
ვიტამინი B5 – პანტოთენის მჟავა – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე
პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) კოენზიმ A-სა და ფოსფოპანტოთეინის შემადგენელი კომპონენტია და მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, ასევე, ქოლესტეროლის, სტეროიდების, ფოსფოლიპიდების, კეტოსხეულებისა და ყველა იმ კომპონენტის სინთეზში, რომელიც წარმოიქმნება იზოპრენოიდისაგან. გარდა ამისა, პანტოთენის მჟავა ჩართულია ცილების აცეტილირების პროცესსა ნეიროტრანსმიტერების, მაგალითად, აცეტილქოლინის სინთეზში. ამ ვიტამინის გამოყოფა ხდება შარდთან ერთად, შესაბამისად მისი ლაბორატორიული განსაზღვრა შარდში მისი განსაზღვრის გზით წარმოებს.
ამ ვიტამინით მდიდარია საკვები პროდუქტები. ვიტამინი B5 განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის ღვიძლში პარკოსან მცენარეებში, კვერცხის გულში, მთლიან მარცვლეულსა და ბოსტნეულში. ადამიანში პანთოთენის მჟავას დეფიციტი იშვიათობას წარმოადგენს. მისი სიმპტომები არასპეციფიკურია და მოიცავს კუჭნაწლავის მხრივ დარღვევებს, დეპრესიას, კუნთების ტკივილს, პარესთეზიებს, ატაქსიასა და ჰიპოგლიკემიას. ასევე აღწერილია მისი როლი აკნეს გამოწვევაში. ასევე პანტოთენის დეფიციტია ისეთი იშვიათი დაავადების გამომწვევი, რომელიც მწველი ტერფის სინდრომის სახელითაა ცნობილი. ვიტამინის ტოქსიურობა აღწერილი არ არის.
სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი