Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ფარისებრი ჯირკვლის კიბო წარმოადგენს კისრის წინა ნაწილში არსებული პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოს – ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებიდან განვითარებულ სიმსივნეს. ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე, არეგულირებენ გულისცემის სიხშირეს, არტერიულ წნევას, სხეულის ტემპერატურასა და სხეულის მასას.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, საწყის ეტაპზე, შესაძლოა, არ ახლდეს რაიმე სიმპტომი, მაგრამ დაავადების პროგრესირებასთან ერთად იწყება ისეთი სიმპტომების გამოვლინება, როგორებიცაა: ტკივილი და კისრის კონტურის ცვლილება.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რამდენიმე ტიპი არსებობს. ზოგი მათგანისთვის დამახასიათებელია ნელი ზრდა, ზოგი მათგანი კი პროგრესირებს ძალიან სწრაფად და ხასიათდება აგრესიულობით. ხშირ შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა წარმატებით ხდება.

ბოლო პერიოდში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სიხშირე იზრდება.

სიმპტომები

როგორც აღვნიშნეთ, საწყის ეტაპზე, ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. დაავადების პროგრესირებას თან ახლავს სიმპტომების გამოვლენა. სიმპტომები მოიცავს:

  • კვანძები კისრის არეში, რომელებიც, შეიძლება, ხელითაც იგრძნობოდეს;
  • ხმის ტემბრის ცვლილება, ხმის ჩახლეჩა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • კისრისა და ყელის ტკივილი;
  • კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.
მიზეზები

ზუსტი მიზეზი, რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, უცნობია.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც მის უჯრედებში ხდება პერმანენტული გენეტიკური ცვლილებები – მუტაციები. მუტაციების გაჩენა უჯრედს აძლევს საშუალებას გამრავლდეს უკონტროლოდ და სწრაფად. გარდა ამისა, უჯრედები კარგავენ პროგრამირებული სიკვდილის – აპოპტოზის უნარს. აპოპტოზი ანუ უჯრედთა პროგრამირებული სიკვდილი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა,  უჯრედთა რაოდენობის მუდმივობისა და ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის. ასეთი არანორმალური უჯრედები, რომელთაც აქვთ უკონტროლოდ გამრავლებისა და გადარჩენის უნარი, გროვდებიან და იწვევენ ჯერ მხოლოდ ირგვლივ მყოფი უჯრედების ჩანაცვლებას, ხოლო შემდეგ, იწყებენ მიგრაციას – მეტასტაზირებას შორსმდებარე ქსოვილებში.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტიპები

იმის მიხედვით, თუ ფარისებრი ჯირკვლის რომელი უჯრედებისგან არის სიმსივნე განვითარებული, განასხვავებენ მის რამდენიმე ტიპს. სიმსივნის ტიპირების დადგენა ხდება სიმსივნური ქსოვილის მიკროსკოპული შესწავლის საფუძველზე. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტიპის დადგენას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მკურნალობისა და პროგნოზის განსაზღვრისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტიპებია:

  • პაპილარული კიბო. იგი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმაა. პაპილარული კიბო ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედებიდან. ფოლიკულური უჯრედები წარმოქმნიან და იმარაგებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს. პაპილარული კიბო შესაძლოა, განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მისი სიხშირე ყველაზე მეტია 30-დან 50 წლამდე ასაკში. პაპილარული და ფოლიკულური კიბოები ერთიანდებიან დიფერენცირებულ ფორმაში.
  • ფოლიკულური კიბო. ფოლიკულური კიბოც ფოლიკულური უჯრედებიდან ვითარდება. იგი, ჩვეულებრივ, ვითარდება 50 წლის ზემოთ პოპულაციაში.
  • ანაპლაზიური კიბო. ანაპლაზიური კიბო საკმაოდ იშვიათია. იგი აღმოცენდება ფოლიკულური უჯრედებიდან, ახასიათებს სწრაფი ზრდა და რთულია სამკურნალოდ. ფარისებრი ჯირკვლის ანაპლაზიური კიბო, ტიპურად, გვხვდება 60 წლის და უფროსი ასაკის პოპულაციაში.
  • მედულური კიბო. მედულური კიბო ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებიდან. აღნიშნული უჯრედები წარმოქმნიან ჰორმონ კალციტონინს. მედულური კიბოს ადრეული გამოვლინება შეიძლება იყოს კალციტონინის რაოდენობის მომატება სისხლში. მედულური კიბოს რისკი იზრდება ზოგიერთი გენეტიკური სინდრომის დროს.
  • სხვა იშვიათი ტიპები. იშვიათი სიმსივნეები, რომლებიც ვითარდება ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება იყოს ლიმფომა და სარკომა. ლიმფომა ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის იმუნური უჯრედებიდან, ხოლო სარკომა ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის შემაერთებელი ქსოვილიდან.
რისკ-ფაქტორები

