში არიან რეზისტენტულები ინსულინის მიმართ, რაც ნიშნავს რომ ორგანიზმში მიუხედავად იმისა რომ არის საკმარისი რაოდენობით ინსულინი უჯრედები ვერ აღიქვამენ ამ ჰორმონს, რომელიც მათ  როგორც წესი გლუკოზის ათვისებაში ეხმარება. შესაბამისად ინსულინის რეზისტენტობის დროს ვერ ხდება ორგანიზმის მიერ გლუკოზის ეფექტური მოხმარება და სისხლში რჩება აუთვისებელი გლუკოზის მაღალი დონე.
  • პანკრეასი გარკვეული მიზეზების გამო ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდნეობით ინსულინს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სიმპტომები თანდათანობით ვითარდება და შესაძლოა, დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ზოგჯერ დიაგნოზს შემთხვევით, რიგითი გამოკვლევის შედეგად სვამენ. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

ზოგადად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დიაბეტის დიაგნოზის მაჩვენებლები მსოფლიოში გაორმაგებულია და ივარაუდება, რომ უახლოეს ათ წელიწადში

რიცხვები გასამმაგდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სიმპტომებია:
  • შიმშილის აუტანლობა
  • ხელების და შინაგანი კანკალი
  • შინაგანი აფორიაქება
  • წონაში უმიზეზოდ მატება,
  • ტკბილზე გაძლიერებული მოთხოვნა
  • საკვებზე დამოკიდებულება

ტიპი ორი დიაბეტი საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რადგან ხშირად მხოლოდ პირველი გართულებისას ვლინდება და ადამიანმა შეიძლება წლები იცხოვროს შაქრის მაღალი მაჩვენებლებით. დიაბეტის დროულად აღმოჩენის ერთადერთი გზა პერიოდულად

კვლევების ჩატარებაა, რადგან სიმპტომები რიგ შემთხვევაში ისეთია, რომ დიდი შანსია სხვა რამეს დაუკავშიროთ. მაგალითად, წყურვილი – მარილიანი საკვების მიღებას, ხშირი შარდვა – გაციებას და ა.შ.

დიაბეტის ტიპი 2-ის დროს შაქარზე სამუდამო უარის თქმაა საჭირო?

შაქრიანი დიაბეტის ნებისმიერი ტიპის არსებობის დროს შაქრის გამოყენება აკრძალულია. ასევე დაუშვებელია შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტი,

როგორიცაა თეთრი პური, მაღალკალორიული ხილი, კრემიანი ნამცხვრები, ტკბილი წვენები. ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმები ამ პროდუქტის მცირე დოზით გამოყენებას უშვებენ.

სასარგებლოა – ზღვის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, საქონლის, ინდაურის,

კურდღლის და ქათმის ხორცი. ადამიანებს ვისაც აქვთ მიდრეკილება დიაბეტისკენ

შეუძლიათ კვება ისე დააბალანსონ, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე სამუდამო უარი არ თქვან. არაბალანსირებული კვება არის ყველაზე დიდი პრობლემა.

შაქარზე უარის თქმა დიაბეტის პრევენციაა?

რაციონიდან შაქრის ამოღება ხელს უწყობს დიაბეტის თავიდან არიდებას, მაგრამ ეს დიაბეტისგან არ გვიცავს. ნებისმიერი ნახშირწყალი, რომელიც ხვდება ორგანიზმში, ის იშლება გლუკოზის დონემდე და ტვინი აღიქვამს სწორედ გლუკოზის დონეს და არა იმას ნამცხვარი მივირთვით თუ ხაჭაპური. მხოლოდ შაქრის შეზღუდვა არ არის დიაბეტისგან თავის დაცვა, აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება ბალანსირებულ, ჯანსაღ კვებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს და ნახშირწყლების იმ რაოდენობით მიღებას, რაც

კონკრეტული ადამიანის ნივთიერებათა ცვლის, მისი გენეტიკური ანამნეზისთვის არის მისაღები.

დიაბედის განვითარების რისკ-ფაქტორები

გენეტიკა

არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ვინც ტიპი ორი დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფში იმყოფება. პირველ რიგში ეს არიან ადამიანები, ვისაც აქვს ე.წ. გენეტიკური განწყობა. მაგალითად, თუ ოჯახურ ანამნეზში არის დაფიქსირებული ტიპი ორი დიაბეტი, თუ ის ჰქონდა დედ-მამას, ბებიას, ბაბუას, მამიდას ანდაც დეიდას. ასეთმა ადამიანმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ დიაბეტი არ განუვითარდეთ. შესაბამისი გენის არსებობა არ გულისხმობს დაავადების უპირობოდ განვითარებას. თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ზუსტად იცავს ექიმის რეკომენდაციას, მაშინ დიაბეტისგან თავის დაცვაც შეუძლია.

ჭარბი წონა

სწორია მოსაზრება, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, უფრო ხშირად ემართებათ დიაბეტი, ვიდრე გამხდარ ადამიანებს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ შეიძლება არ ჰქონდეს ჭარბი წონა ადამიანს , მაგრამ დაემართოს ტიპი 2 დიაბეტი. სტატისტიკურად დიაბეტი ტიპი 1 ნორმალური ან დეფიციტური წონის მქონე ადამიანების დაავადებაა, დიაბეტი ტიპი 2 კი უფრო ჭარბწონიან ადამიანებს ემართებათ.

ზოგადად, დიაბეტი უმიზეზოდ არასდროს ჩნდება, ამიტომ, თუ ადამიანს წინასწარი განწყობა აქვს ან კარგავს მგრძნობელობას საკუთარი ინსულინის მიმართ, ის  უკვე დაავადების განვითარების საფრთხის წინაშეა.

გარდა გენეტიკისა, მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სიმსუქნე, რადგან წარმოუდგენელია ჭარბი წონა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის გარეშე. ცნობილია, რომ ტიპი ორი დიაბეტით დაავადებული ადამიანების 80%-ს აქვს ჭარბი წონა ან აწუხებს სიმსუქნე, რაც ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას მსოფლიოს მოსახლეობის 40% ებრძვის.

გარდა გენეტიკური განწყობისა და სიმსუქნისა, ცხადია არსებობს სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებიც, რაც ხელს უწყობს ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას. მათ შორის არის ხანგრძლივი ნერვული სტრესი, რომელმაც გენეტიკური განწყობის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს მისი განვითარება.

საშიშია თუ არა ტკბილეულის სიყვარული?

მოსაზრება, რომ თუ ადამიანს ძალიან უყვარს ტკბილეული, ის მიდრეკილია დიაბეტისკენ სიმართლესთან გარკვეულწილად ახლოს არის. ცნობილია, რომ ადამიანები, ვისაც უყვართ ტკბილი, მიდრეკილი არიან ჭარბი წონისკენ, ჭარბი წონის ადამიანებს კი უფრო დიდი შანსი აქვთ განუვითარდეთ მეორე ტიპის დიაბეტი. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ, ჭარბად მოიხმარენ მას, მაგრამ არ აქვთ გენეტიკური მიდრეკილება და შესაბამისად დიაბეტიც არ უვითარდებათ. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ნივთიერებათა ცვლის მახასიათებელი გააჩნია, ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, რომ ვისაც ტკბილი უყვარს აუცილებლად დიაბეტი დაემართება – არასწორია.

დიაბეტის პრევენცია

დიაბეტის პრევენცია შესაძლებელია. მთავარია, სიმპტომატიკის გამოვლენისთანავე პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, რადგან სწორედ დროული მკურნალობაა დაავადების თავიდან აცილების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზა.

ზოგადად, ტიპი 1 დიაბეტის პრევენციის მეთოდი ჯერჯერობით უცნობია. ეს მეცნიერების სამომავლო გამოწვევად რჩება. ტიპი 2-ის თავიდან აცილება კი შესაძლებელია.

– არაერთი კვლევით ვლინდება, რომ დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ამცირებს. ჯანსაღი, ნაკლებ კალორიული

საკვები სისხლში გლუკოზის დონესაც ამცირებს და წამლების მიღების საჭიროებასაც.

– მაღალი რისკის მქონე ადამიანებს შორის დღემდე ჩატარებული ყველა გამოკვლევის მიხედვით, დიაბეტის განვითარებას ხელს უფრო მეტად ცხოვრების წესის შეცვლა უშლის და მედიკამენტები ნაკლებად შედეგიანია.

იკურნება თუ არა?

დიაგნოზირებული დიაბეტის დროს, გართულებები რომ არ განვითარდეს და ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე არ აისახოს, ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. დღეს მედიცინა სინათლის სიჩქარით ვითარდება, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ და მომავალში იმის თქმის საშუალებაც გვექნება, რომ დიაბეტი განკურნებადია.

დიაბეტი ორსულებში

გლუკოზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნივთიერებათა ცვლაში. ის წარმოადგენს ენერგიის წყაროს როგორც დედის, ასევე ნაყოფის და მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გლუკოზის კონტროლი საშუალებას გვაძლევს დროულად აღმოვაჩინოთ არსებული ან მოსალოდნელი დარღვევები და დროულად ჩავატაროთ საპროფილაქტიკო ღონისძიებები, რათა თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები. თუ დიაგნოზირებულია დაავადება, გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს, დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, მისი სწორად მართვის საშუალება გვეძლევა.

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში ორსულობის 24-ე კვირაზე იმ ქალბატონებისთვის არის სავალდებულო, რომლებსაც ორსულობის დადგომამდე არ აღენიშნებოდათ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. მეორე ტრიმესტრში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შანსი იზრდება და მეტია რისკი, რომ ორსულებს განუვითარდეთ გესტაციური დიაბეტი. ეს მიდგომა არ ეხებათ იმ ქალბატონებს, რომლებსაც ორსულობის დადგომამდე აღენიშნებოდათ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა.

უნდა დაზუსტდეს, რომ მხოლოდ 24-ე კვირაზე აღნიშნული კვლევა არ არის

საკმარისი, ასევე მნიშვნელოვანია მე-10, მე-12 კვირა, მე-18 კვირა, 28-ე კვირა და 32-ე კვირა. ასეთი მკაცრი მონიტორინგი ექიმს დაავადების პრევენციის და დროული

მკურნალობის საშუალებას აძლევს.

გესტაციური დიაბეტი ისევე საზიანოა დედისთვის, როგორც ნაყოფისთვის. დედის შემთხვევაში ყველაზე ხშირი გართულება არის დიაბეტის განვითარება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ორსულთა ჰიპერტენზია, რომელიც თავის მხრივ შეიძლება გართულდეს ეკლამფსიით და პრეეკლამფსიით. ეს ყველაფერი შესაძლოა საშარდე სისტემის დაზიანებით და თირკმლის უკმარისობით დასრულდეს.

ნაყოფის შემთხვევაში ყველაზე ხშირი გართულება არის მაკროსომია, ანუ დიდი ზომის ნაყოფი, რაც თავის მხრივ სამშობიარო ტრავმატიზმის რისკს ზრდის. ასევე მოსალოდნელია ფილტვის, გულსისხლძარღვთა სისტემის განვითარების პრობლემები და სხვა გართულებები.

დიაბეტი, რა ტიპისაც არ უნდა იყოს, არ არის განაჩენი და ამ პროცესის მართვა სრულიად შესაძლებელია. თანაც ისე, რომ გართულებები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. დედები ხშირად ფიქრობენ, რომ როდესაც მათ აქვთ რაიმე სახის დიაბეტი, მათ შვილს აუცილებლად ექნება იგივე დაავადება, რაც სწორი არ არის. წინასწარგანწყობა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ გენის მატარებლობა არ ნიშნავს იმას, რომ დიაბეტი გარდაუვალია.

გესტაციური დიაბეტის დროს პირველ რიგში სწორი რაციონი დგება. შემდეგ კი მედიკამენტოზური მკურნალობაც ინიშნება, ორსულობის დროს ინსულინის მართვა ხდება ინსულინოთერაპიით.

გესტაციური დიაბეტის დროს, როგორც კი მთავრდება ორსულობა, ინსულინოთერაპია უწყდება პაციენტს. ინსულინი ნაყოფს არ ვნებს და მთელი რიგი გართულებების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

დიაბეტი ბავშვებში

მავნე ტკბილეულმა და ზოგადად არაჯანსაღმა საკვებმა ბავშვებში ჭარბწონიანობა გამოიწვია, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარების ერთ-ერთი რისკ- ფაქტორია. ადრე ითვლებოდა, რომ ახალგაზრდებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი და 25 წლამდე ყველა დიაბეტი ტიპი 1 იყო, ახლა კი ასე აღარ არის.

