Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
რჩევები md.ge

რჩევები 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის – რომელი დაავადებების რისკები იზრდება და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

რჩევები 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის – ხშირად გვსმენია, რომ ქალის ცხოვრება 40 წლის შემდეგ იწყება. ეს ასეც არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ წლებთან ერთად ჯანმრთელობაც იცვლება და გარკვეული რისკები ჩნდება. ხოლო, როცა იცით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, გართულებების წარმოქმნის შანსი ბევრად ნაკლებია.

წარმოგიდგენთ იმ პრობლემების სიას, რომელსაც 40 წელს გადაცილებული ქალბატონები აწყდებიან. ცოდნა ძალაა და პრევენციული ღონისძიებები ნებისმიერ ასაკში ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

გულის დაავადება

იცოდით, რომ გულის დაავადება 40 წელს გადაცილებულ მანდილოსნებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია? ქალბატონებო ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა!

მნიშვნელოვანია ამ დაავადების ნიშნებისა და მიზეზების ცოდნა, რათა გართულებები თავიდან აიცილოთ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არასწორი კვება, მოწევა, ცხოვრების უმოძრაო წესი, იწვევს გულის დაავადებას და გულის შეტევის რისკსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

გულის შეტევის სიმპტომები ქალებში ასე გამოიყურება:

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის ტკივილი, ზეწოლა და დისკომფორტი მკერდის არეში. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მძიმე ან ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი. ზოგჯერ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ გულის შეტევა გულმკერდის ტკივილის გარეშეც.

გულის შეტევის სხვა ნიშნებია:

  • კისრის, მხრის და მუცლის დისკომფორტი;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • ტკივილი მხრების მიდამოებში ;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • გულძმარვა;
  • მადის დაკარგვა;
  • ოფლიანობა;
  • თავბრუსხვევა;
  • არაბუნებრივი დაღლილობა.

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, ვიდრე აშკარა გულმკერდის ტკივილები. საინტერესოა, რომ ქალებში  სიმპტომები უფრო ხშირად დასვენების ან ძილის დროს ვლინდება. ასევე, მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს  სტრესმაც.

გულის დაავადება მხოლოდ ასაკოვან ქალბატონებს აწუხებთ?

არა. გულის დაავადებები გვხვდება ნებისმიერი ასაკის ქალებში. უბრალოდ 40 წელს გადაცილებულმა მანდილოსნებმა და მათ ვისაც აღნიშნული პრობლემა გენეტიკაში აქვს, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

გულის დაავადებების რისკების შემცირება

ქალებს ცხოვრების წესის შეცვლით, გულის დაავადებების გაჩენის ალბათობის შემცირება შეუძლიათ.

ვარჯიში – თუკი სპორტული დარბაზი დიდად არ გიზიდავთ, შეგიძლიათ ისეირნოთ, იაროთ ველოსიპედით, წახვიდეთ აუზზე ან თქვენთვის უფრო საინტერესო ფიზიკური აქტივობა იპოვოთ.

ჯანსაღი კვება – შეეცადეთ შეზღუდოთ ზედმეტი ცხიმები, ნახევარფაბრიკატები, სწრაფი კვება. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული.

ძილი – ძილი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

ვიტამინების დეფიციტი

ვიტამინები ორგანული ნაერთებია, რომელებიც  ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ვიტამინების დეფიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს პრობლემა, განსაკუთრებით კი არაჯანსაღი დიეტის დროს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ვიტამინების დეფიციტი უფრო ხშირი შემთხვევაა და შესაძლოა ბევრი სიმპტომი და მდგომარეობა გამოიწვიოს. მსოფლიოში განსაკუთრებით გავრცელებულია D ვიტამინის დეფიციტი და რომელიც, განაპირობებს ისეთ გართულებას, როგორიცაა ძვლის მასის დაქვეითება (40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ეს ბუნებრივად ემართებათ, თუმცა D ვიტამინის დეფიციტი პრობლემას აჩქარებს) და ოსტეოპოროზი.

D ვიტამინი, რომელსაც მზის ვიტამინსაც უწოდებენ გავლენას ახდენს:

  • იმუნურ სისტემაზე;
  • ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე;
  • ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ასაკის მატებასთან ერთად სხეულის მდგომარეობა უარესდება და პირველ რიგში ეს სწორედ ძვლებს შეეხება. შეივსეთ დანაკლისი D ვიტამინით და ძვლების ჯანმრთელობისთვის რეგულარული ვარჯიშიც არ დაგავიწყდეთ.

D ვიტამინის სიმცირე ასევე დაკავშირებულია დეპრესიასთან და სეზონურ ემოციურ აშლილობასთან, წონის დარღვევასთან, სასუნთქი სისტემების ინფექციურ დაავადებებთან.

როგორ მივხვდეთ გვაქვს თუ არა D ვიტამინის დეფიციტი?

  • კანის სიმშრალე
  • გახშირებული თმის ცვენა
  • სუსტი ფრჩხილები
  • ჭარბი ოფლიანობა.

გარდა D ვიტამინისა, შესაძლოა აღინიშნოს რკინის, B ვიტამინის და რიბოფლავინის დეფიციტიც. მათ შორისაა, B12 ვიტამინი, რომელიც B ჯგუფის ვიტამინია და მეტაბოლიზმის დარეგულირებაში, ნერვული სისტემის მუშაობასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს.

B12 ვიტამინის დეფიციტი ქალებში ვლინდება:

  1. ფერმკრთალი კანით
  2. მუდმივი დაღლილობით
  3. კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევით
  4. ოსტეოპოროზით (დაავადება, რომელიც ძვლის ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითებით გამოიხატება და ამ დროს  მოტეხილობების რისკი ძალიან მაღალია.)
  5. ფსიქიკური დარღვევებით
  6. ტაქიკარდიით
  7. იმუნიტეტის დაქვეითებით.

კიბოს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გაზრდილი რისკი:

სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად მრავალი სერიოზული დაავადების გაჩენის ალბათობა იზრდება. ამის მაგალითებია, მსხვილი ნაწლავის კიბო, ძუძუს კიბო, დიაბეტი და კანის კიბო. ყველა ამ პრობლემის პრევენცია და ადრეული გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი და მათი სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად გაზარდეთ.

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ქალებში 30-დან 40 წლამდე ასაკში მკვეთრად იზრდება და ის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული დაავადება შესაძლოა ყოველ მეათე ქალს გამოუვლინდეს.

მსოფლიოში დაავადების გავრცელება არათანაბარზომიერია. მაგალითად: ამერიკაში და შვედეთში ქალთა სიმსივნურ დაავადებას შორის ის  პირველ ადგილს იკავებს და 20–24 % –ს შეადგენს.

ყოველ 100 000 ადამიანზე ძუძუს კიბოთი ავადობის მაჩვენებელი ამა თუ იმ ქვეყანაში ასე გამოიყურება: ამერიკა – 59,5, დანია  – 23, იტალია  – 14, იაპონია  – 3, საქართველო  – 52,4. სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება

ბევრი ფაქტორი, როგორიცაა კვება, ზოგადი ჯანმრთელობა და გარემო, ამ დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის, თუმცა ასაკიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 30 წლის ასაკში, მკერდის კიბოს განვითარების რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე 40 წლის ასაკში. სულ რაღაც 10 წელიწადში ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა რეგულარული ხასიათის უნდა იყოს. ყოველწლიურად მამოგრაფიის ჩატარება  ამცირებს კიბოს შანსებს, არამედ მისი განვითარების შემთხვევაში დროულ მკურნალობას უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, 35-55 წლის ასაკის ქალებში ძუძუს კიბო ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა, ხოლო  საერთო ასაკობრივ ჯგუფში მას მეორე პოზიცია უკავია. ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 20% სწორედ ძუძუს კიბოზე მოდის.

რისკ ფაქტორები:

  • ალკოჰოლი
  • ნიკოტინი
  • ჭარბი წონა
  • ძუძუს კეთილსინდისიერი პათოლოგიები
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
  • პირველი მშობიარობა 30 წლის შემდეგ
  • უშვილობა
  • ჰორმონალური წამლები
  • კონტრაცეპტივი

სიმპტომები

  • სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;
  • ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;
  • ძუძუს ფორმის შეცვლა;
  • ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;
  • კანის დანაოჭება;
  • სტრუქტურის შეცვლა;
  • მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესივება.

თუკი ამა თუ იმ სიმპტომს აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ძუძუს კიბოს დროულად აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი თითქმის 100%-ია.

საშვილოსნოს ყელის კიბო

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებით მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. ამ დაავადებით მსოფლიოში ყოველწლიურად  500 000 ქალი ავადდება. ბოლო ათწლეულში დანერგილი პრევენციული  ღონისძიებების წყალობით, განვითარებულ ქვეყნებში ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში სიმსივნე კვლავ საკმაოდ აქტიურია.

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?