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს, მოიცავს:

  • მდედრობითი სქესი. ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, ვიდრე კაცებში.
  • რადიაციის ზემოქმედება. რადიაცია, რომელიც გამოიყენება სხვა დაავადებების სამკურნალოდ თავისა და კისრის მიდამოში, ზრდის ფარისებრი ჯირკვლის განვითარების რისკს.
  • გარკვეული გენეტიკური სინდრომები. გენეტიკური პათოლოგიები, რომლებიც ზრდიან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს, მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მედულური კიბოს ოჯახური ფორმა, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია, კოუდინის სინდრომი და ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი.
გართულებები

რეციდივი

მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის კიბო დაბრუნდეს, მაშინაც კი, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ქირურგიულად ამოკვეთილია. ეს ხდება მაშინ, როდესაც სიმსივნური უჯრედები ვრცელდებიან ჯირკვლის გარეთ.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივი შესაძლოა განვითარდეს:

  • კისრის ლიმფურ კვანძებში;
  • ფარისებრი ჯირკვლის იმ მცირე ნაწილიდან, რომელიც შესაძლოა, დარჩეს ოპერაციის მიუხედავად;
  • სხეულის სხვა ნაწილები, მაგალითად, ფილტვები და ძვლები.

რეციდივის მკურნალობა შესაძლებელია.

პრევენცია

ხშირ შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზები უცნობია. აქედან გამომდინარე, ის პირებში, რომლებიც იმყოფებიან საშუალო რისკის ქვეშ, პრევენცია გართულებულია.

პრევენცია მაღალი რისკის მქონე პირებში

ბავშვები და ზრდასრულები, რომელთაც აღენიშნებათ გარკვეული გენების თანდაყოლილი მუტაციები, რომლებიც ზრდიან მედულური კიბოს განვითარების რისკს, შესაძლოა დაექვემდებარონ პროფილაქტიკურ თიროიდექტომიას, კიბოს  განვითარების საპროფილაქტიკოდ.

პრევენცია ბირთვულ რეაქტორთან მომუშავე პირებში

ბირთვულ რეაქტორთან ან სხვა რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მომუშავე პირებში, შესაძლოა, გამოყენებული იქნას ისეთი პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ რადიაციულ ეფექტს. ბირთვულ რეაქტორზე მომხდარი ინციდენტების დროს, რა დროსაც, ხდება რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა, გამოიყენება კალიუმის იოდიდი.

დიაგნოზი

ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოსტიკო ტესტები და პროცედურები მოიცავს:

  • ფიზიკური გამოკვლევა. კისრისა და ფარისებრი ჯირკვლის ხელით გასინჯვა მნიშვნელოვანია კვანძოვანი წარმონაქმნებისა და ლიმფური კვანძების შესაფასებლად.
  • სისხლის გამოკვლევა. სისხლის გამოკვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა.
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა. ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპიური გამოკვლევა) იყენებს მაღალი სისხშირის ბგერით ტალღებს, რომლებიც განსხვავებულად აირეკლებიან ან შთაინთქმებიან სხვადასხვა ფორმისა და სიმკვრივის ქსოვილების მიერ. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიისთვის გადამწოდი თავსდება კისრის წინა ქვედა ნაწილზე. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ არის თუ არა კვანძები ან არსებული კვანძები საეჭვოა თუ არა ავთვისებიანობაზე.
  • ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია. წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსია, ფარისებრი ჯირკვლის საეჭვო კვანძების კვლევის ოქროს მეთოდია. იგი ითვალისწინებს კანის გავლით, დამიზნებით წვრილი ნემსის შეყვანას არსებულ კვანძში, რა დროსაც, ხდება მცირე ქსოვილოვანი ნიმუშის აღება. აღებული ნიმუში შემდგომი კვლევისთვის იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც ხდება მისი როგორც მორფოლოგიური, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გენეტიკური შესწავლა.
  • სხვა გამომსახველობითი კვლევები. იმისათვის, რომ გაირკვეს, სიმსივნური პროცესი შემოიფარგლება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლით, და არის ლოკალიზებული, თუ გავრცელებული სხეულის სხვა ნაწილებზეც, გამოიყენება ისეთი კვლევები, როგორებიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და რადიოაქტიური იოდით კვლევა.
  • გენეტიკური კვლევები. ფარისებრი ჯირკვლის მედულური კიბოს დროს, შეიძლება აღინიშნებოდეს ისეთი გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ასევე ასოცირებულნი არიან ენდოკრინულ სხვა სიმსივნეებთან.
მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, სტადიასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ფონზე სრულიად იკურნება.

ქირურგიული მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტები, როგორც წესი, ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას. ოპერაციული ჩარევის ტიპი დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და ზომაზე, ასევე მისი გავრცელებასა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ მონაცემებზე.

ფარისებირი ჯირკვლის კიბოს სამკურნალო ოპერაციები მოიცავს:

  • ფარისებრი ჯირკვლის სრული ან მისი უმეტესი ნაწილის მოცილება (თიროიდექტომია). აღნიშნული ოპერაციის დროს, ხშირად, ქირურგი ტოვებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მცირე ნაწილს პარათიროიდული ჯირკვლების მიმდებარედ, რათა არ დაზიანდეს ისინი. პარათიროიდული ჯირკვლები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სისხლში კალციუმის დონის რეგულაციაში.
  • ფარისებრი ჯირკვლის ნაწილის მოცილება (თიროიდული ლობექტომია). ლოკობექტომიის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ერთი ნახევრის მოცილება. აღნიშნული მოწოდებულია იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე არ სცილდება ერთ ნაწილს, არის ლოკალიზებული და ნელა მზარდი.
  • კისრის ლიმფური კვანძების მოცილება (ლიმფური კვანძების დისექცია). ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ, შესაძლებელია საჭირო გახდეს ლიმფური კვანძების ამოკვეთაც. ოპერაციული მასალა ექვემდებარება შემდგომ შესწავლას.

ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები გარკვეული რისკების შემცველია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სამედიცინო პროცედურა. რისკები, შესძლოა, მოიცავდეს სისხლდენას ან ინფექციებს. ოპერაციის დროს შესაძლოა, დაზიანდეს პარათიროიდული ჯირკვლები, რის გამოც ირღვევა კალციუმის დონე.

ზემოთხსენებულის გარდა, არსებობს კონკრეტული ნერვების დაზიანების რისკიც, რაც გამოიწვევს მბგერავი იოგების პარალიზს, ხმის ჩახლეჩვას, ხმის ტემბრის ცვლილებას ან სუნთვის გაძნელებას. ადექვატური მკურნალობის ფონზე, შესაძლებელია დაზიანებული ნერვის გამო არსებული მდგომარეობის სრულად აღდგენა ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია

თიროიდექტომიის შემდეგ, ორგანიზმში აღარ არის ქსოვილი, რომელიც მოახერხებს ფარისებრი ჰორმონების გამომუშავებას. აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ჰორმონების გარედან მიღება წამლების სახით. როგორც წესი, გამოიყენება ლევოთიროქსინი (ლევოქსილი, სინთროიდი და სხვები) და სხვები.

ამ პრეპარატების მიღებას აქვს ორი დადებითი ეფექტი: იგი უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი ჰორმონებით და ამცირებს თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონეს, ჰიპოფიზიდან მისი გამომუშავების დათრგუნვის გზით. თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონს (TSH) შეუძლია მოახდინოს დარჩენილი სიმსივნური უჯრედების სტიმულირება და მათი ზრდა-გამრავლება.

რადიოაქტიური იოდი

მაღალი დოზით რადიოაქტიური იოდი გამოიყენება თიროიდექტომიის შემდგომ დარჩენილი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელი და სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. რადიოაქტიური იოდი ასევე გამოიყენება დაავადების რეციდივების დროს.

რადიოაქტიური იოდის მიღება ხდება ან კაფსულების სახით ან სითხის სახით. მისი შეთვისება ხდება, პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვლის დარჩენილი ნორმალური და სიმსივნური ქსოვილის მიერ, ხოლო მცირედით, სხვა ქსოვილების მიერ, შესაბამისად მისი ზოგადი დამაზიანებელი ეფექტი ძალიან დაბალია.

რადიოაქტიური იოდის გვერდიფი ეფექტები შეიძლება იყოს:

  • პირის სიმშრალე
  • პირის ღრუს ტკივილი
  • თვალის ანთებითი რეაქცია
  • სუნისა და გემოს შეგრძნების დარღვევა
  • დაღლილობა

მიღებული რადიოაქტიური იოდის უდიდესი ნაწილი ორგანიზმს მიღებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, უპირატესად, შარდის გზით ტოვებს. პრეპარატის მიღებასთან ერთად, გაიცემა რეკომენდაციები და ინსტურქციები იმის თაობაზე, თუ როგორ დაიცვათ თქვენს ირგვლივ მყოფები შესაძლო რადიაციისგან. მაგალითად, მოგეცემათ რეკომენდაცია, რომ მოერიდოთ ბავშვებთან და ორსულებთან ახლო კონტაქტს.

გარეგანი რადიაციული თერაპია

რადიაციული თერაპია შესაძლებელია ასევე ჩატარდეს სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. აღნიშნული ხელსაწყო ასხივებს მაღალენერგეტიკულ სხივებს, მაგალითად, X სხივები და პროტონები და მიმართავს მათ სხეულის კონკრეტული ნაწილისკენ.

გარეგანი სხივური თერაპია რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ ვერ ტარდება ქირურგიული მკურნალობა. სხივური თერაპია რეკომენდირებულია ასევე იმ შემთხვევაში, როცა ოპერაციის შემდეგ, ეჭვია, რომ შესაძლოა, დარჩენილი იყოს სიმსივნური ქსოვილი.

თარგეთული თერაპია

თარგეთული პრეპარატები გამოიყენება სპეციფიკური სამიზნე მოლეკულების წინააღმდეგ, რომლებიც არსებობენ სიმსივნურ უჯრედებზე. კონკრეტული სამიზნე მოლეკულების ბლოკირებით, იწვევენ სიმსივნურ უჯრედთა გამრავლების შეჩერებას და მათ სიკვდილს.

სიმსივნურ ქსოვილში ალკოჰოლის ინექცია

ალკოჰოლით სიმსივნური ქსოვილის აბლაცია გულისხმობს ნემსით ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეში ალკოჰოლის შეყვანას, ულტრასონოგრაფიული კონტროლის ქვეშ. აღნიშნული პროცედურის შედეგად ხდება სიმსივნური წარმონაქმნის შემცირება.

ალკოჰოლით აბლაციის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც წარმონაქმნი ძალიან მცირე ზომის არის და არაა საჭირო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ამ მეთოდის გამოყენება ხდება, ასევე, ოპერაციის შემდგომ, ლიმფურ კვანძებში მეტასტაზის სამკურნალოდ.