სამწუხაროდ, პირველი ტიპის დიაბეტი არაპროგნოზირებადი დაავადებაა და მისი განვითარების მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ვიცით, რომ ესაა კუჭქვეშა

ჯირკვლის ბეტა-უჯრედების ავტოიმუნური დესტრუქციის შედეგად გამოწვეული

დაავადება, ანუ ორგანიზმში ის უჯრედები ზიანდება, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ, თუმცა, რა არის ამგვარი დაზიანების მიზეზი, ბოლომდე შესწავლილი არ არის.

დიაბეტის მართვა ბავშვებში რთული სულაც არ არის. საჭიროა კვების რეჟიმის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. მედიკოსთა ნაწილის აზრით, დაავადების სწორად მართვის შემთხვევაში დიაბეტით დაავადებული ბავშვი, უფრო

სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე მისი თანატოლი, რომელიც საერთოდ არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე. დღეს, თანამედროვე ინსულინის და სხვა საშუალებების წყალობით სხვადასხვა რისკები მინიმუმამდეა შემცირებული.

მკურნალობა

ნებისმიერი ტიპის დიაბეტის მკურნალობა დიეტით იწყება, მედიკამენტური

მკურნალობა უკვე მეორე ეტაპია, თუმცა არა ყველასთვის. პირველი ტიპის დიაბეტი –

ინსულინის დეფიციტით მიმდინარე მდგომარეობაა, ამიტომ მსგავსი პაციენტები მკურნალობას დიეტით და ინსულინოთერაპიით იწყებენ, მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კი, როცა ადამიანს აქვს საკუთარი ინსულინი და ზოგჯერ ჭარბიც, მას

ტაბლეტებით თერაპიის კურსი ენიშნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რადგან ყველა პაციენტს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი

მედიკამენტები სჭირდება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია საერთო მდგომარეობის გათვალისწინება, რადგან თუ მაღალმა გლიკემიამ ღვიძლი, თირკმელები ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა დააზიანა, მაშინ შესაძლებელია ინსულინოთერაპიის საწყის ეტაპზე დანიშვნაც.

პრეპარატმა უნდა გაააქტიუროს ან ხელი შეუწყოს ინსულინის გამომუშავებას. არის შემთხვევები, როდესაც მეორე ტიპის მკურნალობის დროს პაციენტს ინსულინოთერაპია დასჭირდეს, მაგრამ როგორც კი სისხლში შაქრის დონე დარეგულირდება და დაზიანებული ორგანოების ფუნქცია გამოსწორდება, ტაბლეტებს დაუბრუნდება.

ინსულინი

ყველა პრეპარატი, რომელიც არასწორად იქნება გამოყენებული მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუ ინსულინს საჭირო დოზით ვიყენებთ, მას გვერდითი ეფექტი არ ექნება. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება და სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. რაც შეეხება პრეპარატს, დღეს ის წარმოადგენს სინთეზურ ანალოგს ადამიანის ორგანიზმში გამოყოფილი ინსულინისა, ანუ ის არის იდეალურად მიახლოებული იმ ნივთიერებასთან, რომელსაც გამოყოფს ორგანიზმი. 21-ე საუკუნეში ინსულინი

საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, რადგან მისი შემადგენლობა ბუნებრივი ინსულინის იდენტურია.

პანდემია და დიაბეტი

მაშინ როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, დიაბეტით დაავადებული ადამიანები კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში არიან. სხვადასხვა

მაჩვენებლები მათ კიდევ უფრო ხშირად უნდა აკონტროლონ, რადგან კორონავირუსი რთული ვირუსია, რომლით ინფიცირებაც, სხვა ინფექციების მსგავსად, ანთებით პროცესებს და შაქრის დონის მატებას იწვევს.

უნდა იცოდეთ:

1. ყოველწლიურად 3.2 მილიონი ადამიანის სიკვდილი შაქრიან დიაბეტთან არის დაკავშირებული.

2. 35-დან 64 წლამდე ასაკის ათი გარდაცვლილიდან ერთის სიკვდილის მიზეზი მაინც შაქრიანი დიაბეტია.

3. შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობდა.

4. შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა ნახევარი 70 წელზე ნაკლები ასაკისაა, 55% ქალია.

5. მთელ მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი, სულ მცირე, 220 მილიონ ადამიანს აქვს.

6. ექსპერტები დაავადების გლობალურ მატებას ვარაუდობენ, მიზეზი – მსოფლიოს მოსახლეობისა და ხანდაზმულთა წილის მატება, სიმსუქნე, არაჯანსაღი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესია.

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200