  • ადრეული სქესობრივი აქტივობა;
  • მრავალი სქესობრივი პარტნიორი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • აბორტები;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • სქესობრივი კავშირის დროს თავდაცვაზე უარის თქმა;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მოხმარება (5 წელზე მეტი) ;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (მათ შორის აივ-ინფექცია);
  • HPV ინფექცია.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალური კიბოა, ამიტომ სექსუალურად აქტიურმა ქალბატონებმა პაპ ტესტი ყოველწლიურად უნდა აიღონ. პაპ ნაცხი კიბოსწინარე ან კიბოს უჯრედების არსებობას ადგენს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი ბევრად მაღალია, როდესაც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ხდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) იწვევს. არსებობს HPV-ს 100-ზე მეტი ტიპი, რომელსაც ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც შემუშავდა, რაც ყველაზე საშიში ტიპებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი ორსულობა

დიახ, ქალბატონებო, ორსულობა 40 წლის შემდეგაც შესაძლებელია! როგორც არაერთი კვლევით დგინდება, რატომღაც ბევრი ქალი ფიქრობს, რომ 40 წლის შემდეგ შობადობის კონტროლი საჭირო აღარ არის. ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა.

ყველა ქალის სხეული განსხვავებულია და არ არის დადგენილი ერთი ასაკი, რომლის შემდეგაც ორსულობა აღარ დგება. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა 40 წლის შემდეგაც სრულებით შესაძლებელია, ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის.

40 წლის ქალბატონებმა კარგად უნდა იცოდნენ ის რისკები, რომელიც მათთვის და მათი მომავალი შვილისთვის არსებობს.

შესაძლოა პრობლემური მშობიარობა, ორსულობამდე არსებული მდგომარეობის გართულება (დიაბეტი, გულის პრობლემები ან მაღალი წნევა) ან თუნდაც პრეეკლამფსია. აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ გენეტიკური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად მაღალია. ამიტომ, თუკი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტთ, უმჯობესია მანამდე ყველა საჭირო კვლევა ჩაიტაროთ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ.

ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ:

  • მიიღოთ ჯანსაღი საკვები;
  •  თვალი ადევნოთ წონის ნამატს;
  • უარი თქვათ სიგარეტზე, ალკოჰოლზე;
  • თვითნებურად ნუ დალევთ მედიკამენტებს;
  • ერიდეთ სტრესს.

უნაყოფობა

ქალის ჯანმრთელობა 40 წლის შემდეგ და რეპროდუქტიულობის უნარი ნელ-ნელა უარესდება. ბევრი წყვილი აწყდება ჩასახვის პრობლემას სტრესისა და ოჯახის გვიან ასაკში შექმნის გამო. ასაკის მატებასთან ერთად წარმატებული ნაყოფიერების მაჩვენებელი მცირდება, ორსულობის გართულებები კი იზრდება.

რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების მონაცემებით, 30 წლის ჯანმრთელი ქალის დაორსულების ალბათობა თვის განმავლობაში სულ რაღაც 20%-ია, ხოლო 40-ს მიტანებულის – 5%.

გარდა ასაკისა უნაყოფობის რისკ-ფაქტორებს შორისაა:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები;
  • არასწორი და არასრულფასოვანი კვება;
  • თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება;
  • ენდოკრინოლოგიური დაავადებები.

უშვილობის პრევენციისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრება, რაც გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას და სწორ კვებას.

სპეციალისტები წყვილებს ასევე ურჩევენ, რომ პრენატალური ჯანმრთელობის შესამოწმებლად კონსულტაცია გაიარონ, ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები.

სისხლის შედედება

ბუნებრივია, სისხლის შედედება ზემოთ ხსენებული სხვა გართულებების მსგავსად, შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იყოს პრობლემა. 40 წელს გადაცილებულ ქალებს ამ გართულების განვითარების უფრო დიდი რისკი აქვთ და ბევრი ჩვენგანი გამაფრთხილებელ ნიშნებს დიდი ხანი არ აქცევს ყურადღებას.

თუკი წვივები შეშუპებული გაქვთ, გაწუხებთ ტკივილი, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები. უმჯობესია თუკი სიტუაციის გართულებას არ დაელოდებით და პრობლემას დროულად მოაგვარებთ, რამეთუ ის შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იყოს.

სისხლის შედედების ნიშნებია:

  1. კანის სიწითლე
  2. შეშუპება
  3. სითბო კანში
  4. თავბრუსხვევა
  5. გულისცემის გახშირება
  6. დაღლილობა
  7. ცხელება
  8. ტკივილი იმ მიდამოში სადაც სისხლი შედედებულია.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი ბოლო პერიოდში ყველა ასაკობრივ ჯგუფში ძალიან გაიზარდა. თუმცა, 40 წელს გადაცილებულ მანდილოსნებს ამ პრობლემის გაჩენის ალბათობა ბევრად მაღალი აქვთ. ასეთ დროს წონა და დიეტაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელსაც „მოზრდილთა“ დიაბეტსაც უწოდებენ, როგორც წესი სწორედ 40 წლის შემდეგ ვითარდება. დაავადება სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზე წარმოიქმნება. მას ხშირად წინ უძღვის შეცვლილი მეტაბოლური მდგომარეობა. ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს ინსულინი ნორმაზე მაღალიც აქვთ ხოლმე, თუმცა პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა მის მიმართ დაქვეითებულია.

დიაბეტის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია:

  • სიმსუქნე
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • ქოლესტერინის ცვლის დარღვევა

დიაბეტის სიმპტომები ქალებში:

დიაბეტის სიმპტომები ქალებში ხშირად იგივეა, რაც მამაკაცებში. ერთადერთ სპეციფიკურ სიმპტომად სპეციალისტები ვაგინალურ ინფექციას თვლიან.

დანარჩენი სიმპტომებია:

  • წყურვილი
  • ხშირი შარდვა
  • სოკოვანი ინფექციები
  • წონაში კლება
  • დაღლილობა
  • მხედველობის დაქვეითება
  • მეხსიერების პრობლემები

შაქრიანი დიაბეტი 45-დან 54 წლამდე მანდილოსნებში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მე-6 ადგილს იკავებს, ამიტომ დროულად ჩაიტარეთ კვლევები. ჯანსაღი კვება და ვარჯიში დაგეხმარებათ არსებული რისკების შემცირებაში. შესაბამისი ანალიზების აღება კი ძალიან მარტივია და ამიტომ დიდ ხანს ნუ გადადებთ.

მენოპაუზა

ეს კი ნამდვილად ძალიან ცნობილი მდგომარეობაა. მენოპაუზას 40 წელს გადაცილებული ყველა ქალი გადის, ზოგი ადრე ზოგიც უფრო გვიან. მენოპაუზა გარდაუვალია, თუმცა მასთან დაკავშირებული დისკომფორტი შეიძლება შემსუბუქდეს; იქნება ეს უძილობა, ცხელება, განწყობის ცვალებადობა თუ დეპრესია. არსებობს გზები ამ სიმპტომების ეფექტურად მართვისთვის და ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

მენოპაუზა ასაკში შესვლის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც ძირითადად 45-55 წლის ასაკში იწყება, მაშინ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენის ჰორმონის დონე მცირდება.

დიდ ბრიტანეთში მენოპაუზის საშუალო ასაკი არის 51 წელი, თუმცა ზოგიერთი ქალი მენოპაუზას განიცდის 40 წლამდე ასაკშიც. ამას ეწოდება მოუმწიფებელი მენოპაუზა, ან საკვერცხის ნაადრევი განლევა.

სიმპტომები:

ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება იმდენად მძიმე იყოს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა.

  • სხეულის სიმხურვალე (ალები);
  • ოფლიანობა ღამით;
  • ვაგინალური სიმშრალე და დისკომფორტი სქესობრივი ურთიერთობისას;
  • ძილის გაძნელება;
  • უხასიათობა;
  • მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემები;
  • ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე;
  • ●       თავის ტკივილი;
  • გახშირებული გულისცემა.

ქალბატონები აწყდებიან ასევე პერიმენოპაუზას (პრემენოპაუზას) ანუ მენოპაუზის პირველ ეტაპს.  პერიმენოპაუზა ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს და აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ სიმპტომების შესამსუბუქებლად. ქალებს პერიმენოპაუზა სხვადასხვა ასაკში ეწყებათ, პირველი ნიშნები როგორიცაა მენსტრუალური ციკლის არევა, შესაძლოა 40 წლის ასაკში აღინიშნოს. ზოგიერთი ქალი კი ამ ნიშნებს 30 წლიდანაც ამჩნევს.

გამომწვევი მიზეზი

პერიმენოპაუზურ ასაკში ორგანიზმში ესტროგენისა პროგესტერონის დონეები სწრაფად იცვლება. ამ მდგომარეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი ესტროგენის დონის შემცირებაა.

მთავარი სიმპტომებია:

  • მენსტრუალური ციკლის არევა
  • წამოხურება და ძილის პრობლემები
  • განწყობის ცვლილება
  • ვაგინალური და შარდის ბუშტის პრობლემები
  • შვილოსნობის დაქვეითება
  • ძვლის კარგვა
  • ქოლესტერინის დონეების ცვლილება

მენოპაუზის დროს ქალებში კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა ვაგინალური ატროფია (სიმშრალე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოში დისკომფორტი, ხშირი შარდვა და საშოს ქსოვილების გათხელება. რაც თავის მხრივ ინფექციის და მტკივნეული სექსის მიზეზი ხდება.

ეს პრობლემა ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება შეექმნას, თუმცა ამ მდგომარეობაში ძირითადად მაინც მენოპაუზის მქონე ქალბატონები არიან.

და ბოლოს, მენოპაუზის დროს შესაძლოა განვითარდეს გულის დაავადებები, დიაბეტი და ოსტეოპოროზი. ამიტომ ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

რა არის ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცისა და ხარისხის დაქვეითებით გამოიხატება.

ეს დაავადება ქალების დიდი პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში ოსტეოპოროზის ყველა შემთხვევიდან 80% ქალბატონებზე მოდის. ძვლის დაქვეითება ქალის ასაკში შესვლის ნაწილია და მენოპაუზის შემდეგ შესაძლოა პიკს მიაღწიოს. მნიშვნელოვანია, რომ მენოპაუზის დროს ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად იზრუნოთ, მიიღოთ D ვიტამინი, ივარჯიშოთ, სწორად იკვებოთ და თუკი სულ მცირე რისკ-ფაქტორი მაინც არსებობს, შესაბამისი კვლევები ჩაიტაროთ.

ასთმა

ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ თუკი ასთმა გაქვთ, მაშინ ის აუცილებლად ბავშვობაში განვითარდა. არადა ჰორმონალურ ცვლილებებს (როგორიცაა პერიმენოპაუზის და მენოპაუზის დროს) ასთმის დაწყებისთვის ხელის შეწყობა შეუძლია.

ასთმის სიმპტომებია:

  • გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა, რაც სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული;
  • ხიხინი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ამოსუნთქვისას;
  • ხველის გაძლიერება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას.

სიმპტომები შესაძლოა სხვადასხვა სიძლიერის და სიხშირის იყოს და ამის მიხევდით ასთმა – მსუბუქი, საშუალო ან მძიმეა.

თუკი გაწუხებთ მტკივნეული, მუდმივი ხველა, სუნთქვის გართულება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასთმა განკურნებადია, მას შემდეგ რაც დიაგნოზი დაისმება, დაავადებების გამოვლინების მართვა ან სრულად გაქრობა რეალურია.

ინსულტი

ქალებს ინსულტი ძალიან ხშირად ემართება, თუმცა უმრავლესობა ამ ფაქტს სამწუხაროდ, უგულებელყოფს. 40 წელს გადაცილებული მანდილოსნები კიდევ უფრო მაღალ რისკ ჯგუფში იმყოფებიან, განსაკუთრებით კი მაშინ თუკი მათ აქვთ HRT (ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია, როგორიცაა ესტროგენის მიღება) მენოპაუზის დროს და მის შემდეგ.

ინსულტის განვითარების მაპროვოცირებელია სისხლის შემადედებელი სისტემის გააქტიურება და რისკ ფაქტორებს წარმოადგენს:

  • გულის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ძლიერი სტრესი, ემოციები
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ჭარბი წონა
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი
  • არტერიული ჰიპერტენზია

გახსოვდეთ ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშნები:

• უეცარი თავის ტკივილი

• თავბრუსხვევა

• ორიენტაციის, კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევა

• გონების დაკარგვა

• გულისრევა

• კიდურებში ძალის დაკარგვა, დაბუჟება

• მეტყველების გაძნელება

• სახის მიმიკის დარღვევა, ასიმეტრია

• მხედველობის გაორება, დაკარგვა.

ინსულტის პრევენცია შესაძლებელია!

რისკების შესამცირებლად სასურველია:

  • აკონტროლოთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში
  • დაარეგულიროთ სისხლის წნევა
  • არ მიიღოთ ბევრი ალკოჰოლი
  • მიირთვათ ჯანსაღად
  • ივარჯიშოთ
  • აკონტროლოთ წონა
  • მოერიდოთ სტრესს

გახსოვდეთ!!!

ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის რეგულარულად შემოწმება. ეს არა მხოლოდ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს პრობლემებს, არამედ დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში. სექსუალურად აქტიურმა ქალებმა ყოველ წელს უნდა გაიარონ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. 40 წელს გადაცილებულებმა  უნდა იფიქრონ მამოგრაფიაზე ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელ, ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის.

მენოპაუზის შემდეგ, ქალებს (განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში) შეუძლიათ გაიარონ ძვლის სიმკვრივის ტესტი ოსტეოპოროზის შესამოწმებლად.

პრევენცია უკეთესია ვიდრე მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყეთ მკურნალობა. ასაკი მხოლოდ ციფრებია, მთავარია თქვენი განწყობა და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა.

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200